თავის მოვლა
რატომ უნდა წაისვათ საღებავი სუფთა თმაზე
თმა რომ შეინარჩუნოთ და სასურველი ფერი დიდხანს ატაროთ, საღებავის შეფუთვაზე მითითებული ინსტრუქცია დეტალურად უნდა დაიცვათ. ოღონდ ფრაზას „წაისვით ჭუჭყიან თმაზე“ ბევრი უგულებელყოფს ან არასწორად იგებს. დღეს Alltime–ს რედაქცია ეცდება გაარკვიოს, თუ როგორ შევიღებოთ თმა სწორად და როგორ მდგომარეობაში უნდა იყოს თმა საღებავის წასმამდე.
როგორ შევიღებოთ თმა
რაც უფრო მეტ ინფორმაციას წაიკითხავთ შეღებვის წინ, მით უფრო მოგეწონებათ შედეგი და თმის ხარისხი შეღებვის შემდეგ. ინტერნეტ სივრცეში ბევრ არაერთმნიშვნელოვან ინფორმაციას იპოვით. მაგალითად, იმის გასაგებად, საჭიროა თუ არა თავის დაბანა საღებავის წასმამდე, რამდენიმე ფაქტორი უნდა გაითვალისწინოთ.
ყველაზე მნიშვნელოვანია, თუ როგორ საღებავს იყენებთ. თუ აპირებთ ბუნებრივთან შედარებით უფრო ღიად შეღებვას, აშკარად გამაღიავებელ საშუალებას (10-12 ნომერი) გამოიყენებთ. ამ შემთხვევაში მწარმოებელი პროდუქტის გამოყენებას ჭუჭყიან თმაზე გირჩევთ.
თუმცა „ჭუჭყიან თმას“ ყველა განსხვავებულად იგებს. მწარმოებელის ინსტრუქციაში იგულისხმება სწორედ დასაბანი თმა ყოველგვარი სტაილინგის გარეშე. სასურველია, თმა მინიმუმ 2 დღის დაუბანელი იყოს. ასე თავის კანს დაზიანებისგან დაიცავთ, რომელიც საღებავში შემავალმა ნივთიერებებმა შეიძლება მიაყენოს.
სხვა დანარჩენ შემთხვევაში შეღებვამდე სჯობს თავი დაიბანოთ. მით უმეტეს, თუ პროფესიული საღებავის გამოყენებას გეგმავთ. ის თმის ქერქზე უკეთ დამაგრდება, ხოლო შედეგი უფრო პროგნოზირებადი გახდება. ფერიც უფრო დიდხანს შენარჩუნდება.
თმის გაუფერულება და ტონირება სწორად
თმის გაუფერულება მხოლოდ დაბანიდან 1–2 დღეში შეიძლება. გარდა ამისა, სასურველია ფხვნილს და მჟანგავს ქეკ–ამპულები (ქრომოენერგიტიკული ნაკრები) დაუმატოთ. ისინი მჟანგავის მოქმედებას არბილებენ. გახსოვდეთ, რომ მჟანგავის პროცენტი სწორად უნდა შეარჩიოთ. არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ 6%–ზე მაღალი მჟანგავი. ნარევი თმაზე მაქსიმუმ 20 წუთით გაიჩერეთ.
თმის ტონირება მხოლოდ სუფთა თმაზე ღირს. განსაკუთრებით თუ თმას პირდაპირ მოქმედების ტონირებით ფარავთ.
რედაქციისგან
რა თქმა უნდა, ნებისმიერს შეუძლია თქვას, რომ სჯობს სალონში წასვლა, რომ თმა ხარისხიანად შეიღებოთ ან გაიღიავოთ. თუმცა პანდემიის პირობებში ასეთი ვარიანტი ყველასთვის ხელმისაწვდომი არაა. თან მარტივი შეღებვის მეთოდები არსებობს. მაგალითად, თუ ნატურალური ფერის შეცვლას პირდაპირ მოქმედების საღებავით გეგმავთ. პროფესიონალებიც ირწმუნებიან, რომ მსგავსი ექსპერიმენტი შეგიძლიათ სახლში ჩაატაროთ!