ყვავილები
როგორ გავამრავლოთ ხვიარა ვარდი
ვარდის ეს სახეობა ბაღების დეკორისთვის ფართოდ გამოიყენება. თუ ვარდის რომელიმე სახეობა მოგეწონათ, ზუსტად მისი მსგავსი მცენარის მისაღებად საუკეთესო საშუალება კალმით გამრავლებაა. ეს გახლავთ ყველაზე მარტივი, გავრცელებული და ეფექტური მეთოდი. დაფესვიანება რამდენიმე მეთოდით შეიძლება, რომელთა შესახებაც ამ სტატიაში მოგითხრობთ.
კალმის მომზადება
დაგჭირდებათ ჯანმრთელი, ნახევრად გამოშრალი, 15 სანტიმეტრის წანაზარდი (3-4 კვანძი საკმარისი იქნება). მისი ზედა ნაწილი ფოთლებიანი უნდა იყოს და მოღუნვისას იოლად ტყდებოდეს, ბოლო კი მტვრევისას უნდა იბზარებოდეს.
კალმის ძირი 45 გრადუსიანი დახრილობით გადაჭერით, ზედა ნაწილი კი სწორად. ქვედა ნაწილის გადაჭრა კვანძიდან 5 სანტიმეტრის მოშორებით გააკეთეთ ზედა ნაწილი კი კვანძს 1 სანტიმეტრით დააშორეთ. მიწაში დაფესვიანებისთვის კალამს ქვედა ფოთკები მოაცალეთ და მხოლოდ ზედა 2 ფოთოლი დატოვეთ.
ბურიტოს მეთოდი
ბურიტო ტრადიციული მექსიკური კერძია, ცომში გახვეული სხვადასხვა სახის გულსართი. სწორედ ასე შევახვევთ ჩვენს კალმებს სველ გაზაეთებში. ეს მეთოდი ყველა სახეობის ვარდებისთვის გამოგადგებათ. თუ კალმებს შორის ხავსის ფენას ჩააფენთ გაცილებით უკეთეს შედეგს მიიღებთ. ის კარგად შეინახავს ნესტს და კალმები აღარ გამოშრებიან. დაფესვიანება 3-4 კვირას დაიწყება. საუკეთესო ტემპერატურა ამ მეთოდისთვის 14-18 გრადუსია.
კვირაში ერთხელ გახსენით გაზეთები, დაათვალიერეთ კალმები, თუ რომელიმე გაფუჭებულია ან დამპალია გადააგდეთ. მას შემდეგ რაც ფესვები გაჩნდება, ვარდები ქილში ან ქოთანში უნდა გადარგოთ, ისე რომ მიწიდან მხოლოდ კალმის ზედა კვანძი ჩანდეს. ქოთანს ცელოფანი გადააფარეთ და 23-25 გრადუს ტემპერატურაზე მოათავსეთ.
წყალში დაფესვიანება
ამ მეთოდის შემთხვევაში, ვარდის კალმებს სხვა ძნელად დაფესვიანებად მცენარეებთან ერთად ვდებთ წყალში. ასეთი სამეზობლო, ყველაზე რთულად გასამრავლებელ ვარდებსაც კი დააფესვიანებს. პირველი ფესვები წესით 30 დღის შემდეგ უნდა გაჩნდეს, ამის შემდეგ ვარდი შეგიძლიათ ნიადაგში გადაიტანოთ.
ნიადაგში დაფესვიანება
კალმის დაფესვიანება პირდაპირ ნიადაგშიც შეგიძლიათ, ამისთვის პლატსმასის ბოთლი გამოიყენოთ. გაჭერით ის ორ ნაწილად. ქვედა ნაწილში წყლის გამშვები ხვრელები გააკეთეთ. ფსკერზე კერამზიტის ფენა ჩაყარეთ და შემდეგ კი განოყიერებული მიწა ჩაყარეთ. კალმის ზედა გადანაჭერს გამდნარი სანთლის ცვილი წაუსვით. ეს მისგან სითხის ამოორთქლებას შეაფერხებს და დაფესვიანებას დააჩქარებს.
კალამი დარგეთ ისე, რომ ზედა ფოთლები მიწის ზემოთ აღმოჩნდეს. მორწყეთ ვარდი და ბოთლის ზედა ნაწილი დააფარეთ. დადგით ეს მინი სათბური 20 – 25 გრადუსიან ტემპერატურაზე. დაფესვიანება 3 დან 5 კვირამდე ვადაში მოხდება.
აი მთელი ტექნოლოგია. ვარდი ყვავილების დედოფალია, ის სილამაზით და პრეტენზიულობით გამოირჩევა, თუმცა ამ მეთოდების წყალობით მისი გახარება პრობლემა ნამდვილად არარ იქნება.