Connect with us

ყვავილები

რა უნდა გაუკეთოთ დეკემბერას სექტემბერში, რომ ზამთარში უხვად აყვავილდეს

დედაჩემი ამ მცენარეზე გიჟდება, ამიტომ ადრე მთელ ბინაში ეს მცენარე იზრდებოდა. წესად გვქონდა, ყოველ წელს ჩაგვეწერა, თუ რომელ რიცხვში აყვავილდა ქოთანი. ჩვეულებრივ, ახალ წლამდე აყვავილებას ყველა ასწრებდა. ბავშვობიდან მივხვდი, რომ დეკემბერაზე ზრუნვა მარტივი საქმეა, მაგრამ გარკვეული დეტალები არსებობს.

ვინც რა არ უნდა თქვას, ყვავილს 1825 წლის ანტისამთავრობო მოძრაობის მონაწილეებთან საერთო არაფერი აქვს. ხალხში მცენარეს დეკემბერას უწოდებენ, რადგან დეკემბერში ყვავილობს. მეზობლისგან გავიგე მისი სხვა სახელი „საშობაო კაქტუსი“. მოდით გავარკვიოთ, როგორ უნდა ვიზრუნოთ დეკემბერაზე შემოდგომაზე, რომ დეკემბერში თავისი სილამაზე გვაჩვენოს.

სწორი მოვლა შემოდგომაზე

გამოკვება

წინ მცენარეს ზამთრის რთული პერიოდი ელოდება. სწორედ ამიტომ, დეკემბერა სექტემბერში აუცილებლად უნდა გამოკვებოთ. შეარჩიეთ სასუქი, რომელიც კალიუმს და ფოსფორს შეიცავს. მის პოვნას ნებისმიერ ყვავილების მაღაზიაში შეძლებთ. თუ ნატურალურ სასუქს უპირატესობას ანიჭებთ, ნაცარი იდეალურად გამოგადგებათ. 1 ასანთის ყუთი ნაცარი 1 ლ წყალში გაზავებული საკმარისი იქნება. ამ ხსნარით მცენარე მორწყეთ და გაზაფხულამდე სხვა სასუქი არ მიაწოდოთ.

გადატანა

თუ ზაფხულში ფანჯრის რაფა საუკეთესო ადგილია დეკემბერასთვის, ზამთარში მცენარეს აქ დასცხება. როგორც კი გათბობას ჩართავთ, დეკემბერა ოთახის შორეულ კუთხეში ან შემინულ აივანზე გაიტანეთ. მცენარე ყვავილობას 10-13 გრადუს ტემპერატურაზე დაიწყებს.

ოღონდ ქოთნის აქეთ–იქით გადატანა არ ღირს. დეკემბერას ეს არ უყვარს. ცივი და არც თუ ისე ნათელი ადგილი შეარჩიეთ, აქ მცენარე დადეთ და გათბობის სეზონის დასრულებამდე არ შეეხოთ.

მორწყვა

შემოდგომიდან მორწყვა შეამცირეთ, თვეში 2-ჯერ საკმარისი იქნება. ასე გააგრძელეთ, სანამ მცენარე არ აყვავილდება. ასეთი ზომები საჭიროა იმისთვის, რომ დეკემბერამ დაისვენოს და ყვავილობისა და კვირტების გასავითარებლად ენერგია მოიკრიფოს.

არ გადარგოთ და არ გადაჭრათ

სჯობს გაზაფხულზე გადარგოთ. შემოდგომაზე მცენარე ემზადება სიცივესთან შესახვედრად, ცდილობს ენერგია მოიკრიფოს. ისეთი შფოთვა, როგორიცაა ზედმეტი გადარგვა, მცენარეს არ სჭირდება. რა თქმა უნდა, თუ სასწრაფო სიტუაციაა, უნდა გარისკოთ. დეკემბერას გადაჭრაც არ ღირს. მას ხომ კვირტების გამოღებამდე ახალი ყლორტების გაზრდა მოუწევს. სჯობს მცენარე გაზაფხულზე ან ზაფხულზე გადაჭრათ.

შემოდგომაზე დეკემბერას მოვლა რთული არაა. მხოლოდ ერთხელ სასუქი უნდა მიაწოდოთ, გრილ ადგილას გადადოთ და ზოგჯერ მორწყათ. სხვა შემთხვევაში მცენარე უპრეტენზიოა. სხვათა შორის, ზოგჯერ უფრო ხშირად ყვავილობს, ვიდრე წელიწადში ერთხელ. ეს მფლობელისთვის ნამდვილი საჩუქარია, რომელიც აჩვენებს, რომ დეკემბერას თქვენი ზრუნვა მოსწონს.