Connect with us

ყვავილები

რა გავაკეთოთ, რომ პეტუნია შეშლილივით აყვავილდეს

პეტუნია მრავალწლიანი მცენარეა, თუმცა ჩვენი კლიმატის პირობების გათვალისწინებით ღია ნაკვეთზე რამდენიმე წლით მისი გაზრდა გაგიჭირდებათ. სწორედ ამიტომ, ხშირად პეტუნიას ერთწლიანს უწოდებენ და ყოველწლიურად ახალ ნერგს ამზადებენ. Alltime–ს რედაქცია გიზიარებთ აქტუალურ ინფორმაციას, თუ როგორ გაზარდოთ პეტუნია თესლიდან.

როგორ გავზარდოთ პეტუნია თესლიდან

პეტუნია დიდებულად და ძალიან დიდხანს ყვავილობს. ყვავილი უპრეტენზიოა, მაგრამ აღმოცენების მხრივ შეიძლება პრობლემები შეგექმნათ. ამის თავიდან ასაცილებლად ლამაზი მცენარის გაზრდის მთავარ წესებს გაეცანით.

პირველ რიგში, თავად თესლს ყურადღება მიაქციეთ. ის ახალი და ხარისხიანი უნდა იყოს. გარდა ამისა, მცენარის სახეობა მნიშვნელოვანია. მაგალითად, ბუჩქის თესლი ღია მიწაში დასათესად გამოგადგებათ, ხოლო ამპელური – ქოთნებისა და კაშპოსთვის.

ასევე შეგიძლიათ სხვადასხვა ჯიშის პეტუნია შეარჩიოთ. მაღაზიებში შეფუთვები მზა ნარევებით ხშირად იყიდება. შედეგად, თქვენს ნაკვეთზე ან ფანჯრის რაფაზე სხვადასხვა შეფერილობის ყვავილები გაიზრდება. თუ ერთფერიან ყვავილების გამას უპირატესობას ანიჭებთ, კონკრეტული ჯიში შეარჩიეთ.

ნერგების მომზადება

მომავალი ნერგის წარმატება დიდწილად დამოკიდებულია ნიადაგზე, რომელშიც თესლს თესავთ. ამ მიზნით სპეციალისტები გირჩევენ, ნაყოფიერი მიწის და ჰიდროგელის ნარევი გამოიყენოთ. ეს სპეციალური ნივთიერებაა, რომელიც ტენიანობას შთანთქავს და მცენარის ფესვებს აუცილებლობის შემთხვევაში აწვდის.

პეტუნიას ნერგებს ფხვიერი და მსუბუქი ნიადაგი სჭირდება. ამ მიზნით სპეციალურ მაღაზიებში ნერგებისთვის განკუთვნილი მზა ნარევი შეგიძლიათ გამოიყენოთ. ასე ნერგების მომზადება გაგიმარტივდებათ. სხვათა შორის, მისთვის გამჭვირვალე მაღალი თავსახურის მქონე პლასტმასის კონტეინერი დაგჭირდებათ.

კონტეინერი ნიადაგის ნარევით გაავსეთ, შემდეგ მარგანცოვკის ხსნარით (5 გრ 1 ლ წყალზე) მორწყეთ. ასე მიწას დეზინფექციას ჩაუტარებთ და სოკოვანი დაავადებებისგან დაიცავთ. მორწყვის შემდეგ მიწის ზედაპირზე თესლი დათესეთ და კონტეინერს თავსახური დაახურეთ.

თესლი ძალიან ღრმად არ ჩარგოთ, მას გასაღვივებლად ბევრი სინათლე სჭირდება. პირველ დღეებში სჯობს არ მორწყათ. აღმონაცენები დათესვიდან სადღაც 1–2 კვირაში გაჩნდება. ამისთვის ტემპერატურის რეჟიმი დაიცავით (ზუსტად 25 გრადუსი) და კარგი განათებით უზრუნველყავით. პირველი აღმონაცენი მიგანიშნებთ, რომ ნერგს განიავება სჭირდება. ამისთვის დღეში 2–ჯერ, 10-15 წუთი საკმარისია.

მთვარის სათესი კალენდრის მიხედვით, 2021 წლის აპრილში ნერგი სჯობს 2, 3, 4 და 6 რიცხვებში დათესოთ. აი, 8 და 23 აპრილს ამის გაკეთება არ ღირს.

მცენარის მოვლა

როგორც კი, პირველი 3-4 ფოთოლი გამოჩნდება, დროა მცენარის პიკირება დაიწყოთ. პეტუნიას დატოტვილი ფესვების სისტემა აქვს, ამიტომ სჯობს პირდაპირ დიდ ქოთანში ან კასეტებში გადარგოთ. ყვავილს საკმარისი ადგილი ექნება, რომ სრულყოფილად განვითარდეს.

პიკირების შემდეგ ჰაერის ტემპერატურა 18-20 გრადუსამდე დაწიეთ. მცენარე ზომიერად მორწყეთ, ყოველგვარი ფანატიზმის გარეშე. ნერგები მადლობას გეტყვით, თუ კომპლექსური სასუქით (ფოსფორის და კალიუმის ჭარბი შემცველობით) გამოკვებავთ.

აპრილსა და მაისში ნერგები შეგიძლიათ ნაკვეთზე გადარგოთ. ამ მიზნით გაზაფხულის ბოლო თვეს ყველაზე ხელსაყრელი დღეებია: 1-5, 9-13, 15-20, 24-29 და 31.

ზრდით სახლში ან აგარაკზე პეტუნიას? საინტერესოა, ნერგებს წინასწარ ამზადებთ თუ მცენარეს პირდაპირ ღია ნაკვეთში თესავთ? გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება!