ჯანმრთელობა
როგორ განვსაზღვროთ და რა გავაკეთოთ? 7 პოპულარული აუტოიმუნური დაავადება
ამ დროისთვის 80-ზე მეტი დაავადებაა აღწერილი. ზოგიერთ მათგანს თავისებური სიმპტომები აქვს, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში სიმპტომები მსგავსია: დაღლილობა, ძალების ნაკლებობა, მსუბუქი ტემპერატურა და სხვადასხვა სახის ანთება. მკურნალობა პრობლემაზეა დამოკიდებული, მაგრამ, როგორც წესი, მოიცავს ანთების საწინააღმდეგო საშუალებას, იმუნური სისტემის დამთრგუნავ მედიკამენტებს, ასევე ანტიბიოტიკებს. ტკბილი და სწრაფი კვების პროდუქტების გამორიცხვა, ასევე სტრესის შემცირება, ტოქსინების გამოდევნა და საჭმლის მომნელებელი სისტემის მკურნალობაც დაგეხმარებათ.
რაც უფრო ადრე გამოავლენთ დაავადებას, მისი შეფერხების მით უფრო მაღალი შანსი არსებობს. აი, ყველაზე გავრცელებული დიაგნოზები.
1. რევმატოიდული ართრიტი
ქალების დაახლოებით 4%–ს, ანუ ყოველ 25-ე ქალს აწუხებს. ვლინდება როგორც მტკივნეული ანთება მთელ სხეულში, განსაკუთრებით მკლავებში, ფეხებში, მხრებში, მუხლებსა და თეძოებში. ოსტეოართრიტისგან განსხვავდება.სიმპტომები, როგორიცაა დაღლილობა, სიცხე, წონის დაკლება და მადის დაქვეითება სწრაფად ვრცელდება. რაც მთავარია, რევმატოიდული ართრიტის დროს სხეულის ორივე ნაწილი ზიანდება. მკურნალობენ სიცხის დამწევი და ტკივილგამაყუჩებელი საშუალებებით, ასევე იმუნური სისტემის დამთრგუნავი წამლებით, ასევე სამკურნალო ფიზკულტურით მობილობის გასაუმჯობესებლად.
2. წითელი მჭამელა
2015 წელს ცნობილი გახდა, როცა ამ დიაგნოზის ქონა მსახიობმა და მომღერალმა სელენა გომესმა აღიარა. წითელი მჭამელით დაახლოებით 1,5 მლნ ადამიანი ავადაა და მათგან მხოლოდ 10%–ია კაცი. დაავადება აზიანებს სახსრებს, კანს, თირკმლებს, გულს, ფილტვებს – მოკლედ, მთელ სხეულს. ამის გამო, წითელ მჭამელს შეიძლება ბევრი სიმპტომი ჰქონდეს, რაც დიაგნოზის დასმას ართულებს. ესაა თავის ტკივილი და უსიამოვნო შეგრძნება კიდურებში, ანემია, თითების გალურჯება ოდნავ სიცივეზე. სამკურნალოდ გამოიყენება სტეროიდები და მედიკამენტები, რომლებიც შინაგან ორგანოებზე დატვირთვას ამცირებენ.
3. ჰაშიმოტოს სინდრომი
ამ ტიპის თირეოდიტი იქმნება მაშინ, როცა იმუნური სისტემა საკუთარ ფარისებრ ჯირკვალს თავს ესხმის. შეიძლება გამოვლინდეს როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში. სიმპტომები: უსიამოვნო შეგრძნება ყელის არეში, დაღლილობა, წონის მატება, ჰორმონალური რყევები, კუნთების ტკივილი, ცივი კიდურები, მშრალი კანი და ფრჩხილები, თმის დაკარგვა, ჟრჟოლა, დეპრესია, მეხსიერების ხანმოკლე დაქვეითება, ხმის შეცვლა. მკურნალობა – ჰორმონალური.
4. ფსორიაზი
კანის დაავადება, რომლის დროსაც უჯრედები საჭიროზე უფრო სწრაფად იზრდება. აწუხებს როგორც ქალებს, ასევე კაცებს. ხშირად გვხვდება ბალთოვანი ფსორიაზი, როცა კანზე ლაქები ჩნდება, მკვდარი უჯრედების თეთრი ფენით იფარება. „საყვარელი“ ადგილებია – თავი, მუხლები, მხრები და ზურგი. იყიდება სპეციალური დამატენიანებელი საშუალებები, მაგრამ ასევე კარგია შუქის თერაპია და განსაკუთრებული დიეტა.
5. ფსორიაზული ართრიტი
შეიძლება საწყისი ფსორიაზის გარეშე განვითარდეს. ხშირად აზიანებს მსხვილ სახსრებს, მათ ტკივილს იწვევს და გამოუსადეგარი ხდება. ნაადრევ სტადიაზე მკურნალობას კარგად ექვემდებარება.
6. შეგრენის სინდრომი
იმუნური სისტემა თავს ესხმის სანერწყვე, საცრემლე და სხვა ჯირკვლებს. სეკრეცის წარმოება მცირდება, რაც „მშრალი თვალის სინდრომს“, საშოს და პირის სიმშრალეს იწვევს. ამას ემატება ფეხების ტკივილი და მუდმივი დაღლილობა. ამ სინდრომით იტანჯება ცნობილი ჩოგბურთელი ვენუს უილიამსი. ითვლება, რომ პრობლემა გენებში და გარკვეულ ვირუსებში ან ბაქტერიებშია. თუმცა ზოგიერთი ექიმი თვლის, რომ ენდოკრინული და ნერვული სისტემაც გავლენას ახდენს. მკურნალობა – სიმპტომების მიხედვით.
7. სკლეროდერმია
კოლაგენის სიჭარბით გამოირჩევა, ასი ათასი ადამიანიდან მხოლოდ 24 ადამიანს აწუხებს. კანი სქელი და უხეში ხდება, სიარული – რთულდება. ასევე თირკმლებში, ფილტვებსა და საჭმლის მომნელებელ ტრაქტში ქსოვილები სქელდება. სიმპტომების შემსუბუქება შეიძლება სხვადასხვა მედიკამენტით, ასევე სამკურნალო ფიზკულტურით.