Connect with us

სხვა

როგორ გავზარდოთ კოჭა სახლის პირობებში

ყველამ, ვინც თავის ფიგურასა და გარეგნობაზე ზრუნავს, უკვე დიდი ხანია სათანადოდ დააფასა კოჭას (ჯანჯაფილი,ჯინჯერი) ღირსებები. იცოდით, რომ მისი გაზრდა საკუთარი ფანჯრის რაფაზეც შეგიძლიათ?! ამ სტატიაში გასწავლით როგორ გაზარდთ სახლში კოჭა და დატკბეთ მისი ახალი და არომატული ფესვებით.

კოჭა სახლის პირობებში თავს შესანიშნავად გრძნობს. საჭიროა ვიცოდეთ, რომ მისი ვეგეტაციის პერიოდი 8-10 თვე გრძელდება. რგავენ თებერვალ-მარტში, მისი შეძენა კი მაღაზიაში ან ბაზარში შეგიძლიათ. მთავარია დააკვირდეთ, რომ ბოლქვი გლუვი და მკვრივი იყოს, ამასთანავე უნდა ჰქონდეს ცოცხალი და განახლებადი კვირტები.

ნიადაგში დარგვამდე, კოჭას ფესვი უნდა “შევაღვიძოთ”. ამისთვის მას, კალიუმის პერმანგანანტიან თბილ წყალში დებენ და რამდენიმე საათით ტოვებენ. შემდეგ ყლორტების გამოსვლამდე დებენ პოლიეთილენის პარკში (ღვივდება როგორც კარტოფილი). კარგად გაღვივების შემდეგ, მას ანაწევრებენ.

თითოეულ ნაწილს, 1 ყლორტი მაინც უნდა ჰქონდეს. განაჭრელ ადგილებს, ხის ნახშირს აყრიან და აშრობენ. რგავენ ფართო, არცთუ ისე ღრმა, კარგი დრენაჟის მქონე ჭურჭელში. ნიადაგი შედგება ქვიშის, განოყიერებული მიწისა და კენჭებისგან.

დასარგავი ნიადაგის მომზადება დამოუკიდებლადაც შეგვიძლია: ერთმანეთ შევურიოთ განოყიერებული მიწა (ბალახი და მიწის ის ზედა ფენა, რომელსაც ამ ბალახის ფესვები წვდება. იყენებენ მებაღეები), ნეშომპალით გამდიდრებული შავი მიწა და ქვიშა შეფარდებით 1:1:1/2.
ფესვს მიწაში ჰორიზონტალურად დებენ, გაღვივებულ კვირტს მაღლა მოაქცევენ და აყრიან მიწას – 2 სანტიმეტრის სიმაღლეზე. რწყავენ უხვად და რეგულარულად, რათა თავიდან ავიცილოთ ნიადაგის გამოშრობა.

პირველი კვირტები 1-2 თვის შემდეგ გაუჩნდება, ზაფხულში ცხელი ამინდის დროს, კოჭას ქოთანი შეგიძლიათ სუფთა ჰაერზე გაიტანოთ და მზისგან დაცულ ადგილას დადგათ. ოპტიმალურ პირობებში, ის 1 მეტრამდე იზრდება.

შემოდგომაზე, როდესაც ყლორტები გახმება. ფესვი უნდა ამოთხაროთ, გაასუფთაოთ და შეინახოთ მშრალ ადგილას. მისი ნაწილი შეგიძლიათ საკვებში გამოიყენოთ. მეორე ნაწილი კი შემდეგ სეზონზე დასარგავად შეინახოთ.
კოჭას ახალი ფესვის შენახვა მაცივრის ქვედა თაროზე, 1 თვის მანძილზე შეგიძლიათ, ხოლო გამომშრალისა და გახეხილის კი 4 თვე.