ყვავილები
რით გამოვკვებოთ ვარდი ყვავილობის დროს
წელს ზაფხული ადრე მოვიდა და მზის მწველი სხივების დამსახურებით ბევრმა მცენარემ აყვავება უკვე მოასწრო. აი, ვარდი, ყვავილების დედოფალი, უხვი მორწყვის წყალობით ჯერ კიდევ ყვავილებს არ თმობს. Alltime.ge–ს რედაქცია გასწავლით, როგორ გამოკვებოთ ვარდი ზაფხულში სწორად ყვავილობის გასახანგრძლივებლად.
ვარდს განსაკუთრებული ყურადღება და ზრუნვა უყვარს. თუ გაზაფხულზე ბუგრებისგან ვიცავდი, ზაფხულში მის გამოკვებაზე ვზრუნავ. მისი დიდებული ყვავილები ამ შრომად ღირს! სეზონზე 2-3 გამოკვება საკმარისია.
მხოლოდ ჯანმრთელი მცენარე გამოკვებეთ
გამოცდილმა ფლორისტებმა და მებაღეებმა იციან, რომ მხოლოდ ჯანმრთელი მცენარე უნდა გამოკვებონ. სასუქის მიწოდებამდე ბუჩქები შეამოწმეთ, დაავადებული ხომ არაა. ცივ, წვიმიან გაზაფხულზე ვარდი შეიძლება დალაქავდეს, დალპეს და მავნებელმა მწერებმა შეაწუხონ.
ხარისხიანი ავზის ნარევი მავნებლებთან და დაავადებებთან ბრძოლაში დაგეხმარებათ. „აქტარის“ და „სკორის“ ნარევი +25 გრადუსზე ეფექტურია. თუ ქუჩაში გრილა, „აკტარის“ და „ჰორუსის“ ნარევის გამოყენებას გირჩევთ.
თუ თან ნესტიანი ამინდია, ბოლო ნარევს „ლიპოსამი“ დაუმატეთ – მიმწებებელი, ასევე „ეპინი“ – ზრდის სტიმულატორი. ნებისმიერი სასუქის მიწოდებამდე მიწა კარგად მორწყეთ. რჩევა: სჯობს ნაკლებად გამოკვებოთ, ვიდრე ზედმეტად.
ნატურალური სასუქები
ბევრი ფიქრობს, რომ ვარდისთვის ორგანული კვება საუკეთესოა. ამასთან, მაქსიმალურად მრავალფეროვანი უნდა იყოს. თუ მწვანე სასუქს (ბალახების ნაყენს) ამზადებთ, ნაცრის ნაყენი აუცილებლად დაუმატეთ. იგივე ნაკელის ან სკინტლის ნაყენს ეხება.
ქარხნული წარმოების ორგანული სასუქი ვარდს აუცილებელი მიკროელემენტების მთელ ნაკრებს მიაწვდის. მასში კალიუმი და მაგნიუმი აუცილებლად უნდა შედიოდეს. ორივე მიკროელემენტი უხვი და ხანგრძლივი ყვავილობისთვის აუცილებელია. პრეპარატის სახელს მნიშვნელობა არ აქვს, უბრალოდ შეძენამდე შემადგენლობა კარგად წაიკითხეთ.
ჩემს ნაკვეთზე 6 ვარდის ბუჩქი, აქედან 2 მცოცავი ვარდი იზრდება. მათ ზამთარი ცუდად გადაიტანეს, ზაფხულში რეანიმაცია მოითხოვეს, სამაგიეროდ, ზაფხულში უხვად და მთელი ძალით აყვავილდნენ. ამაში ორგანული პროცედურები დამეხმარა. ვარდი 2-3 კვირაში ერთხელ გამოკვებეთ. ყვავილების მდგომარეობას ყურადღება მიაქციეთ.