Connect with us

ყვავილები

რატომ არ უნდა იჯდეს ტიტების ბოლქვები მიწაში

წლიდან წლამდე დედამთილის ბაღით ვტკბები. გაზაფხულის დადგომისთანავე ჩემი საყვარელი ყვავილებით, ტიტებით ივსება. სიცოცხლით სავსე წითელი, ყვითელი და იისფერი ლამაზმანები სახლის მიმდებარე ტერიტორიას ამშვენებენ. ახლახანს დავინტერესდი, თუ რა ვუყო ტიტებს ყვავილობის შემდეგ. მხოლოდ ცნობისმოყვარეობის გამო ვიკითხე, რადგან ფლორისტი არ ვარ. Alltime.ge–ს რედაქცია გიზიარებთ სასარგებლო რჩევებს, თუ როგორ იზრუნოთ ტიტებს ყვავილობის შემდეგ.

ყვავილობის შემდეგ ტიტების ბოლქვების მისია ამ წლისთვის დასრულებულია. ახლა მცენარეს კარგი მოვლა სჭირდება, რომ დამატებითი ბოლქვები განავითაროს და მომავალ სეზონზე აყვავილდეს.

ტიტების ცხოვრება ყვავილობის შემდეგ

ყვავილობის შემდეგ ფოთლების გადაჭრა არ იჩქაროთ, რადგან ასე ბოლქვების განვითარებას შეაჩერებთ. თავდაპირველად, ყვავილის ყუნწები მოჭერით, რომ ბოლქვები არ დასუსტდეს. რამდენიმე კვირის შემდეგ მცენარე ზომიერად მორწყეთ. ასევე კომპლექსური მინერალური სასუქი მიაწოდეთ. სასურველია, ტიტები გადაჭრათ მაშინ, როცა ყველა ფოთოლი გაყვითლდება და გახმება.

როდის ამოვთხაროთ და როგორ შევინახოთ ტიტების ბოლქვები

ტიტები აუცილებლად ყოველ წელს უნდა ამოთხაროთ. ეს მაშინ გააკეთეთ, როცა ფოთლები გაყვითლდება, მიწისზედა ნაწილი გახმება და ბოლქვები ჩამოყალიბდება. პირველ რიგში, 2–3 ბოლქვი საცდელად ამოთხარეთ. თუ მასზე ყავისფერი ქერცლები და კარგად ფორმირებული ფესვებია, დანარჩენებიც შეგიძლიათ ამოთხაროთ. თუ ბოლქვი დამპალია, გადააგდეთ. ჯანმრთელი ბოლქვები 5%–იანი მარგანცოვკის ხსნარით დაამუშავეთ და გააშრეთ.

ტიტები ბადის ყუთებში ჩააწყვეთ. მშრალ, ბნელ, კარგი ვენტილაციის მქონე ადგილას შეინახეთ. პირველი კვირები ოთახში ჰაერის ტემპერატურა დაახლოებით 23 გრადუსი უნდა იყოს. შემდეგ ტემპერატურა 20 გრადუსამდე შეამცირეთ, დარგვამდე რამდენიმე დღით ადრე – 17 გრადუსამდე.

როდის და როგორ დავრგოთ ტიტები?

ტიტები მაშინ უნდა დარგოთ, როცა ჰაერის საშუალო ტემპერატურა 7 გრადუსამდე შემცირდება. მნიშვნელოვანია, რომ ბოლქვებმა პირველ ყინვებამდე გაფესვიანება მოასწრონ და სოკოთი ან პარაზიტებით დაინფიცირება თავიდან აიცილონ.

დარგვამდე რამდენიმე კვირით ადრე მიწა მოამზადეთ: მინერალური სასუქი დაუმატეთ, დაბარეთ, გააფხვიერეთ.

დარგვამდე ბოლქვები კარგად შეამოწმეთ. შემდეგ კვლავ მარგანცოვკის ხსნარით დაამუშავეთ და ჩარგეთ.  მიწის სიღრმე სამი ბოლქვის სიგრძის უნდა იყოს. ბოლქვებს შორის დაშორება 10-15 სმ. რაც უფრო მსხვილია ბოლქვი, მით უფრო მეტი მანძილი დატოვეთ მათ შორის.

ახლა უკვე იცით, რა უნდა გააკეთოთ ტიტების ყვავილობის შემდეგ, რომ მომავალ გაზაფხულზეც ლამაზად აყვავილდეს. თქვენს ნაკვეთზე ლამაზი და მზიანი კლუმბები შექმენით! წარმატებას გისურვებთ!