ყვავილები
საგანგაშო ჩემოდანი ფიტოფთოროზის დროს: 15 მეთოდი დაავადებასთან საბრძოლველად
ყველა მეაგარაკემ და მებოსტნემ, რომლებიც ნაკვეთზე პომიდორს ზრდიან, ფიტოფთოროზის შესახებ იცის. „პომიდვრის“ დაავადების ამოცნობა რთული არაა: თავიდან სოკო ქვედა ფოთლებს აზიანებს, მასზე მუქ ყავისფერ ლაქებს ტოვებს. შემდეგ დაავადება ვითარდება და საბოლოოდ ნაყოფს უტევს. შედეგი თავადაც იცით: მოსავალი ქრება. ამის თავიდან ასაცილებლად ფიტოფთოროზის საწინააღმდეგო ყველა საშუალება წინასწარ შეისწავლეთ და აირჩიეთ ის, რომელიც თქვენ შეგეფერებათ.
პომიდორი სჯობს პროფილაქტიკის მიზნით წინასწარ დაამუშავოთ. პროფილაქტიკას ზიანი არავისთვის მიუყენებია! თუ ქიმიკატების მოწინააღმდეგე ხართ, Alltime.ge-ს ნაკრები მოგეწონებათ. ყველა მოცემული ფიტოფთოროზის საწინააღმდეგო საშუალება ხალხურია.
თეთრებად ღირებული საშუალებები ფიტოფთოროზის წინააღმდეგ
იოდი
იოდი ეფექტური სააფთიაქო საშუალებაა, რომელიც შეგიძლიათ პროფილაქტიკის მიზნით და დაავადების პირველ ეტაპზე გამოიყენოთ. 2 მლ იოდი 10 ლ წყალში გახსენით და პომიდვრის ბუჩქი დანამეთ.
მარგანცოვკა (კალიუმის პერმანგანატი)
ამ საშუალებასაც ნებისმიერ აფთიაქში თეთრებად იყიდით. ცოტა კალიუმის პერმანგანატი 1 ჭიქა წყალში კარგად გახსენით. ყველა კრისტალი წყალში უნდა გაზავდეს, რომ პომიდვრის ფოთლები არ დაწვათ. ახლა შეგიძლიათ ნარევი 1 ვედრო წყალს აურიოთ და პომიდორი დანამოთ. დარჩენილი სითხით მიწა მორწყეთ.
ბრილიანტის მწვანე
ხალხური სააფთიაქო ანტისეპტიკური საშუალება ფიტოფთოროზთან ბრძოლაში დაგეხმარებათ. 3 მლ 10 ლ წყალში გახსენით და ბუჩქი დანამეთ. ხსნარი სოკოს განვითარებას შეაფერხებს.
ფურაცილინი
ფურაცილინი კაშკაშა ანტისეპტიკური საშუალებების წრეს ხურავს. საზრიანმა მებაღეებმა აღმოაჩინეს, რომ ფურაცილინი სოკოსთან საბრძოლველად იდეალურია. 10 ყვითელი აბი 10 ლ წყალში გახსენით და ეფექტური ხსნარით პომიდორი დაამუშავეთ.
წყალბადის ზეჟანგი
ყველა მებოსტნე ამ საშუალებას აქებს. ბიუჯეტური, ბაქტერიოციდული პრეპარატი ფიტოფთოროზს შესანიშნავად უმკლავდება. 2 ს/კ 3%–იანი ხსნარი და 1 ლ წყალი აურიეთ.
ტრიხოპოლი
კიდევ ერთი ეფექტური მეთოდი, რომ პომიდვრის ფიტოფთოროზით დაზიანება არ დაუშვათ. 10 აბი 10 ლ წყალში გახსენით და დასანამად გამოიყენეთ. პრეპარატი ძვირი არ ღირს, მაგრამ უფრო იაფი ალტერნატივაც აქვს – მიტრონიდაზოლი. დოზირება იგივეა.
კალციუმის ნიტრატი
ეს პომიდვრის არა პირდაპირი, არამედ ირიბი დაცვაა. 1 ს/კ კალციუმის ნიტრატი 10 ლ წყალში გახსენით და ამ ხსნარით ფოთლები დაამუშავეთ. კალციუმი ფოთლებიდან კარგად იწოვება და მცენარის იმუნიტეტს აძლიერებს. ასე პომიდორი სოკოს უკეთ ებრძვის. ამ მეთოდით 2–ჯერ, 2 კვირიანი შესვენებებით დაამუშავეთ. დაიწყეთ, როცა ბუჩქზე ნასკვები გამოჩნდება.
კალციუმის ქლორიდი
საშუალება, რომელიც მცენარის იმუნიტეტს მხარს უჭერს, აფთიაქებში იყიდება. 10 მლ ამპულებში ან 200 მლ ბოთლში იყიდება. ხსნარის მოსამზადებლად 100 მლ კალციუმის ქლორიდი 1 ლ წყალში გახსენით. პომიდორი ნაყოფიერების პერიოდში დანამეთ.
ბორის მჟავა
პრეპარატი დაავადებებს ებრძვის და მცენარის დამცავ ძალებს ააქტიურებს. 10 გრ ბორის მჟავა ცოტა ცხელ წყალში გახსენით. შემდეგ 10 ლ წყალს აურიეთ. პომიდორი უხვი ყვავილობის და მოსავლის მომწიფების დროს უნდა დანამოთ.
ნაცარი
ყოველი გამოცდილი მებოსტნე ხის ნაცარს იმარაგებს. 300 გრ ნაცარი 10 ლ თბილ წყალში გახსენით. 2 დღე დააყენეთ, შემდეგ გადაწურეთ.
რძის პროდუქტები
რძემჟავა ბაქტერიები, რომელთაც რძის შრატი, კეფირი, რძე შეიცავს, ფიტოფთოროზის პათოგენებს ებრძვიან. 1 ლ რძის პროდუქტი 9 ლ წყალში გააზავეთ და პომიდვრის ბუჩქები მიღებული ხსნარით უხვად მორწყეთ.
საფუარი
1 შეფუთვა საცხობი, დაპრესილი საფუარი 10 ლ თბილ წყალში გახსენით და იმწამსვე პომიდორი დანამეთ. ყველა მებაღე და მებოსტნე ერთხმად ამ პროდუქტის ეფექტურობას აღიარებს.
სოდა
სოდის სამკურნალო თვისებები სოკოს სწრაფად უტევს. 3 ს/კ სოდა 10 ლ წყალში გახსენით და პომიდორი დაამუშავეთ. მისი ყიდვა არც მოგიწევთ, რადგან სამზარეულოში ნამდვილად იპოვით. საშუალება არა მხოლოდ ფიტოფთოროზს ებრძვის, არამედ პომიდვრის შაქრიანობას ზრდის.
ძმარი
კიდევ ერთი პროდუქტი, რომელიც სამზარეულოში თავის საათს ელოდება. 100 მლ ძმარი 10 ლ წყალში გახსენით და პომიდვრის კვლები ხსნარით დანამეთ. პროცედურა პერიოდულად გაიმეორეთ. ძმარი მებაღეებს შორის ფართოდ გამოიყენება, რადგან ანტიმიკრობულ ეფექტს ფლობს.
ნიორი
ნივრის ნაყენი არა მხოლოდ ფიტოფთოროზს ებრძვის, არამედ მთელ რიგ ბაქტერია–მავნებლებს დააფრთხობს. 200 გრ ნიორი დაპრესეთ და 10 ლ წყალში გააზავეთ. არომატული სითხე 1 დღე დააყენეთ, შემდეგ პომიდორი დაამუშავეთ.
ფიტოფთოროზის საწინააღმდეგო საშუალებების უმეტესობა ან სახლში გვაქვს ან უახლოეს აფთიაქში თეთრები ღირს. ბუჩქებზე დაავადების პირველი ნიშნები არ გამოგრჩეთ, რადგან სოკო სწრაფად მრავლდება და მთელ მოსავალს განადგურებით ემუქრება.