Connect with us

საკითხავი

სილიკონის ქეისის გაწმენდა: ვუბრუნებთ ძველებურ ბზინვარებას

ალბათ, დღეს სმარტფონზე უფრო სასარგებლო გაჯეტი არ არსებობს. მისი თითქმის უსაზღვრო ფუნქციების გათვალისწინებით ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების უცვლელი ნაწილია, მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, ჩვენი ფულის შემნახველია და არა მხოლოდ. სწორედ ამიტომ, ბევრი ადამიანი ცდილობს, რომ სმარტფონი არა მხოლოდ გატეხვისგან, არამედ მცირე დაზიანებისგან დაიცვას. საბედნიეროდ, ამ მიზნით ბაზარზე სხვადასხვა საშუალება იყიდება.ყველაზე პოპულარული ვარიანტია სილიკონის ქეისი, რადგან იაფია და თავის ამოცანას უმკლავდება. მომხმარებელი კმაყოფილია, სანამ მის წინაშე სხვა ამოცანა არ დგას – სილიკონის ქეისის გაწმენდა.

ქეისი მთელ დარტყმას, რაც სმარტფონს უნდა მიეღო, საკუთარ თავზე იღებს. სილიკონს დრო არ ინდობს, თან მუდმივად მოქმედებასა და დაძაბულობაშია: ჭუჭყიანი ხელები, მტვერი, დავარდნა, მოკლედ ყველაფერი, რაც შეგიძლიათ წარმოიდგინოთ. სწორედ ამიტომ, დროთა განმავლობაში თავის ფერს, ბზინვარებას ან გამჭვირვალობას კარგავს და ყვითლდება. საბედნიეროდ, რამდენიმე მეთოდით შეგიძლიათ ახალი სიცოცხლე აჩუქოთ.

სილიკონის ქეისის გაწმენდა

თეთრი ქეისი

როგორც არ უნდა ეცადოთ, თეთრი ქეისი დროთა განმავლობაში სისუფთავეს კარგავს და მალე ყვითლდება, თან სხვა ქეისებზე უფრო სწრაფად. მისი გაწმენდა მარტივია. 2 მეთოდი არსებობს: პირველი მეთოდისთვის დაგჭირდებათ ძველი კბილის ჯაგრისი და კბილის პასტა. ჯაგრისით პასტა ქეისის მთელ ზედაპირზე თანაბრად გაანაწილეთ და 7-10 წუთით გააჩერეთ, შემდეგ გარეცხეთ. მნიშვნელოვანია, რომ პასტა მანამ მოაშოროთ, სანამ გახმება.

მეორე მეთოდში კბილის პასტის ნაცვლად მათეთრებელი (ქლორს არ უნდა შეიცავდეს) გამოიყენეთ. პროცესი მსგავსია: ქეისს მტვერი მოაშორეთ, მათეთრებელი მთელ ზედაპირზე თანაბრად წაუსვით, შემდეგ გამდინარე წყლით გარეცხეთ. 10 წუთში ქეისი ახალივით იბრწყინებს.

გამჭვირვალე ქეისი

გამჭვირვალე სილიკონის ქეისს ზუსტად ისეთივე პრობლემა აქვს, როგორც თეთრს. დროთა განმავლობაში ყვითლდება და უსიამოვნო შესახედავია. ძველებური გამჭვირვალობის დაბრუნება მარტივია. უბრალო სოდა გამოგადგებათ. გარეცხილი ქეისი თეფშზე დადეთ და სოდა მოაყარეთ. შემდეგ ჯაგრისით კარგად გახეხეთ და გამდინარე წყალში გარეცხეთ.

ამ ამოცანას არაყი ან ეთილის სპირტის ხსნარიც შესანიშნავად უმკლავდება. ქეისი ცოტა ხნით სითხეში გააჩერეთ. სითხე ქეისს ბოლომდე უნდა ფარავდეს. შემდეგ ბამბის დისკებით გაამშრალეთ. სხვათა შორის, ქეისზე ლოკალური ლაქების მოსაშორებლად შეგიძლიათ სპირტის შემცველი სალფეთქი გამოიყენოთ ან უბრალოდ ბამბა სპირტში დაასველოთ და ჭუჭყი გაწმინდოთ.

ფერადი ქეისი

ფერადი ქეისის შემთხვევაში ამოცანა რთულდება, რადგან მის გასაწმენდად აბრაზიული ნივთიერებების გამოყენება არ შეიძლება. ამ შემთხვევაშიც გამოსავალი არსებობს. უმარტივესი ვარიანტი: დიასახლისის საპნით ხსნარი გააკეთეთ და ცოტა ხნით ქეისი მასში ჩადეთ. ახლა ამავე ხსნარში დასველებული ბამბით გაწმინდეთ.

თუ საპონი არ გაქვთ, ლიმონი დაგეხმარებათ. ლიმონის წვენით ან გაჭრილი ხილით სილიკონის ქეისი გაწმინდეთ. მეტი ეფექტისთვის სჯობს გაწმინდოთ და 10-15 წუთით გააჩეროთ. ახლა მხოლოდ გამდინარე წყალში გარეცხვა დაგრჩათ. როგორც ბოლო საშუალება შეგიძლიათ ფერადი ნივთების ნებისმიერი ლაქის ამომყვანი საშუალება გამოიყენოთ. ქეისი შეგიძლიათ ამ საშუალებით გახეხოთ ან მასში ჩაალბოთ.

ნებისმიერი მეთოდი მარტივია და დიდ დროს არ მოითხოვს. მისი ეფექტურობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად დროულად გადაწყვეტთ ზომების მიღებას. სილიკონის ქეისი დროდადრო უნდა გაწმინდოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში სამუდამოდ გაფუჭდება. ღირს კი იმაზე საუბარი, რომ სჯობს ამ მდგომარეობამდე არ მიიყვანოთ?