Connect with us

ყვავილები

სოდას, მდოგვს და საფუარს ბოსტნის მოსავლელად ვიყენებ. კულტურები ძლიერდება და მოსავალი იზრდება

დღეს ნებისმიერი სახის სასუქი და მავნებლის საწინააღმდეგო საშუალება შეგიძლიათ იყიდოთ, მაგრამ მათში გარკვეული უნდა იყოთ. Alltime.ge–ს რედაქცია მარტივ გზას გთავაზობთ. ბაღ–ბოსტნის მოსავლელად ჩვეული საშუალებები გამოიყენეთ. როგორიცაა სოდა, მდოგვი და საფუარი. მაგალითად, სოდის ხსნარით ლოქორას, მწერებს და მავნებლებს ბოსტნიდან მოიშორებთ. გასწავლით, როგორ გამოიყენოთ.

სოდის გამოყენების მეთოდები

სოდა ჩვენს ჯანმრთელობას და გარემოს არ აზიანებს. ნებისმიერი კულტურა უშიშრად შეგიძლიათ დაამუშავოთ. სოდის ხსნარი კიტრის, ყაბაყის და გოგრის ფოთლებს ნაცროვან ნადებს მოაშორებს. თუ ყურძნის ფოთლებს და ნაყოფს 14 დღიანი ინტერვალით სოდის ხსნარს შეასხურებთ, ყურძნის ლპობას მოიშორებთ ან თავიდან აიცილებთ.

პომიდორი სოდის და წყლის ნარევით დარგვისთანავე მორწყეთ, რომ ფიტოფთოროზი თავიდან აიცილოთ. კიტრის სიყვითლის მოსაშორებლად 10 ლ წყალს 1 ს/კ სოდა დაუმატეთ და ფესვების ქვეშ კვირაში ერთხელ მორწყეთ.

მუხლუხის მოსაშორებლად 5 ს/კ სოდა 1 ვედრო წყალს დაუმატეთ და პულვერიზატორით ხის გვირგვინი დაასველეთ. ეფექტის გასაძლიერებად 3 დღეში მოქმედება გაიმეორეთ. კომბოსტოს მუხლუხის და ლოქორას მოსაშორებლად ფოთლებს მშრალი სოდა მოაყარეთ. ლოქორას შეგროვების ადგილზე და მთელ ბილიკზე მშრალი სოდა დაყარეთ. ნაკვეთზე, სადაც სოდა დაყრილია, ბუგრი, ცხვირგრძელა, ჭიანჭველა არ ჩერდება.

მდოგვის გამოყენების მეთოდები

მდოგვის ფხვნილი ლოქორას მოგაშორებთ. ასე მარწყვი, კომბოსტო და პომიდორი ჯანმრთელი გაიზრდება. ბუგრებს, ნაყოფჭამიას, ჩრჩილს და მხერხავსაც ებრძვის. 100 გ მდოგვის ფხვნილი და 10 ლ ცხელი წყალი აურიეთ. 1 დღე გააჩერეთ. ამის შემდეგ თანაბარი პროპორციით საპნის ხსნარი დაუმატეთ.

მდოგვიანი წყალი ხეხილის და ბუჩქების დასანამად გამოგადგებათ, 2 კვირაში ერთხელ გამოიყენეთ. ბოლოს მოსავლის აღებამდე 2 კვირით ადრე დაამუშავეთ. მდოგვი კოლორადოს ხოჭოსაც გაუმკლავდება, თუ მანამდე მდოგვის ნარევი გამოყენებული არ გქონდათ (ხოჭო საშუალებას სწრაფად ეგუება). 10 ლ წყალს 100 გ მდოგვის ფხვნილი, 50 გ სარეცხი საპონი, 100 გ ძმარმჟავა დაუმატეთ. ხსნარი გადაწურეთ და კარტოფილის, ბადრიჯნის და პომიდვრის დასამუშავებლად გამოიყენეთ.

მდოგვი მიწის შემადგენლობას აუმჯობესებს, ადეზინფექცირებს და აკეთილშობილებს. მულჩის ფენას ქმნის და სარეველებს ზრდაში ხელს უშლის. მდოგვის თესლი დათესეთ: კვალში დაშორება 10 სმ, რიგებს შორის – 20 სმ. 5 დღეში აღმონაცენი გამოჩნდება.

მწვანე სასუქის მოთიბვიდან 1–2 თვეში მთავარი მცენარე შეგიძლიათ დარგოთ. მეთოდი სათბურშიც გამოგადგებათ. მოსავლის აღების შემდეგ შემოდგომაზე გამოიყენეთ.

საფუარის გამოყენების მეთოდები

პურის საფუარი ოთახის, დეკორატიული და ნაყოფიერი კულტურების გამოსაკვებად შეგიძლიათ გამოიყენოთ. კარტოფილის, ნივრის და ხახვის გარდა ყველა მცენარეს შეეფერება. 200 გ საფუარი 1 ლ წყალში გახსენით, რამდენიმე საათით გააჩერეთ, შემდეგ 10 ლ წყალში გააზავეთ და ნერგი მორწყეთ.

პომიდორი საფუარით სამჯერ უნდა გამოკვებოთ. 100 გ საფუარი 10 ლ წყალში გააზავეთ, 2 ს/კ შაქარი დაუმატეთ. 2 საათის შემდეგ 50  წყალი დაუმატეთ და კვლები მორწყეთ. 1–ელი ეტაპი: დარგვიდან 1 კვირაში, მე–2 ეტაპი: გაფესვიანების შემდეგ. მე–3 ეტაპი: ყვავილობის წინ. საფუარის სასუქი შესაფერისია შემდეგი მცენარეებისთვის: კიტრი, წიწაკა, მარწყვი, კომბოსტო და ყვავილები. საფუარი კალმის გაფესვიანებას აჩქარებს, ამიტომ კალამი 1 დღით საფუარის ხსნარში ჩადეთ, შემდეგ სუფთა წყალში გადაიტანეთ. საფუარის ხსნარი ვარდის, დეკორატიული და კენკროვანი ბუჩქების გაფესვიანებასაც ხელს უწყობს.

სურვილის შემთხვევაში, ბოსტანში კულტურული მცენარეების გვერდით შეგიძლიათ დარგოთ ყვავილები, რომლებიც მავნებლებს აფრთხობენ. მაგალითად, ხავერდა აფრთხობს მავნებლებს როგორიცაა ბუგრი, ქინქლი, ჭიანჭველა და ლოქორა, აფრთხობს. მარწყვის, კიტრის და ხახვის გვერდით შესაფერისია. გულყვითელაც გამოგადგებათ, კენკრის და ბოსტნეულის გვერდით დარგეთ.

Advertisement