ჯანმრთელობა
რატომ არ ურჩევენ ექიმები ახალგაზრდა დედებს ბავშვის გახვევას
სახვევი ერთ-ერთი იმ სიტყვათაგანია, რომელიც ბავშვთან ასოცირდება. სსრკ-ში დედებს ბავშვების გახვევის ხელოვნებას ჯერ კიდევ სამშობიაროში ასწავლიდნენ, ამასთან აუცილებელი სიზუსტით. იმ დროს „ჯარისკაცივით“ ბავშვის დაფიქსირება საუკეთესო ვარიანტად ითვლებოდა და ეჭვიც არავის ეპარებოდა, ბავშვის გახვევა შეიძლებოდა თუ არა.
სამშობიაროში სახვევის დახმარებით ბავშვის თავიდან ბოლომდე სწრაფად და ოსტატურად გახვევას ახერხებდნენ, თუ სიცივე იყო. სახვევი უფრო მარტივი იყო და სწრაფად სტერილდებოდა, ვიდრე ნებისმიერი სხვა ტანსაცმელი. ამასთან, გადავსებულ სამშობიაროში თითო ბავშვზე დიდხანს ზრუნვა შეუძლებელი იყო.
როცა დედა სამშობიარო სახლიდან გამოდიოდა, საფენების გამოცვლის რეგულარულ პრობლემას ეჯახებოდა და ყველასთვის ნაცნობ სახვევს იყენებდა. ახლაც კი, ბევრი ახალგაზრდა დედა სახვევს იყენებს და თანამედროვე ბოდეებზე, კომბინიზონებზე უარს ამბობს, რადგან მათ სახვევი წარმატებით ანაცვლებს.
ბავშვის გახვევა
ბავშვის გახვევის შესახებ პირველი ეჭვები სსრკ-ში 1970-იან წლებში გაჩნდა, როცა ამერიკელი პედიატრის, ბენჯამინ სპოკის ნაშრომმა პოპულარობა მოიპოვა. მისი წიგნი „ბავშვი და მისი მოვლა“ რუსულ ენაზე გამოიცა და საკმაოდ განხილვადი გახდა. ამის შედეგად, ექიმი 1977 წელს საბჭოთა კავშირში ჩამოვიდა და ბავშვის გახვევის წინააღმდეგ გამოვიდა.
გახვევის მომხრეების არგუმენტები
1. ითვლება, რომ გახვეულ ბავშვს უკეთ და უფრო დიდხანს ძინავს, რადგან ქსოვილი მის ხელებსა და ფეხებს კარგად აფიქსირებს. საქმე იმაშია, რომ ბავშვი ხშირად კიდურებს ქაოტურად ამოძრავებს და საკუთარ თავს აფხიზლებს.
2. სახვევი ბავშვს მოძრაობაში ხელს უშლის, რაც მას შემთხვევითი დაზიანებისგან იცავს, რომელიც შეიძლება მოხდეს. ბავშვმა შეიძლება სახე გაიკაწროს, თვალში თითი იკრას და ა.შ.
3. დედის მუცელში ბავშვი შეზღუდულ სივრცეს მიეჩვია, ამიტომ ცხოვრების პირველ თვეებში სჯობს ასეთივე პირობები შეუქმნათ.
4. გახვევის დროს ბავშვის ფეხებს აერთებდნენ და კარგად აფიქსირებდნენ, რომ ბავშვის ფეხები თანაბრად გაზრდილიყო.
თანამედროვე პედიატრები ამ თეორიების უმეტესობას მცდარ წარმოდგენად მიიჩნევენ. რაც შეეხება ბოლო პუნქტს, სახვევის არ არსებობა ბავშვის ფეხების ზრდაზე ცუდად არ მოქმედებს. პირიქით, სახვევის გამო ბავშვი აქტიურად გადაადგილებას ვერ ახერხებს, რაც მის ფიზიკურ განვითარებას აფერხებს.
ძილში კომფორტული პოზის მიღების შეუძლებლობა ზოგიერთ ბავშვს ნერვიულს ხდის. უფრო მეტიც, ზოგჯერ მუცელზე წოლაც სასარგებლოა, რაც გახვეული სახით შეუძლებელია. (მუცელზე დაწოლისას ბავშვი ინტუიციურად ფეხებს მის ქვეშ იდებს, რაც გახვეულ მდგომარეობაში შეუძლებელია).
ყურადღება მიაქციეთ, რომ პირველი რამდენიმე თვე გვერდზე ბავშვის დაწოლა არ შეიძლება, რადგან ხერხემალი მსგავს დატვირთვას მიჩვეული არაა. გვერდზე მაშინ უნდა დააწვინოს, როცა ბავშვი დამოუკიდებლად გადაბრუნებას ახერხებს. ასევე პედიატრები გირჩევენ, რომ 3 წლამდე ბავშვს დედასთან ეძინოს და არა ცალკე საძინებელში.
ბავშვი გაახვიოს თუ არა, თითოეულმა მშობელმა თავად უნდა მოიფიქროს. რაც შეეხება საერთაშორისო ტენდენციას, გახვევა არსებობს, მაგრამ შემოკლებული ვერსიით, როცა ბავშვის ხელები და ფეხები თავისუფალი რჩება. ასე მოძრაობის და ფიზიკური განვითარების საშუალება არსებობს.