Connect with us

ჯანმრთელობა

რომელი თაფლი რას კურნავს – სასარგებლო ინფორმაცია, შეინახეთ

ბევრი ჩვენგანი არაერთხელ დაინტერესებულა, თუ რომელი თაფლის შეძენა ღირს და რომელი უსიამოვნების დროს? რომელი თაფლია ყველაზე სასარგებლო, რომელს მოაქვს ნაკლები სარგებელი? როგორი სახეობები არსებობს და რაში მდგომარეობს მათი განსაკუთრებულობა?

ადამიანის ყოველდღიურ რაციონში თაფლი აუცილებლად უნდა შედიოდეს! ორგანიზმისთვის აუცილებელი 24 მიკროელემენტიდან ეს თაფლი მთელ 22 მიკროელემენტს შეიცავს! თაფლი ჭამამდე ნახევარი საათით ადრე მიიღეთ და არ გადაყლაპოთ – რამდენიმე წუთით პირში გაიჩერეთ, სანამ კანფეტივით არ გადნება. ცხელ ჩაის და რძეს არ დაუმატოთ – მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებით თაფლი თავის ჯადოსნურ თვისებებს კარგავს და ჩვეულებრივი ტკბილეული ხდება. სჯობს მისი გემო იგრძნოთ.

აკაციის თაფლი – აკაციის თეთრი და ყვითელი ყვავილებისგან მიღებული თაფლი საუკეთესო სახეობას მიეკუთვნება. ახალი თაფლი გამჭვირვალე, თითქმის უფეროა, შეიძლება ჰქონდეს მოყვითალო შეფერილობა. კრისტალიზაციის დროს თეთრი, წვრილმარცვლოვანი ხდება. სუსტი, მაგრამ სასიამოვნო არომატი აქვს. ძალიან ნაზი გემო აქვს და თხევად ფორმას დიდი ხნით ინარჩუნებს.

სამკურნალო თვისებები: გამოიყენება როგორც ზოგადი გამაძლიერებელი საშუალება, ასევე უძილობის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, თირკმლის, ნაღვლის ბუშტის დაავადებების დროს. ალერგიას არ იწვევს.

კოწახურის თაფლი – ოქროსფერ მოყვითალო ფერის, არომატული და ნაზი გემოს მქონე.

სამკურნალო თვისებები: გამოიყენება, როგორც ანთების საწინააღმდეგო და სისხლის შემაჩერებელი საშუალება. მსუბუქი შარდმდენი და ნაღვლმდენი მოქმედება აქვს.

ნარის თაფლი – პირველი კლასის სახეობას მიეკუთვნება. შეიძლება იყოს ოქროსფერი, მომწვანო ან უფერო. სასიამოვნო გემო და არომატი აქვს.

სამკურნალო თვისებები: გამოიყენება, როგორც ჭრილობის შემახორცებელი, ანთების საწინააღმდეგო, შარდმდენი და ნაღვლმდენი საშუალება. მეტაბოლიზმის პროცესს აუმჯობესებს, ნერვოზის და თავის ტკივილის დროს სასარგებლო ეფექტი აქვს.

კუნელის თაფლი – ოდნავ მომწარო გემო აქვს.

სამკურნალო თვისებები: გულ-სისხლძარღვთა სისტემას აძლიერებს, გაზრდილ არტერიულ წნევას არეგულირებს. სასარგებლოა მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ, ფარისებრი ჯირკვლის და გასტრიტის მკურნალობის დროს. გულის არითმიის დროს ეფექტურია. დამამშვიდებელ მოქმედებას ფლობს.

ხახვისთავას თაფლი – მომწვანო მოყვითალო ან ღია ყვითელი ფერი. არომატული, სასიამოვნო ოდნავ მომწარო გემოს მქონე, ნუშს ჰგავს. შესანიშნავი გემოს და სამკურნალო თვისებები გააჩნია.

სამკურნალო თვისებები: გამოიყენება, როგორც შარდმდენი, ნაღვლმდენი და ანთების საწინააღმდეგო საშუალება.

მანანას თაფლი – მუქი, მოწითალო – მოყავისფერო შეფერილობის, სუსტი არომატის, სასიამოვნო მომწარო ან მოტკბო გემოს მქონე. ნელ-ნელა კრისტალიზიდება, მოწითალო ელფერის მუქ შეფერილობას იღებს.

სამკურნალო თვისებები: კარგი ანტისეპტიკური საშუალება. ბრონქული ასთმის დროს კარგად დაგეხმარებათ, სისხლის გამწმენდი და შარდმდენი საშუალებაა. შარდის ბუშტსა და თირკმლებში კენჭების დროს, რევმატიზმის და პოდაგრას დროს შესანიშნავი სამკურნალო საშუალებაა. ზოგადი გამაძლიერებელი მოქმედება გააჩნია.

მთის თაფლი – ჩვეულებრივ მუქი, მუქი ყვითელი ან მოწითალო – მოყავისფერო შეფერილობის, ძალიან ბლანტი, ნელა კრისტალიზდება, მომწარო გემოს მქონე თაფლი. თაფლის სამკურნალო თვისებებს და სხვა მთიან რეგიონებში გაზრდილი მცენარეების ბუნებრივ სასარგებლო თვისებებს მოიცავს. რეკომენდებულია, როგორც ზოგადი გამაძლიერებელი საშუალება.

სამკურნალო თვისებები: მარილები და ტოქსინები ორგანიზმიდან გამოაქვს. სტრესის, ენდოკრინული სისტემის დარღვევის და გულ-სისხლძარღვთა დაავადების დროს ეფექტურია. ასევე ეფექტურია თირკმლის, ღვიძლის და კუჭის დაავადების დროს.

მდოგვის თაფლი – თეთრი ან ღია ყვითელი ფერი აქვს, წვრილ მარცვლოვან მასად სწრაფად კრისტალიზდება. კრისტალიზაციის პროცესში მოყვითალო კრემისფერ შეფერილობას იღებს.

სამკურნალო თვისებები: სასუნთქი ორგანოების დაავადების დროს გამოიყენება. ამასთან თაფლის ეს სახეობა ორგანიზმიდან ტოქსიკური ნივთიერებების გამოდევნას ხელს უწყობს, თირკმლების მუშაობას ააქტიურებს და გამოიყენება, როგორც შარდმდენი საშუალება.

წიწიბურას თაფლი – მუქი, მოყავისფერო – მოწითალო შეფერილობის მქონე. რკინას შეიცავს, სპეციფიკური გემო და არომატი აქვს.

სამკურნალო თვისებები: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, სასუნთქი ორგანოების დაავადების ძალიან სასარგებლოა. ანემიის დროს შეუცვლელია. შესანიშნავი ანტისეპტიკური საშუალება. ადგილობრივი გამოყენებით ტროფიკულ წყლულებს, ჩირქოვან წყლულებს, ძირმაგარას და კანის სხვა დაავადებას შესანიშნავად კურნავს. ამ თაფლის მოხმარება გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე დადებით გავლენას ახდენს. მისი დახმარებით გულის კუნთებს გააძლიერებთ, სისხლის მიმოქცევას გააუმჯობესებთ და სისხლის შემადგენლობას დაარეგულირებთ.

ძიძოს თაფლი – ღია ქარვისფერი ან თეთრი ფერის, ვანილის მსგავსი არომატის მქონე.

სამკურნალო თვისებები: ჩირქოვანი და ანთებითი პროცესების დროს შეუცვლელია. მკვეთრად გამოხატული ანტისეპტიკური მოქმედება აქვს. თანამედროვე მედიცინის მიღწევებმა თაფლის გამოყენება შეავიწროვა, თუმცა ჭრილობაზე სხვადასხვა სასარგებლო მოქმედებას ფლობს: ანტიმიკრობული, ანთების საწინააღმდეგო და ჭრილობის შემახორცებელი. ჭრილობაზე თაფლის დადება სისხლის და ლიმფის მიმოქცევას აძლიერებს და უჯრედების გამოსაკვებად კარგ გარემოს ქმნის.

მაყვლის თაფლი – წყალივით გამჭვირვალე. სასიამოვნო გემო და დელიკატური არომატი აქვს.

სამკურნალო თვისებები: რესპირატორული დაავადებების და პნევმონიის დროს განსაკუთრებით სასარგებლოა.

ოქროწკეპლას თაფლი – მუქი მოყვითალო ან ღია ყავისფერი შეფერილობის.

სამკურნალო თვისებები: შარდის ბუშტის და თირკმლის ანთებითი დაავადებების, მტკივნეული შარდვის, კანის დაავადების, ასევე ღვიძლის დაავადების დროს ეფექტურია. ნივთიერებათა ცვლაზე მასტიმულირებელი მოქმედება გააჩნია.

ტირიფის თაფლი – მოოქროსფერო – მოყვითალო შეფერილობის, სასიამოვნო არომატის მქონე. ზოგჯერ მაისის დასაწყისში აყენებენ.

სამკურნალო თვისებები: გამოიყენება, როგორც ძლიერი სიცხის დამწევი საშუალება, ასევე თავის ტკივილის, რევმატიზმის და რადიკულიტის დროს.

წაბლის თაფლი – მუქი ფერის, სუსტი არომატის და მომწარო გემოს მქონე. თხევადი ფორმა შეიძლება ძალიან დიდხანს შეინარჩუნოს.

სამკურნალო თვისებები: წაბლის თაფლს ძლიერ გამოხატული ბაქტერიოციდული თვისებები აქვს და ამიტომ ჭრილობის დასამუშავებლად და ანგინის დროს იყენებენ. გულ-სისხლძარღვთა დაავადების და საჭმლის მომნელებელი სისტემის აშლილობის დროს რეკომენდებულია. სისხლძარღვების სისტემაზე და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ორგანოებზე დადებით გავლენას ახდენს. შეშუპების და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება გააჩნია, ნაღვლის გამოდევნას ხელს უწყობს და მადას ზრდის. თრომბოფლებიტის, ვარიკოზული გაფართოებული ვენების, პროსტატის, სურდოს დროს გამოიყენება, სისხლძარღვების სისტემაზე დადებით გავლენას ახდენს. ხალხურ მედიცინაში წაბლის თაფლი გამოიყენება ბრონქიტის, ასთმის და სასუნთქი გზების სხვა დაავადებების დროს. წნევას არეგულირებს, თირკმლის და ვარიკოზული გაფართოებული ვენების სამკურნალოდ ეფექტური საშუალებაა.

წყალნაწყენის თაფლი – გამჭვირვალე, ოდნავ მომწვანო ფერის. კრისტალიზაციის პროცესი რამდენიმე თვის შემდეგ იწყება. შემდეგ თეთრი ფერის თაფლი ხდება და ოდნავ ქონს ჰგავს.

სამკურნალო თვისებები: გამოიყენება სხვადასხვა დაავადებების, მათ შორის ლორწოვანი გარსის და კანის დაავადებების დროს. ვიტამინებით და მინერალური ნივთიერებებით მდიდარია, ამიტომ სურდოს და გრიპის დროს კარგ საშუალებად ითვლება. გარდა ამისა, ნერვული აშლილობის და ნერვოზის დროს მისი მიღება სასარგებლოა. გამოიყენება, როგორც დამამშვიდებელი, ანთების საწინააღმდეგო და მჟავის საწინააღმდეგო საშუალება მაღალი მჟავიანობის მქონე გასტრიტის, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების დროს. მისი დახმარებით ყელს, ყაბზობას და შინაგანი ორგანოების ქრონიკულ დაავადებას წარმატებით კურნავენ. ტიბეტურ მედიცინაში ლორწოვანი გარსის და კანის დაავადების დროს გამოიყენება. ორგანიზმის დამცავ თვისებებს ზრდის. თბილ წყალში გახსნილი თაფლი უძილობის და თავის ტკივილის დროს დადებით გავლენას ახდენს. ნაწლავების მოქმედებას არეგულირებს და მეძუძურე დედებისთვის სასარგებლოა. წყალნაწყენის თაფლი მამაკაცებისთის ძალიან სასარგებლოა, რეკომენდებულია მამაკაცის იმუნიტეტის გასაზრდელად.

სამყურას თაფლი – ღია, თითქმის უფერო, გამჭვირვალე, ზოგჯერ მომწვანო შეფერილობის, ნაზი არომატის და სასიამოვნო გემოს მქონე. მყარ წვრილი კრისტალების თეთრ მასად სწრაფად გარდაიქმნება.

სამკურნალო თვისებები: ჰიპერტონიის სამკურნალოდ ყველაზე ეფექტურია. მასში შემავალი ტანინების წყალობით ლორწოვანი გარსის სხვადასხვა ანთებითი დაავადებების დროს შეგიძლიათ გამოიყენოთ. ხველის და ღვიძლის დაავადების დროს დაგეხმარებათ. გამოიყენება როგორც ოფლმდენი, შარდმდენი და ამოსახველებელი საშუალება. ათეროსკლეროზის დროს სასარგებლოა. შესანიშნავი სისხლის გამწმენდი საშუალებაა. გამოიყენება ბუასილის, დიეტური კვების, სისუსტის დროს, განსაკუთრებით სასარგებლოა დაავადების ან ოპერაციის შემდეგ ძალების აღსადგენად. თუ გინეკოლოგიური პრობლემები გაქვთ, სამყურას თაფლი დაგეხმარებათ. ქალებმა უნდა იცოდნენ. რომ მასზე დაფუძნებული სახის ნიღბები კანს კვებავენ და არბილებენ.

ლავანდის თაფლი – ფუტკრები ღია ლურჯი ან მოცისფრო – იისფერი შეფერილობის ლავანდის ყვავილებიდან ნექტარს იღებენ. თაფლს მოოქროსფერო, გამჭვირვალე შეფერილობა აქვს. ნაზი არომატი და სასიამოვნო გემო აქვს.

სამკურნალო თვისებები: ღვიძლზე დადებით გავლენას ახდენს. გამოიყენება, როგორც ნაღვლმდენი საშუალება.

ტყის თაფლი – შეფერილობით უფრო მუქია, ვიდრე მდელოს თაფლი. სპეციფიკური მომწარო არომატი და დამახასიათებელი გემო აქვს.

სამკურნალო თვისებები: გამოხატული ანთების საწინააღმდეგო და დამამშვიდებელი მოქმედება აქვს. სურდოს, ბრონქების და ფილტვის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების, სხვადასხვა ანთებითი პროცესების, ხველის, ნერვოზის და უძილობის დროს სასარგებლოა.

ცაცხვის თაფლი – ღია მოყვითალო ან მომწვანო შეფერილობის, ძალიან სურნელოვანი.

სამკურნალო თვისებები: ცაცხვის თაფლი ანგინის, სურდოს, ლარინგიტის, ბრონქიტის, ტრაქეიტის, ბრონქული ასთმის, დასუსტებული გულის კუნთების, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთების, თირკმლის დაავადების, სანაღვლე გზების და გინეკოლოგიური დაავადებების დროს გამოიყენება. ჩირქოვანი ჭრილობის და დამწვრობის დროს კარგი, ადგილობრივი მოქმედება აქვს. ძლიერი ანტიბაქტერიული თვისება გააჩნია.

მდელოს თაფლი – ხშირად ოქროსფერი. სასიამოვნო არომატი და გემო აქვს. თაფლს ფუტკრები მდელოს ბალახის ნექტრისგან აგროვებენ.

სამკურნალო თვისებები: რეკომენდებულია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების და გასტრიტის დროს.

ჟოლოს თაფლი – კენკრის ნაზი არომატი და გემო აქვს.

სამკურნალო თვისებები: სასარგებლოა სურდოს დაავადების დროს. ადგილობრივი გამოყენების დროს სტომატიტს და ლორწოვანი ქსოვილების ანთებას ეფექტურად კურნავს. კარგი საშუალებაა ბავშვებისთვის, რომელთაც ღვიძლის მოქმედება დარღვეული აქვთ.

თავშავას თაფლი – ღია, ძალიან არომატული.

სამკურნალო თვისებები: შეუდარებელი საშუალება უძილობის დროს. ტვინის მოქმედებას აუმჯობესებს, კარგია ნერვოზის დროს: ნერვულ სისტემას ამშვიდებს. ნაწლავების პერისტალტიკას აუმჯობესებს. შარდმდენი და ოფლმდენი მოქმედება აქვს და ნაღვლის ბუშტის და ღვიძლის დაავადებების დროს სასარგებლოა.

ბაბუაწვერას თაფლი – ნაადრევი მაისის თაფლი. მოყვითალო შეფერილობის, სასიამოვნო გემოს და არომატის მქონე.

სამკურნალო თვისებები: რეკომენდებულია ღვიძლის დაავადებების, ჰიპერტონიის, უძილობის და ბუასილის დროს.

ნაყოფის თაფლი – ღია ქარვისფერი, ძალიან ნაზი, არომატული და სასიამოვნო გემოს მქონე.

სამკურნალო თვისებები: გულის იშემიური დაავადების დროს უბრალოდ აუცილებელია.

მზესუმზირას თაფლი – ოქროსფერი ან ყვითელი, სუსტი არომატის და სასიამოვნო გემოს მქონე. სასიამოვნოა თხევადი ფორმით, მაგრამ სწრაფად მყარდება. დაშაქრული თაფლი წიწიბურას და მაისის თაფლს ჰგავს. ჩვეულებრივ იაფად იყიდება, მაგრამ სამკურნალო და კვებითი ღირებულებით თითქმის არ ჩამორჩება.

სამკურნალო თვისებები: რეკომენდებულია გულის, სასუნთქი გზების და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადების დროს. ასევე სასარგებლოა ათეროსკლეროზის, ოსტეოქონდროზის და სხვადასხვა ნევრალგიის დროს. ორგანიზმიდან წიდები კარგად გამოაქვს და გამოიყენება, როგორც შარდმდენი საშუალება.

ბურბურას თაფლი – ღია მოყვითალო, ზოგჯერ მოყავისფერო.

სამკურნალო თვისებები: ნერვულ სისტემაზე დამამშვიდებელი მოქმედება აქვს. რეკომენდებულია თავის ტკივილის, უძილობის, გახშირებული გულისცემის დროს.

რაფსის თაფლი – ღია ან მოყვითალო, ძალიან სქელი. მომწარო გემოს მქონე და მდოგვისებრი არომატით. სწრაფად მყარდება.

სამკურნალო თვისებები: ვარიკოზული გაფართოებული ვენების დროს სასარგებლოა. კარგი შარდმდენი მოქმედება გააჩნია. ტვინის სისხლძარღვებს აფართოებს, კუჭის წყლულოვან დაავადებებს კურნავს.

ძირწითელას თაფლი – გამჭვირვალე, ღია მომწვანო ან მოყვითალო შეფერილობის, ნაზი არომატის და სასიამოვნო გემოს მქონე. ნელა კრისტალიზდება.

სამკურნალო თვისებები: გულ-სისხლძარღვთა დაავადების სამკურნალოდ და ნერვოზის დროს დასამშვიდებლად გამოიყენება. სასარგებლოა რევმატიზმის და ოსტეოქონდროზის დროს.

ფიჭის თაფლი – 100%-ით ბუნებრივი წარმოების. თაფლი ბუნებრივ კონტეინერში – ფიჭში გროვდება.

სამკურნალო თვისებები: ორგანიზმზე ზოგადი გამაძლიერებელი და გამაახალგაზრდავებელი მოქმედება გააჩნია. კბილების გაწმენდას და პირის ღრუს დეზინფექციას ხელს უწყობს.

ფაცელიას თაფლი – ღია მომწვანო ან თეთრი ფერის. სასიამოვნო, ნაზი გემოს და არომატის მქონე. კრისტალიზაციის დროს თეთრი ხდება.

სამკურნალო თვისებები: კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროს დიეტური პროდუქტის სახით წარმატებით გამოიყენება.

ესპარცეტის თაფლი – ღია ქარვისფერი, გამჭვირვალე, სასიამოვნო არომატის და გემოს მქონე. ნელა კრისტალიზდება. კრისტალიზაციის შემდეგ კრემისფერი ან მსუბუქი მომწვანო შეფერილობის მქონე ხდება.

სამკურნალო თვისებები: ზოგადი გამაძლიერებელი საშუალება. შარდმდენი, ოფლმდენი მოქმედება გააჩნია და კაპილარების სისხლძარღვებს აძლიერებს. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის და გინეკოლოგიური დაავადებების, საშვილოსნოს სისხლდენის დროს გამოიყენება. მამაკაცის სასქესო ფუნქციებს ზრდის.

თუ თაფლზე ალერგია არ გაქვთ, ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად შეგიძლიათ გამოიყენოთ, როგორც სწრაფად აღმდგენი საშუალება. ფიზიკური დატვირთვის დროს ძალებს შეგმატებთ, რადგან თაფლი ძალიან კალორიულია: 100 გრ 315 კალორიას შეიცავს. გაითვალისწინეთ, რომ გაცხელების დროს თაფლი თავის თვისებებს კარგავს. სწორედ ამიტომ ცხელი ჩაისთან ერთად მისი მიღება რეკომენდებული არაა.