საკითხავი
სველი თეთრეული სარეცხ მანქანაში. შეიძლება თუ არა დიდხანს დატოვოთ
ზოგიერთი დიასახლისი ჭუჭყიან ტანსაცმელს სარეცხ მანქანაში ღამით რეცხავს. ამბობენ, რომ ასე ნაკლები დენი იხარჯება და დროც იზოგება. რეცხვის პროცესის დასრულების შემდეგ სველი ტანსაცმელი დილამდე დოლურაში რჩება. გასაშრობად და გასაფენად მხოლოდ დილით იღებენ.
ერთი შეხედვით, ამ ჩვევაში ცუდი არაფერია. თუმცა არსებობს 2 ლოგიკური მიზეზი, რატომ არ უნდა დატოვოთ სველი ტანსაცმელი სარეცხი მანქანის დოლურაში დიდხანს. Аlltime.ge–ს რედაქცია ამ მავნე ჩვევის დავიწყებას გირჩევთ, თუ გსურთ, ტანსაცმელი არ დაზიანდეს და უსიამოვნო სუნი არ გაუჩნდეს.
ჩნდება სპეციფიკური სუნი
თუ გარეცხილ სველ ტანსაცმელს სარეცხ მანქანაში დიდხანს დატოვებთ, ქსოვილი დაზიანდება. ქსოვილის სველი ბოჭკოები დახურულ სივრცეში დიდხანს გაჩერებისას მყაყდება. შედეგად, ტანსაცმელზე და სარეცხი მანქანის დოლურაშიც შმორის უსიამოვნო სუნი ჩნდება. ეს სუნი კონდიციონერის არომატთან ერთად სპეციფიკურ სუნს ქმნის.
ამ სუნის მოშორება გაგიჭირდებათ. სუფთა ჰაერზე გაშრობა და განიავება დიდად ეფექტური არაა. გამოდის, თავიდან გარეცხვა მოგიწევთ, თან უფრო მაღალ ტემპერატურაზე. აირჩიეთ მაქსიმალური ტემპერატურა, რომლის გამოყენებაც კონკრეტულ ქსოვილზე შეიძლება. ასე ნივთები გაირეცხება და განახლდება. გამოდის, რომ დაზოგვის ნაცვლად უფრო მეტი დრო, დენი, სარეცხი ფხვნილი, კონდიციონერი და წყალი დახარჯეთ. თუ რესურსების დაზოგვა გსურთ, სველი ტანსაცმელი სარეცხ მანქანაში მთელი ღამე არ გააჩეროთ. 5 წუთი გამოყავით, რომ სარეცხი გაფინოთ. ასე უსიამოვნო სუნს და ქსოვილის დაზიანებას თავიდან აიცილებთ.
ზიანდება დელიკატური ქსოვილი, რომლის აღდგენაც შეუძლებელია
ნატურალური ქსოვილი სველ და თბილ გარემოში ზიანდება. მასზე ნაკაწრები და ნახვრეტები ჩნდება. დაზიანებული ბოჭკოების ადგილზე ქსოვილი იწელება, ფორმას კარგავს და ძველდება.
რა დაემართება ფერად თეთრეულს? ნებისმიერი ფერადი პრინტი მეორე ტანსაცმელზე გადავა და ასე გარდერობის ორი ნივთი ფუჭდება. ამას სველ და დახურულ გარემოში დიდხანს ყოფნა იწვევს.
ეს მიზეზები საკმარისია, რომ სარეცხ მანქანაში სველი ტანსაცმლის დიდხანს აღარ დატოვოთ. პროცესი აკონტროლეთ და გარეცხილი ტანსაცმელი მაშინვე გაფინეთ. ასე ქსოვილი არ დაზიანდება, სასიამოვნო არომატს და ლამაზ გარეგნობას დიდხანს შეინარჩუნებს.