Connect with us

ყვავილები

როგორ ვიზრუნოთ ოთახის ყოჩივარდზე, რომ კვლავ აყვავილდეს

თუ ნამდვილი ფლორისტი ხართ, თქვენს კოლექციაში ყოჩივარდა ნამდვილად მოიპოვება. რთულია ამ მცენარეს გვერდი აუაროთ, რადგან საოცრად გამოიყურება. ასეთი სილამაზე შეგიძლიათ დედას ან მეგობარს აჩუქოთ. ყველაფერი შესანიშნავად იქნებოდა, რომ არა ერთი „მაგრამ“. ყვავილობის შემდეგ მცენარე ჭკნობას იწყებს და სწრაფად იღუპება. Alltime.ge-ს რედაქცია გასწავლით, როგორ იზრუნოთ ყოჩივარდზე მისი სიცოცხლის გასახანგრძლივებლად.

ბევრი ლიტერატურა წავიკითხე და პრაქტიკულად ყველგან წერია, რომ ეს ნომერ პირველი მცენარეა, რომელსაც აგდებენ. დანებება არ მსურდა და უფრო სასარგებლო ინფორმაციის მოძებნა გავაგრძელე. უკვე არსებული ყვავილების დიდხანს შენარჩუნება ვცადე. აი, რა გავიგე ამ პრეტენზიული მცენარის შესახებ და რა შედეგების მიღწევა შევძელი.

როგორ ვიზრუნოთ ყოჩივარდზე მისი ყვავილობის გასახანგრძლივებლად

ყოჩივარდის მთავარი პრობლემა ისაა, რომ ყვავილების მაღაზიის დახლებზე დიდებული ჰიბრიდები დევს. სელექციონერებმა იმდენად სცადეს მიმზიდველი ყოჩივარდის გამოყვანა, რომ მისი სიცოცხლისუნარიანობა გამორჩათ. იქნებ, ეს განზრახ გააკეთეს, რომ ხალხმა ახალი ყვავილები მუდმივად იყიდოს.

ბუნებაში ყოჩივარდა მთიან ადგილებში იზრდება. მისი მომრგვალებული ბოლქვები მიწის ზემოთ ამოდის. სწორედ მათშია კონცენტრირებული წყლის და მკვებავი ნივთიერებების მარაგი, რომელიც გვალვის დროს ყვავილს გადარჩენაში ეხმარება.

სახლის პირობებშიც დიდი ხნით მოურწყველობას ადვილად იტანს. აი, ჭარბი ტენიანობა შეიძლება ფატალური აღმოჩნდეს. მცენარის ერთხელ დატბორვით, რისკავთ, რომ უახლოეს მომავალში ყვავილს დაკარგავთ.

ყვავილები ყოველთვის გაშლილი სახით იყიდება. ასე ქოთანი ლამაზად გამოიყურება და შეგიძლიათ სასურველი კვირტის ფერი და ფორმა აირჩიოთ. შემოდგომა–ზამთრის პერიოდში ყვავილობს და პირველ გაზაფხულამდე აგრძელებს.

ამის შემდეგ სირთულეები იწყება. თქვენ მოგიწევთ ყოჩივარდას გრილი, მზისგან დაცული ადგილი მოუძებნოთ. თუმცა მცენარე ზამთარშიც მიზეზიანობს. 10-12 გრადუს ტემპერატურაზე გააჩერეთ. სადგამიდან მორწყეთ და მხოლოდ დაყენებული წყალი გამოიყენეთ.

ყვავილი ორ კვირაში ერთხელ გამოკვებეთ. თუ დამჭკნარი ფოთლების მოშორება გეჩქარებათ, შეჩერდით. დაელოდეთ, როცა ახალგაზრდა ფოთლები გამოჩნდება და მხოლოდ ამის შემდეგ მოაშორეთ ძველი ფოთლები.

რაც შეეხება ყვავილობას, ის საკმაოდ დიდხანს გრძელდება, დაახლოებით 3-3,5 თვე. სწორედ ეს იწვევს ფლორისტების სურვილს, რომ პრეტენზიული მცენარე კვლავ და კვლავ შეიძინონ.

სამწუხაროდ, საუკეთესო მოვლის პირობებშიც ყოჩივარდას ორ ყვავილობაზე მეტხანს ვერ შეინარჩუნებთ. მისი კვირტების სილამაზე და მრავალფეროვნება წარსული დანაკარგის დავიწყებას გვაიძულებს. თქვენ რომელ ოთახის მცენარეებს ზრდით?