Connect with us

სახლი და დიზაინი

როგორ გავათეთროთ თუჯის აბაზანა სახლის პირობებში

რემონტის შემდეგ სააბაზანო ოთახში ძველი სანტექნიკა თითქმის მთლიანად მოვიშორეთ. ქმარმა ადგილის დასაზოგად დასაკიდი უნიტაზი დააყენა, ხელსაბანი მოდური – ფიალის ფორმის ხელსაბანი ხის მაგიდაზე. მხოლოდ ერთი ობიექტი დავტოვეთ. მაგრამ თუჯის აბაზანის სრულად გაწმენდა მოგვიწია.

ეს აბაზანა სახლის ხნისაა. 3 რემონტი გადაიტანა და ამდენივე შეღებვა. მუდმივი გამოყენებისა და წყლის ცუდი ხარისხის გამო ზედაპირზე ყვითელი ნადები გაჩნდა. გადავწყვიტე თუჯის აბაზანა ყოველგვარი ქიმიის გარეშე გამეწმინდა. Alltime.ge–ს რედაქცია გასწავლით, როგორ გაათეთროთ თუჯის აბაზანა სახლის პირობებში.

ვინ არის დამნაშავე და რა გავაკეთოთ

როგორი ირონიულიც არ უნდა იყოს, აბაზანა ბინძურდება, როცა ვიბანთ. საქმე იმაშია, რომ აბაზანის ზედაპირი უხსნადი ნივთიერების თანაბარი ფენით იფარება, რომელიც ონკანის წყალში შედის. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მილები თუჯისაა და თქვენს რეგიონში ხისტი წყალია. წყლის ნაკადს მილიდან მთელი ჟანგი და ნადები გამოაქვს, რაც შეუძლებელია აბაზანაზე არ აისახოს.

თუნდაც ძველ და თუჯის აბაზანას სწორი მოვლა სჭირდება. სპეციალისტები მის გაწმენდას აბრაზიული საშუალებებით არ გირჩევენ. ლითონის ღრუბელზე უარი თქვით, რადგან მან შეიძლება ზედაპირზე მიკრობზარები დატოვოს. მოგვიანებით ასეთ ნაკაწრებში ჭუჭყი გროვდება და მისი მოშორება გაგიჭირდებათ.

როგორ გავწმინდოთ თუჯის აბაზანა მარტივად

დროისა და სიყვითლისგან დატანჯული თუჯის აბაზანის გაწმენდას რამდენიმე საშუალების კომბინაციით შეძლებთ. დაიწყეთ საკვები სოდით და ლიმონის მჟავით. აბაზანას ცხელი წყალი გადაავლეთ. აბაზანის ზედაპირი სოდით და ღრუბელის უხეში თავით გახეხეთ. თქვენ დაახლოებით 100 გრ სოდა დაგჭირდებათ.

ამის შემდეგ 10 წუთით გააჩერეთ. ამ დროში 3 პაკეტი ლიმონმჟავა თბილ წყალში გახსენით. აბაზანის ზედაპირიდან სოდის ხსნარი ჩამორეცხეთ. აუცილებლობის შემთხვევაში დაბინძურებული ადგილები ღრუბელით ხელმეორედ დაამუშავეთ.

სიყვითლეს წყალბადის ზეჟანგის და ნიშადურის სპირტის ხსნარიც გაუმკლავდება. 1:2 პროპორციით აურიეთ. ხსნარი მშრალ ჩვარზე ან ღრუბელზე დაასხით. ამ ხსნარით დაბინძურებული ადგილები გაწმინდეთ. 20 წუთის შემდეგ წყლით ჩამორეცხეთ.

ძველ აბაზანაში ჟანგს ღვინის ძმარი და მარილი გაუმკლავდება. 100 მლ ძმარს 2 ს/კ მარილი აურიეთ. მარილი კარგად უნდა გაზავდეს. ხსნარით ღრუბელი ან ჩვარი გაჟღინთეთ. დაბინძურებული ზედაპირი გაწმინდეთ. 20 წუთში ჩამორეცხეთ.

რა თქმა უნდა, თუ სააბაზანო ოთახში კაპიტალურ რემონტს აკეთებთ, თავად აბაზანაც შეგიძლიათ გამოცვალოთ. ბევრი ჩემი მეგობარი წუწუნებს, რომ კარგი აბაზანა ძვირი ღირს, ხოლო საშუალო ღირებულების აბაზანა ძველ თუჯის აბაზანასთან ძლიერ აგებს. სწორედ ამიტომ, „მოხუცის“ მოწესრიგება გადავწყვიტე, რასაც არ ვნანობ.