Connect with us

ყვავილები

როგორ გავზარდოთ ძლიერი ალოე, რომლის წვერიც ცას მისწვდება და აყვავდება

ოთახის მცენარეების მიმართ ყოველთვის გულგრილი ვიყავი. როცა მშობლებისგან ცალკე, დამოუკიდებლად ცხოვრება დავიწყე, ავოკადოსკენ ხელი თავისით გავიწვდინე. შემდეგ კიდევ ერთი ქოთანი მაჩუქეს და ასე დაიწყო. ბინაში ყვავილების ბაღის მოწყობას ჯერ არ ვაპირებ, თუმცა რამდენიმე მწვანე მეგობრის შეძენა მსურს. არჩევანი უპრეტენზიო და ძალიან პოპულარულ მცენარეზე შევაჩერე. დღეს Alltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როგორ გაზარდოთ და ააყვავილოთ ალოე. დიახ, ასეც ხდება!

როგორ გავზარდოთ ალოე

ალოე უპრეტენზიო მცენარეა, რომელსაც სამკურნალო და კოსმეტიკური მიზნით იყენებენ. ხალხში ექიმბაშს უწოდებენ. გასაკვირი არცაა, რადგან მარადმწვანე სუკულენტი ბევრ სასარგებლო თვისებას ფლობს.

ალოეს გარეგნული მხარე, კერძოდ ფოთლების სისქე, მის სწორ მოვლაზეა დამოკიდებული. რაც უფრო თხელი და სუსტია ფოთოლი, მით უფრო რთულია მისგან წვენის მიღება. ალოე აქტიურად იზრდება, ამიტომ დროულად უნდა გადაჭრათ და ახალგაზრდა ყლორტები გადარგოთ. ისინი მცენარის მთავარ ღეროზე ჩნდება.

ამისთვის კალამი პირდაპირ ძირში გადაჭერით. შემდეგ იდეალურ შემთხვევაში ცოტა გააშრეთ (30 წუთიდან 3 საათამდე). თუ ამის შესაძლებლობა არ გაქვთ, პირველ რიგში ქვედა ფოთლების ყლორტები მოაშორეთ. ეს აუცილებელია, რომ ფესვების ზონა უფრო დიდი იყოს. გადასარგავად გამჭვირვალე ჭიქა ან ქოთანი მოამზადეთ. ასე შეძლებთ ალოეს ფესვების განვითარებას დააკვირდეთ და ნახოთ, რამდენად სველია მიწა.

ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, რადგან ალოე ხშირად ლპება. ამას უხვი მორწყვა იწვევს. მცენარე გვალვა გამძლეა, მისი სამშობლო აფრიკაა. ალოეს ფოთოლი მცენარეული ცვილით არის დაფარული, ამის დახმარებით შიგნით ტენიანობის შენარჩუნებას ახერხებს. თუ დარწმუნებული  არ ხართ, ალოე მორწყეთ თუ არა, სჯობს ზედმეტად არ მორწყათ.

ჭიქის ძირში პატარა დრენაჟი მოათავსეთ, დანარჩენი სივრცე მიწით გაავსეთ. შემდეგ გადაჭრილი კალამი ჩარგეთ და მიწით დააფიქსირეთ. თუ მიწა მშრალია, მორწყეთ. გამოცდილი მებაღეები ნებისმიერი მცენარის გადარგვის შემდეგ ფიტოსპორინს გირჩევენ. ეს უნივერსალური მიკრობიოლოგიური პრეპარატია, რომელიც დაავადებების განვითარებას აფერხებს. 1 ლ წყალზე 1 ჩ/კ საშუალება დაგჭირდებათ.

მოვლა გადარგვის შემდეგ

თუ ალოეს პირველად რგავთ, რამდენიმე სასარგებლო რჩევას გთავაზობთ. პირველ რიგში, ცივ ფანჯრის რაფაზე არ დაადოთ. სჯობს უფრო თბილ ადგილას მოათავსოთ. მეორეც, მცენარეს 1-2 კვირა პაკეტი დააფარეთ. ამ პირობაში ფესვებს უფრო სწრაფად გამოიღებს.

მცენარეში უფრო მეტი სასარგებლო ნივთიერება რომ დაგროვდეს, გამოკვებეთ. ალოე სამკურნალო მცენარედ ითვლება, ამიტომ ორგანული სასუქი გამოიყენეთ. მაგალითად, ყურადღება მიაქციეთ სპეციალურ რბილ სასუქს გუმი–ომი. ის კაქტუსების და სუკულენტების გამოსაკვებად გამოგადგებათ.

მთავარია, სასუქის გამოყენებაში არ გადააჭარბოთ. ალოე უფრო ღარიბ ნიადაგს არის მიჩვეული, ამიტომ მისთვის სასუქის ჩვეული დოზა შეამცირეთ. ასე ნამდვილად არ შეცდებით! დრო და დრო თითოეულ ფოთოლს მტვერი მოაშორეთ. უღიმღამო საქმეა, მაგრამ ასე მცენარის ცხოვრების პირობებს გააუმჯობესებთ.

ალოე ყვავილობს?

ხალხი ალოეს ასწლიანს უწოდებს. არსებობს რწმენა, რომ ალოე 100 წელიწადში ერთხელ ყვავის. ცოტას თუ უნახავს, როგორ ყვავილობს ეს მცენარე, რადგან სახლის პირობებში აყვავება რთულია. თუმცა ბუნებაში ალოე ყოველ წელს ყვავილობს. საოცარია!

საქმე ალოეს ზრდის პირობებშია. მცენარე რომ აყვავილდეს, მზის სინათლე რეგულარულად (12-16 საათი) უნდა მიიღოს. დამეთანხმეთ, ფანჯრის რაფაზე მცენარე საჭირო რაოდენობის სინათლეს და მზეს ვერ მიიღებს.

დროზე ადრე ნუ ნერვიულობთ! თუ გსურთ ალოეს აყვავება, საჭირო პირობები შეუქმენით, რომელიც ბუნებრივთან ახლოს იქნება. შენობაში ტემპერატურა 10-14 გრადუსი უნდა იყოს. ამასთან ყვავილს ბევრი სინათლე სჭირდება. დამატებითი განათება ფლურესცენციული ნათურით გამოიყენეთ.

ალოე თვეში ერთხელ მორწყეთ, მაგრამ ყურადღება მიაქციეთ, რომ მიწა მორწყვამდე სრულად გამოშრეს. შენობაში მშრალი ჰაერი უნდა იყოს. როცა სიცივეს თბილი ამინდები შეცვლის, მცენარე გარეთ გაიტანეთ. მაგალითად, სამხრეთ მხარეს აივანზე.

ალოე მზეს თანდათან უნდა მიეჩვიოს. თავდაპირველად, ნახევარი საათით გაიტანეთ, შემდეგ 1 საათით და თანდათან დროს მოუმატეთ. თუ ქუჩაში თბილა, ალოე აივანზე მთელი დღე დატოვეთ. ზაფხულში – ღამითაც.

სუკულენტი რომ აყვავილდეს, ჰაერის ტემპერატურა დღისით 21-29 გრადუსი უნდა იყოს, ღამით – მინიმუმ 15 გრადუსი. თბილ ამინდში მცენარე კვირაში ერთხელ მორწყეთ. სამწუხაროდ, ყველა ეს პირობა გარანტიას არ მოგცემთ, რომ ალოე აყვავილდება. ყვავილობა შეიძლება ნებისმიერ მომენტში დაიწყოს: მარტშიც და ოქტომბერშიც.

რედაქციისგან

როგორც ხედავთ, უნივერსალური მოქმედი სქემა არ არსებობს, რომლის დახმარებით ალოეს ყვავილობას აიძულებთ. თუმცა ცდად ღირს! კარგი იქნება, თუ სუკულენტი უჩვეულო წითელი ან ნარინჯისფერი გირჩის ფორმის ყვავილებით გაგახარებთ. დიდებულად გამოიყურება.

თუ სახლის პირობებში ალოეს აყვავება შეძელით, თქვენი ფოტოები გაგვიზიარეთ. ამ ჯადოსნური სილამაზით ტკბობა ძალიან მსურს!