Connect with us

ყვავილები

საიმედო მეთოდი, როგორ მოაშოროთ ბუგრები პომიდორს

პომიდორზე ბუგრები ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა, რომელსაც მებოსტნეები პომიდვრის მოყვანისას აწყდებიან. მწერი მცენარის წვენით იკვებება, რითაც გამოუსწორებელ ზიანს აყენებს. ამავდროულად, სოკოვანი დაავადებების მატარებელია, ამიტომ მათთან ბრძოლაც მოგიწევთ.

ბუგრები პომიდორზე

პომიდორზე გვხვდება ბუგრების შემდეგი სახეობები: ატმის, შავი, ბაღჩის და თეთრი. როგორ გავიგოთ, რომ მცენარეს ბუგრები შემოესია? ყველაფერი მარტივია! ყურადღება მიაქციეთ შემდეგ ნიშნებს. ღეროზე და ფოთლის შიდა მხარეს მწერების არსებობა. წებოვანი სუბსტანციის მცირე წვეთები, რომელიც ჭიანჭველებს უყვარს. ყვავილების და ფოთლების დახვევა წვენის დეფიციტის გამო.

ასევე შესაძლებელია დეფორმაცია და პომიდვრის ფოთლების გაყვითლება. მცენარის ზრდის შენელება და დაავადებებისადმი წინააღმდეგობის შემცირება.

თუ პომიდორზე ბუგრები აღმოაჩინეთ, მაშინვე მის განადგურებაზე იზრუნეთ, რადგან მწერი ძალიან ნაყოფიერია და სწრაფად მრავლდება. მავნებლებთან ბრძოლა ქიმიური და ბიოლოგიური პრეპარატებით ან ხალხური მეთოდებით შეგიძლიათ.

ქიმიური პრეპარატები „აქტარა“, „ამპლიგო“, „აკტელიკი“, „ალატარი“, „ბი-58“ და სხვა საშუალებები მწერებს ეფექტურად ებრძვის, მაგრამ ჯანმრთელობას ზიანი შეიძლება მიაყენოს. თუ ქიმიური ინსექტიციდების გამოყენება გადაწყვიტეთ, მისი გამოყენების ინსტრუქცია ყურადღებით წაიკითხეთ. გაითვალისწინეთ დრო, რომელიც უნდა გავიდეს, სანამ პომიდორს საკვებად გამოიყენებთ.

თავდასაცავად გირჩევთ გამოიყენოთ ბიოლოგიური პრეპარატები „აკტაროფიტი“, „აკტავერმი“, „აკტოფიტი“, „ბიტოქსიბაცილინი“, „ლეპიდოციდი“, „ფიტოვერმი“ და მსგავსი, რომელიც ადამიანის ორგანიზმისთვის ტოქსიკური არაა. ამ პრეპარატებით პომიდვრის ბუჩქები პირველი მწიფე ნაყოფის შეგროვებამდე ცოტა ხნით ადრე შეგიძლიათ დაამუშავოთ.

ბუგრების წინააღმდეგ პომიდვრის დამუშავებიდან 1 კვირის შემდეგ პროცედურა გაიმეორეთ, რადგან პრეპარატებმა მწერების კვერცხებზე შეიძლება არ იმოქმედოს და მათი პოპულაცია გაცოცხლდეს. მწერები რომ დააფრთხოთ, ბუჩქების ქვეშ ნიადაგს ყავის ნალექი ან ნაცარი მოაყარეთ.

ხალხური საშუალებები

პომიდორზე ბუგრების მოსაშორებლად გამოიყენება ხალხური საშუალებები.

1. ნივრის ნაყენი. 200 გ ნიორს 3 ლ მდუღარე წყალი დაასხით და 2–3 დღე გააჩერეთ. შემდეგ კიდევ 3 ლ წყალი დაუმატეთ და მიღებული ხსნარით პომიდვრის ბუჩქები დაამუშავეთ.

2. თამბაქოს ნაყენი. თამბაქოს ან წეკოს ფოთლებს წყალი დაასხით და მინიმუმ 1 დღე გააჩერეთ. ამ სითხით მცენარე დაამუშავეთ.

3. ქრისტესისხლას ნაყენი. ქრისტესისხლა დააქუცმაცეთ, მდუღარე წყალი დაასხით და მთელი ღამე გააჩერეთ. ამ წყალში სარეცხი საპნის ნატეხი გახსენით და პომიდორი მორწყეთ.

4. აბზინდას ნაყენი. ვედროს მეოთხედი დაჭრილი აბზინდით გაავსეთ და ცხელი წყალი დაასხით. 1 დღე გააჩერეთ, შემდეგ სითხე გადაწურეთ, კუპრის საპონი დაუმატეთ და მცენარე დაამუშავეთ.

5. სოდა. 3 ს/კ ჩვეულებრივი სოდა 10 ლ წყალში გახსენით და პომიდვრის ბუჩქს შეასხურეთ.

6. სამოგონი. სპირტის შემცველი საშუალება მთელ მცენარეს შეასხურეთ მავნე მწერის სრულად გასაქრობად.

7. სააფთიაქო საშუალება. 1 ს/კ ნიშადურის სპირტი, 1 ს/კ წყალბადის ზეჟანგი და 1 ჭიქა სპირტიანი წყალი 10 ლ წყალში აურიეთ. ამ საშუალებით ბუგრით დაზიანებული მცენარე დაამუშავეთ.

8. კუპრის საპონი. საპონი 1 ლ ცხელ წყალში გახსენით, 1 ჭიქა მცენარეული ზეთი დაუმატეთ და კარგად აურიეთ. მიღებული ნარევი 10 ლ წყალში გააზავეთ და პომიდვრის ბუჩქები დაამუშავეთ.

9. რწყილების საწინააღმდეგო საშუალება. 3 ლ წყალში რამდენიმე ხუფი რწყილების საწინააღმდეგო შამპუნი გახსენით, კუპრის საპონი დაუმატეთ, შემდეგ პომიდორი მორწყეთ.

პომიდორი ბუგრების საწინააღმდეგო საშუალებებით საღამოს ან დილით დაამუშავეთ, როცა ძლიერი ქარი არაა.

Advertisement