Connect with us

ყვავილები

როგორ გავაცოცხლოთ ფასდაკლებაზე შეძენილი დასუსტებული ორქიდეა

ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ ორქიდეა ძვირფას საჩუქრად ითვლებოდა. მასზე ბევრი ქალი და მეყვავილე ოცნებობდა. დედამ ყურები გამომიჭედა იმის თქმით, რომ დაბადების დღეზე სწორედ ეს ყვავილი სურდა. მეგობარმაც ფასდაკლებაზე ნაყიდი ფალენოპსისი მოუტანა. შემდეგ იმაზე ფიქრი მოგვიწია, თუ როგორ გადაგვერჩინა დასუსტებული ორქიდეა.

ბევრი მსმენია, თუ როგორი რთულია ყვავილის მოვლა. სინამდვილეში, ყველაფერი გაცილებით მარტივია. მთავარია, დამჭკნარ ყვავილს რეანიმაცია დროულად ჩაუტაროთ. გაითვალისწინეთ, რომ ნებისმიერი ორქიდეას გადარჩენა შეიძლება. დღეს გიამბობთ, თუ რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ფასდაკლებული ყვავილის შეძენისას და როგორ არ მოვკლათ.

როგორ გადავარჩინოთ ორქიდეა

1. შეძენამდე ფესვები დაათვალიერეთ

თუ ორქიდეას რამდენიმე ცოცხალი ფესვი მაინც აქვს, შეგიძლიათ მშვიდად შეიძინოთ. მისი ფესვების სისტემას თავად დამოუკიდებლად განავითარებთ. თუმცა მცენარის ზედა ნაწილი კარგ მდგომარეობაში უნდა იყოს.

2. ორქიდეა ახალ ქოთანში გადარგეთ

ფესვების სწრაფად გასავითარებლად სუფთა კერამზიტი გამოგადგებათ. თუ ფესვები ცოტაა, პატარა კერამზიტი გამოიყენეთ, თუ 3–ზე მეტი – მსხვილი გამოგადგებათ. თუ ყვავილის ყუნწი აქვს, სჯობს გადაჭრათ. დამპალი, ხმელი და რბილი წამონაზარდები მოიშორეთ. გადაჭრის ადგილი ბრილიანტის მწვანით, ხის ნაცრით ან დარიჩინით დაამუშავეთ.

ფესვების სწრაფად გასაზრდელად პატარა გამჭვირვალე ქოთანი გვერდებსა და ძირში ბევრი ნახვრეტით აირჩიეთ. სივიწროვე და ჰაერთან თავისუფალი წვდომა ფესვებს სწრაფად განვითარებაში დაეხმარება.

3. ორქიდეა სწორად მორწყეთ

გადარგვის შემდეგ 4-10 დღე არ მორწყათ. ფესვების ფერს ყურადღება მიაქციეთ. თუ განაცრისფერდა, კერამზიტი და ქოთნის კედლები ოდნავ დაასველეთ. მხოლოდ ოთახის ტემპერატურის დაყენებული წყალი გამოიყენეთ. მცენარის გასაძლიერებლად წყალს 1-2 წვეთი „ეპინი“ ან „ცირკონი“ დაუმატეთ.

4. სათბურით აღჭურვეთ

თუ თქვენი მცენარე ზემოდან საკმარისად მწვანეა, მაგრამ ფესვები არ აქვს, სათბური დაგჭირდებათ. მის გაკეთებას შეძლებთ ქილიდან ან პლასტმასის ბოთლიდან, სფაგნუმის ხავსზე მოათავსეთ. სათბური აუცილებლად გაანიავეთ, ტემპერატურას და ტენიანობას ყურადღება მიაქციეთ. ხელოვნური განათება არ დაგავიწყდეთ. როცა 5 სმ სიგრძის 4-5 ფესვი გაჩნდება, ორქიდეა ქოთანში გადარგეთ.

ორქიდეას გაფესვიანება ფესვების გარეშე

კიდევ ერთი, არანაკლებ ეფექტური მეთოდი. ქილაში ცოტა წყალი ჩაასხით. შიგნით მოათავსეთ ორქიდეას როზეტი ფოთლებით ისე, რომ წყალს არ ეხებოდეს. ფოთლები რეგულარულად დანამეთ და ზრდის წერტილს ყურადღება მიაქციეთ. თუ მასზე წყალი მოხვდება, მცენარე დალპება. ფესვები 3 კვირის შემდეგ უნდა გაჩნდეს.

თუ ჯერ კიდევ ფიქრობთ, ღირს თუ არა გარისკვა, გეტყვით – ნამდვილად, დიახ! მცირე ძალისხმევის გაღების შემდეგ ორქიდეას სიცოცხლის ახალ შანსს მისცემთ. სჯობს ყვავილი გაზაფხული–ზაფხულის პერიოდში შეიძინოთ. ეს შესაფერისი დროა სარეაბილიტაციოდ. მალე ველური ლამაზი ფალენოპსისით ტკბობას შეძლებთ.