Connect with us

საკითხავი

სუფრის ძმრის გამოყენების უჩვეულო მეთოდები

რა შეგიძლიათ გააკეთოთ სუფრის ძმრით? Alltime.ge–ს რედაქცია 15 სასარგებლო იდეას გიზიარებთ.

ტანსაცმლის ფერს ინარჩუნებს

თუ რეცხვის დროს ნივთების გაუფერულების გეშინიათ, ძველი, გამოცდილი მეთოდი სცადეთ. ტანსაცმელი 15 წუთით ტაშტში ცივი წყლის და ნახევარი ჭიქა ძმრის ნარევში ჩაალბეთ. შემდეგ ჩვეული მეთოდით გარეცხეთ.

ტანსაცმელს ათეთრებს

ტანსაცმლის გავლების დროს ძმარი დაუმატეთ, შემდეგ კიდევ ერთხელ გაავლეთ, რომ სუნი არ დარჩეს. ძმარი შეგიძლიათ სარეცხ მანქანას დაუმატოთ, გამოიყენეთ „დამატებითი გავლების“ პროგრამა.

ონკანს წმენდს

გაუზავებელ ძმარში ქაღალდის პირსახოცი დაასველეთ, შემდეგ იმ ადგილას შემოახვიეთ, სადაც კირის ნადებია. ზუსტად 1 საათით გააჩერეთ, შემდეგ ღრუბლით გაწმინდეთ.

მინას და სარკეს აპრიალებს

ძმარი ერთ–ერთი საუკეთესო საშუალებაა ასეთი ზედაპირებისთვის, რადგან ზოლებს არ ტოვებს. შეგიძლიათ მინის საწმენდი თავად მოამზადოთ. სპრეი ბოთლში ძმარი და წყალი თანაბარი პროპორციით აურიეთ.

პირებს წმენდს

დანა, ბასრი მაკრატელი ან ბაღის სეკატორი რომ გაასუფთავოთ, საკმარისია მათი პირები ძმრით გაწმინდოთ, ზემოდან ცოტა მარილი მოაყაროთ და ზედაპირი ღვინის საცობით გახეხოთ. ასეთი მარტივი პროცედურის შემდეგ ცივი წყალი გაავლეთ და კარგად გაამშრალეთ, რომ ჟანგი არ გაჩნდეს.

სუნს აქრობს

სინესტის ან თამბაქოს უსიამოვნო სუნი რომ გააქროთ, რომელთაც ავეჯის გადასაფარებლები, ფარდები ან ხალიჩები იწოვს, ფართო თეფში რამდენიმე სანტიმეტრით ძმრით გაავსეთ და ღამით ოთახში დატოვეთ.

ნაგვის ყუთის უსიამოვნო სუნს აქრობს

ნაგვის ყუთის საშინელი სუნის მოსაშორებლად ზოგჯერ კონტეინერის გარეცხვა საკმარისია. ამ შემთხვევაში, წყლით გამორეცხვის შემდეგ გრძელხელიანი ჯაგრისი აიღეთ, ძმარში დაასველეთ და კონტეინერის გვერდები გახეხეთ. ამის შემდეგ კვლავ წყალი გაავლეთ.

ჭიანჭველებს აფრთხობს

ამ მწერებმა თქვენი სახლისკენ მიმავალი გზა რომ დაივიწყონ, ძმარი წყალში 1:1 პროპორციით გააზავეთ, სპრეი ბოთლში გადაიტანეთ, შემდეგ იმ ადგილებს შეასხით, სადაც ჭიანჭველებს ხშირად ხედავთ. ასევე დაამუშავეთ ბაღის ავეჯი და პატიო, თუ აქაც გაწუხებთ.

საშხაპის თავს წმენდს

საშხაპის თავს კირის ნადები რომ მოაშოროთ, პარკი გაუზავებელი ძმრით გაავსეთ და ჩამოაცვით, რეზინით დაამაგრეთ. მთელი ღამე გააჩერეთ, შემდეგ ძველი კბილის ჯაგრისით გახეხეთ.

სარეველებს ანადგურებს

ჰერბიციდები ნატურალური საშუალებებით შეცვალეთ! სარეველები ძმრით დანამეთ და 1–2 დღეში ძირითადი ნაწილი განადგურდება, ხოლო დარჩენილი ნაწილი ძმრის განმეორებით პროცედურას ვეღარ გადაურჩება. მსგავსი მეთოდების გამოყენება ბაღის ბილიკის ხვრელებში განსაკუთრებით მოსახერხებელია.

ხალიჩიდან ლაქებს აქრობს

წყალი და ძმარი თანაბარი პროპორციით აურიეთ, ნარევი ლაქას დაასხით და 5 წუთით გააჩერეთ. შემდეგ სუფთა ჩვრით გახეხეთ. ხალიჩა ახალივით იქნება.

უნიტაზს წმენდს

უნიტაზის კედლებს ნადები და ჟანგი რომ მოაშოროთ, ცოტა ძმარი მოასხით და ზუსტად 1 საათით გააჩერეთ.

რეზინის სათამაშოები გარეცხეთ

საბავშვო სათამაშოებს აბაზანა მოუწყვეთ. ტაშტი თბილი წყლით გაავსეთ, ნახევარი ჭიქა ძმარი დაუმატეთ და სათამაშოები მასში 10 წუთით ჩააწყვეთ. შემდეგ ღრუბლით გახეხეთ. სხვა ყველაფერთან ერთად, ძმარი შესანიშნავი სადეზინფექციო საშუალებაა.

ფეხსაცმელი გადაარჩინეთ

ტყავის და ზამშის ფეხსაცმელი წვიმის ან მარილის გამო ხშირად ზიანდება. სუფრის ძმარში დასველებული ქაღალდის პირსახოცით გაწმინდეთ. ძმარი მარილს შლის.

ავეჯზე იზრუნეთ

ძველ კარადას, ბუფეტს ან კომოდს ნესტის სუნი რომ არ ჰქონდეს, პლასტმასის კონტეინერი ძმრით გაავსეთ, შემდეგ თავსახური ან პარკი დააფარეთ და რამდენიმე ადგილას გახვრიტეთ. კონტეინერები მთელი ღამე თაროებზე დააწყვეთ ან ყუთებში ჩადეთ. დილით ძმარში დასველებული ჩვრით კარადების შიდა კედლები გაწმინდეთ.