Connect with us

სხვა

საახალწლო მაგიდის ეფექტურად გაფორმების წესები, რომ შარიან ლურჯ ვეფხვს ასიამოვნოთ

დღეს ყველა წინასაახალწლო სამზადისშია. ცდილობენ, რომ ყველაფერი მოასწრონ და ყველა დეტალი გათვალონ: საჩუქრები, კერძები, ლამაზი ჭურჭელი. სადღესასწაულო გაფორმებაში მაგიდას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. აქ, გარკვეული წესების დაცვა აუცილებელია, თუმცა შემოქმედებისთვის დიდი სივრცე რჩება. გიამბობთ, როგორ უნდა გააფორმოთ სადღესასწაულო მაგიდა, რომ წლის სიმბოლო, ლურჯი ვეფხვი კმაყოფილი დარჩეს.

მაგიდის ფერები

ფერებში შეზღუდული არ ხართ, მაგრამ მათი სწორად შეხამება აუცილებელია, რომ ჰარმონია არ დაირღვას და ლამაზი კომპოზიცია შექმნათ. ფერების თეორიის მიხედვით, შეგიძლიათ აქცენტი დეტალებზე ან კონტრასტზე გააკეთოთ. მაგალითად, მხოლოდ ერთი ფერი ან მასთან ახლოს მყოფი ელფერები გამოიყენეთ. მაგალითად, წითლის ყველა ელფერი, სუფრა უფრო ღია ფერის, ხოლო სალფეთქი და ჭურჭელი – უფრო გაჯერებული. კონტრასტული მეთოდის შემთხვევაში შეგიძლიათ გამოიყენოთ შავი და თეთრი, ყვითელი და ლურჯი. სწორი და ზომიერი აქცენტებით მაგიდას ლამაზად გააფორმებთ.

საახალწლო განწყობის შესაქმნელად მაგიდის გაფორმებაში შესაფერისი ფერი და აქსესუარი გამოიყენეთ. საშობაო დეკორი თავად შეგიძლიათ გააკეთოთ. ახალი წლისთვის წაუგებელი ვარიანტები: თეთრი და ოქროსფერი, თეთრი და ვერცხლისფერი, მწვანე და წითელი, ოქროსფერი და ლალისფერი, წითელი და თეთრი, კრემისფერი და მარჯნისფერი, შოკოლადისფერი და ფისტაშკისფერი. 2022 წლის სიმბოლოს რომ ასიამოვნოთ, შეგიძლიათ ლურჯი და ფირუზისფერი ან თეთრი და ლურჯი ფერები გამოიყენოთ.

სადღესასწაულო ჭურჭელი

ამ დღეს საუკეთესო სერვიზი გამოიღეთ, რაც გაქვთ – ახლა ამისთვის საუკეთესო დროა. სერვანტში ტყუილად ნუ ინახავთ, თამამად გამოიღეთ და ყველა გაახარეთ. ახალი წლის ღამეს ბედნიერების და სიხარულის განცდა ყველაზე მნიშვნელოვანია.

რამდენიმე რჩევები, თუ სერვიზის ბევრი ნაკრები გაქვთ და არ იცით, რომელი შეარჩიოთ. ორიენტაცია აქსესუარებზე გააკეთეთ. თუ ბევრ აქსესუარს იყენებთ, მაშინ ჭურჭელი სადა უნდა იყოს, ყოველგვარი თვალისმომჭრელი ნახატის გარეშე. მაგალითად, უბრალო კერამიკის ჭურჭელი ღირსეულად გამოიყურება და ნებისმიერ მაგიდას დაამშვენებს. თუ ნაკლებ აქსესუარებს იყენებთ, მაშინ ყველაზე ფერადი ნაკრები გამოიღეთ. ასე ჭურჭელი მაგიდის მთავარი აქსესუარი გახდება. ჭურჭელი სჯობს სუფრის ფერში იყოს. იგივე დანა–ჩანგალს ეხება. ვერცხლისფერი დანა–ჩანგალი გამოიყენეთ, თუ მაგიდის გაფორმებაში ვერცხლისფერს იყენებთ. სხვადასხვა ლითონების არევა არ ღირს.

წაუგებელი ვარიანტია ძველებური სერვიზი, თუ ახალი წლისთვის სპეციალური ჭურჭლის შეძენა არ გსურთ. ასეთი ჭურჭელი სიახლით არ ბრწყინავს, მაგრამ სასიამოვნო მოგონებებს აღძრავს და თბილ ატმოსფეროს ქმნის.

სადღესასწაულო სუფრა

ითვლება, რომ თეთრი სუფრა საუკეთესო ვარიანტია. ამ წესის დაცვა აუცილებელი არაა. გამოიყენეთ სხვადასხვა ფორმიანი ფერადი სუფრა. ახლა დიდი არჩევანია და სასურველს მარტივად შეარჩევთ. თუ სადღესასწაულო სუფრა არ გაქვთ და ახალსაც ვერ ყიდულობთ, ძველი გადააკეთეთ ან რამდენიმე სუფრა გააერთიანეთ. მაგალითად, ჯერ თეთრი მრგვალი სუფრა გაშალეთ, მასზე კი უფრო პატარა კვადრატის ფორმის ფერადი სუფრა გადააფარეთ. თეთრ სუფრაზე შეგიძლიათ ბზინები მოყაროთ, ასე უფრო გალამაზდება. სუფრას მაქმანიც ამშვენებს და დახვეწილობას მატებს. მოკლედ, ფანტაზია ჩართეთ და შექმენით.

აქსესუარები

დროა თქვენს კომპოზიციას ფერადი აქსესუარები შემატოთ. ამ როლისთვის ნებისმიერი რამ გამოგადგებათ. მაგალითად, ნაძვის ხის სათამაშო, რომელიც თეფშებს შორის შეგიძლიათ დააწყოთ. ასე სადღესასწაულო განწყობას შექმნით. კარგი ვარიანტია მაგიდაზე საჩუქრების პატარა ყუთები, სადაც კანფეტები ან ქაღალდები წინასწარმეტყველებებით დევს. მაგიდის ცენტრში შეგიძლიათ პატარა ნაძვის ხე ან პირამიდა დადოთ, რომელიც ლამაზია და საახალწლო განწყობას ქმნის. ასეთი ლამაზი ნივთი შეგიძლიათ გირჩებით თავად ააწყოთ. ცოცხალი ყვავილებიც კომპოზიას ფერებს მატებს. ხილით სავსე თეფში შეიძლება ერთ–ერთი ფერადი აქსესუარი გახდეს.

ოქროს წესები

სადღესასწაულო მაგიდის გაფორმებისას ოქროს წესები არსებობს, რომელთა დაცვით მაგიდა არა მხოლოდ ლამაზი, არამედ პრაქტიკული გახდება.

  1. მთავარი კერძი მაგიდის შუაგულში მოათავსეთ, ცივი წასახემსებლები ცენტრთან ახლოს.
  2. პირდაპირ ცენტრში ხილი დადგით. მსხვილი ხილი სჯობს დაჭრათ.
  3. საპურე ცალკე, პატარა მაგიდაზე დადეთ, რომ სადღესასწაულო მაგიდაზე ადგილი არ დაიკავოს.
  4. სასმელი მაგიდის შუა ხაზზე განათავსეთ. ასე ყველა სტუმარი მიწვდომას შეძლებს. სასმელი წინასწარ გახსენით. ხილის წვენი მინის დოქებში გადაიტანეთ.
  5. მაგიდაზე სანელებლები და სამარილე აუცილებლად ისე დადეთ, რომ ყველა სტუმარი მარტივად მიწვდეს.
  6. თეფშის მარჯვნივ დადეთ დანა, პირით თეფშისკენ. მარცხნივ ჩანგალი, ტარით ქვემოთ.

აი, ყველაფერი, რაც უნდა გააკეთოთ, რომ ახალ წელს მაგიდის ლამაზად გაფორმება შეძლოთ. თუმცა გახსოვდეთ, რომ დიდებული მხატვრებიც შედევრების შესაქმნელად წესებს არღვევდნენ. აუცილებელი არაა, რომ ყველა წესი იდეალურად დაიცვათ. მთავარია, თქვენ მოგწონდეთ. გაითვალისწინეთ, რომ დღესასწაული საჭიროა დასასვენებლად და ოჯახთან დროის გასატარებლად. სწორედ ამიტომ, იდეალური სადღესასწაულო მაგიდის შექმნისას დაღლილობას მოერიდეთ. სჯობს იდეალურად გაფორმებული არ იყოს, მაგრამ საკუთარ თავზე იზრუნოთ.

Advertisement