Connect with us

ყვავილები

რა მოხდება, თუ ფულის ხეს ინტენსიურად კვერცხის ნაჭუჭით გამოკვებავთ

ბევრისთვის ცნობილია, რომ ოთახის მცენარეების გამოკვება არა მხოლოდ სპეციალური საშუალებებით, არამედ საკვები ნარჩენებით შეიძლება. თუმცა ცოტამ თუ იცის, თუ რამდენად ეფექტურია კვერცხის ნაჭუჭი ,როგორც სასუქი.

დღეს Alltime.ge გიამბობთ, როგორ და რატომ სჯობს კვერცხის ნაჭუჭის გამოყენება მცენარეების გამოსაკვებად.

თუ მოულოდნელად ხახვის ფურცლებით ყვავილების გამოკვებამ მოლოდინები არ გაგიმართლათ, მძიმე არტილერიაზე გადადით. დავიწყოთ?

კვერცხის ნაჭუჭი, როგორც სასუქი

ზოგიერთი ვარაუდობს, რომ ქოთანში კვერცხის ნაჭუჭი შეგიძლიათ ნებისმიერი სახით და რაოდენობით დაამატოთ. ალბათ, ეს ყველაზე გავრცელებული შეცდომაა.

სინამდვილეში ოთახის ყვავილების გამოსაკვებად სასუქის დოზირება უნდა დაიცვათ (მაშინაც, როცა საქმე შინაურულ საშუალებას ეხება). მით უმეტეს, თავად სასუქის მომზადების დროს გარკვეული თანმიმდევრობა უნდა დაიცვათ.

თითქმის ყველა ადამიანისთვის კვერცხი ყოველდღიური რაციონის განუყოფელი ნაწილია. ეს იმას ნიშნავს, რომ კვერცხის ნაჭუჭი ერთ–ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი სასუქია. ალბათ, ამაში მისი ხიბლია.

ყველაზე მთავარია ეფექტი, რომელსაც სასუქი იძლევა: ნაჭუჭი ნიადაგს არა მხოლოდ სასარგებლო მიკროელემენტებით ამდიდრებს, არამედ მცენარეს სხვადასხვა დაავადებასთან ბრძოლაში ეხმარება. ასევე ნიადაგს შესანიშნავად ამჟავებს.

ნიადაგის გამოსაკვებად სჯობს შინაურული ქათმის კვერცხის ნაჭუჭი გამოიყენოთ. თუმცა გასაგებია, რომ ასეთი შესაძლებლობა ყველას არ აქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში იმ ფირმის კვერცხი შეიძინეთ, რომლის ნდობაც ხანგრძლივი პერიოდით გამტკიცებულია.

როგორ გამოვკვებოთ მცენარე კვერცხის ნაჭუჭით

როგორც უკვე აღვნიშნეთ, სანამ გამოკვებას დაიწყებთ, სასუქი უნდა მოამზადოთ. კვერცხი მოხარშეთ, რომ ნაჭუჭი კვერცხის ცილას ადვილად მოშორდეს.

შეგიძლიათ უმი კვერცხის ნაჭუჭიც გამოიყენოთ, მაგრამ ამ შემთხვევაში აუცილებლად კარგად უნდა გარეცხოთ და გააშროთ, სანამ მცენარეს მიაწვდით. წინააღმდეგ შემთხვევაში ნაჭუჭის შიგნით დარჩენილი ცილის ნაწილები დალპება და ყვავილს დააზიანებს.

სჯობს ნაჭუჭი მიწის ზედა ფენას აურიოთ. აღსანიშნავია, რომ უფრო კარგ ეფექტს მიიღებთ, თუ წინასწარ გაახმობთ და დაფქვავთ. ამ მიზნით შეგიძლიათ ყავის საფქვავი ან ჩვეულებრივი სანაყი გამოიყენოთ. პროცედურა 3-4 თვეში ერთხელ შეასრულეთ.

თუმცა არსებობს სხვა, უფრო მოქმედი სასუქის ვარიანტიც: კვერცხის ნაჭუჭის ფქვილის ნაყენი.

ნაყენის მოსამზადებლად 1 ლ ცხელი წყალი და 200 გრ კვერცხის ნაჭუჭის ფქვილი დაგჭირდებათ. უბრალოდ მინის ქილაში ორი კომპონენტი მოათავსეთ და თავსახური მჭიდროდ დაახურეთ. ამის შემდეგ 12-14 დღე ბნელ ადგილას გააჩერეთ. ხსნარი რეგულარულად შეანჟღრიეთ (დღეში ერთხელ, 2 კვირის განმავლობაში).

ყვავილები ამ ხსნარით 3 თვეში 1-2-ჯერ მორწყეთ.

აღსანიშნავია, რომ აზალიას, ნემსიწვერას და კამელიას ასეთი სასუქი არ მოსწონს. ასეთი ყვავილები ტუტე და ნეიტრალურ ნიადაგში უკეთ იზრდება, ამიტომ ვერცხის ნაჭუჭის მჟავე გარემო ზიანს მიაყენებთ.