Connect with us

ჯანმრთელობა

სამფერა იას გასაოცარი სამკურნალო თვისებები

სამფერა ია პატარა, მაგრამ ძალიან ლამაზი მცენარეა. ის პრაქტიკულად ევროპის მთელ ტერიტორიაზე გვხვდება. მას იაჟუჟუნასაც უწოდებენ. ეს მოკრძალებული ყვავილი სასარგებლო თვისებების მთელ ნაკრებს მოიცავს.

სამფერა იას სამკურნალო თვისებები მრავალი საუკუნის წინ აღმოაჩინეს. ძველი ბერძნები თვლიდნენ, რომ მასზე მომზადებული ღვინო განსაკუთრებულ თვისებებს იძენს. ასეთ ღვინოს სულის გასამხნევებლად და მძიმე სამუშაო დღის შემდეგ ძალების აღსადგენად იყენებდნენ. ბალახების მცოდნეები იას ჩაის გულისმიერი ტკივილების დროს იყენებდნენ. ძველ წიგნებში ამ ყვავილის გამოყენების უამრავი რეცეპტი გვხვდება. მას ხველის, დიათეზის და აკნეს სამკურნალოდ და ტკივილგამაყუჩებლად იყენებდნენ.

თანამედროვე მედიცინა სამფერა იას სამკურნალო თვისებებს მასში ალკაროიდების (საპონინი, ინულინი, ვიოლინი და სხვა), მინერალების და ეთერზეთების დიდი რაოდენობის შემცველობით ხსნის. მცენარეს მსუბუქი ამოსახველებელი, ანთების საწინააღმდეგო, შარდმდენი, ოფლმდენი და დამამშვიდებელი ეფექტი აქვს. ია კანის სხვადასხვა დაავადების დროს შესანიშნავ დამხმარე საშუალებად ითვლება.

მის ნაყენს ხშირად იყენებენ სებორეას, ეგზემას, ჩირქოვანი გამონაყარის და სხვადასხვა სახის დერმატიტის დროს. საშუალების მოსამზადებლად 2 კოვზი იის ფოთლები, 2 კოვზი ასისთავა, 1 კოვზი სამკურნალო შავთარა, 1 კოვზი დაქუცმაცებული ძაღლყურძენას კვირტები, 1 კოვზი წყლის იელი და 1 კოვზი ევროპული ხარისჩლიქა აურიეთ. ბალახებს 1 ჭიქა ცხელი წყალი დაასხით და 1 საათით დააყენეთ. მზა ნაყენი ფრთხილად გადაწურეთ და 100 მლ ნაყენი დღეში 3-ჯერ დალიეთ.

სამფერა იის ფოთლების და ყვავილების ნაყენი ეფექტურ ამოსახველებელ საშუალებად ითვლება. მას სურდოს ხველის დროს იყენებენ. სამკურნალო საშუალების მოსამზადებლად 10-15 გრ ხმელ იას 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით და 30-40 წუთით დააყენეთ. სითხე აუცილებლად გადაწურეთ და ¼ ჭიქა ნაყენი დღეში 4-ჯერ მიიღეთ.

პიელონეფრიტის და ცისტიტის დროს 1 კოვზი ია, 1 კოვზი დაქუცმაცებული სვიის გირჩა, 3 კოვზი წითელი მოცვის ფოთლები აურიეთ და 300 მლ ცხელი წყალი დაასხით. სამკურნალო საშუალება ბნელ ადგილას მინიმუმ ნახევარი საათით დააყენეთ, შემდეგ გადაწურეთ. ნახევარი ჭიქა ნაყენი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე რამდენიმე წუთით ადრე დალიეთ.

ანთების საწინააღმდეგო თვისებების წყალობით სამფერა ია სამკურნალო კოსმეტოლოგიაში ფართოდ გამოიყენება (მას სებორეასთან ბრძოლაში ხშირად იყენებენ). საშუალების მოსამზადებლად 1 ნაწილი იას ბალახი და 5 ნაწილი ზეითუნის ზეთი აურიეთ, 2-3 საათით დააყენეთ. ნარევი წყლის ორთქლზე ნახევარი საათით გააცხელეთ და გადაწურეთ. იის ზეთი დაზიანებულ თავის კანზე 30-40 წუთით გაიჩერეთ და ჩამოიბანეთ.