Connect with us

ყვავილები

რატომ არ იზრდება კიტრი და რა გავაკეთოთ

რა თქმა უნდა, კიტრი ყველაზე გავრცელებული ბოსტნეულია ბოსტანში. მცენარე საკმაოდ უპრეტენზიოა და კარგ მოსავალს იძლევა. თუმცა რა გავაკეთოთ, თუ ყველაფრის მიუხედავად კიტრი თავის ჭირვეულობას ავლენს და არ იზრდება?

Alltime.ge-ს რედაქცია გიამბობთ, თუ რატომ არ იზრდება კიტრი და პრობლემის მოსაგვარებლად ოპტიმალურ მეთოდებს გთავაზობთ.

დაბალი ტემპერატურა

მებაღეებმა იციან, რომ კიტრი სითბოს მოყვარული კულტურაა. სათბურებში ტყუილად არ ზრდიან. დღისით ოპტიმალური ტემპერატურა 24 გრადუსია, პლიუს–მინუს 1 გრადუსი, ღამით – 15 გრადუსზე დაბლა არ უნდა დაეცეს. თუ გავითვალისწინებთ, რომ კიტრი ღამით იზრდება, წარმოიდგინეთ, რა გავლენას ახდენს მასზე ტემპერატურის მკვეთრი ვარდნა.

მოგვარების გზები

სათბურში ყველაფერი გასაგებია. თუ ღია ნაკვეთზე ზრდით, აგრილებისას პარკის გადაფარება არ დაგავიწყდეთ. რკალები დაამაგრეთ, რომ უფრო მოსახერხებელი იყოს.

ტენიანობის დეფიციტი

კიტრი 87% წყლისგან შედგება, ამიტომ საკმარისი სითხე უნდა მიაწოდოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ზრდაზე უბრალოდ უარს იტყვის. აღსანიშნავია, რომ ქვიშიან მიწაში სითხე სწრაფად ორთქლდება.

მოგვარების გზები

ქუჩის კიტრები გვალვაში ყოველ მეორე ან მესამე დღეს მორწყეთ. ამასთან მიწა მინიმუმ 10 სმ–თი წყლით გაჟღინთეთ. კიტრის ფესვების სისტემა სწორედ ამ სიღრმეზე მდებარეობს.

კიტრს სათბურში წყალი უფრო ხშირად სჭირდება, კონკრეტულად, დღეში 1-2-ჯერ. სარწყავად დაყენებული, 18 გრადუსი ტემპერატურის წყალი გამოიყენეთ.

აზოტის დეფიციტი

მწვანე მასის ზრდაზე, ძირითადად, აზოტი არის პასუხისმგებელი. მისი დეფიციტის დროს ბოსტნეული მყიფე იზრდება, ფოთლები ყვითლდება, ფერმკრთალდება.

მოგვარების გზები

მცენარე შარდოვანით გამოკვებეთ. აი, მარტივი, მაგრამ ეფექტური რეცეპტი: 10 ლ წყალში 1 ს/კ შარდოვანა გახსენით და ამ ნარევით კიტრის ფოთლები დაამუშავეთ.

ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ქათმის სკინტლი. ამ შემთხვევაში 1 ნაწილ ქათმის სკინტლს 9 ნაწილი წყალი დაუმატეთ. 3 დღე დააყენეთ. რეგულარულად აურიეთ. შემდეგ 1:10 პროპორციით წყალში გააზავეთ და კიტრი მორწყეთ: 1 ლ თითო ბუჩქზე.

თუ კიტრის ზრდის შეწყვეტის მიზეზი აზოტის დეფიციტია, ამ ელემენტის დიდი რაოდენობით შემცველი მინერალური ან ორგანული სასუქებით გამოკვებეთ.

ნერგების სიმჭიდროვე

ზოგჯერ კიტრს ერთმანეთისგან ერთი და იმავე დაშორებით რგავენ, არადა სხვადასხვა კულტურებს განსხვავებული დაშორება სჭირდებათ. თუ ამ ფაქტს არ გაითვალისწინებთ, მცენარე ზრდას შეაფერხებს, რადგან იღებს ნაკლებ სინათლეს, წყალს და ა.შ. როგორც წესი, ბუჩქებს შორის ოპტიმალური დაშორება 32-33 სმ, რიგებს შორის ერთმანეთისგან 75 სმ–ით უნდა იყვნენ დაშორებული.

მოგვარების გზები

არ დაგენანოთ და კვლები გაამეჩხერეთ ან ზედმეტი ბუჩქები სხვა ადგილას გადარგეთ. გაითვალისწინეთ, რომ კიტრს ადგილის შეცვლა არ უყვარს და, სავარაუდოდ, უბრალოდ ყველა დაიღუპება. კიდევ ერთი საინტერესო მეთოდი: კიტრის გასაზრდელად ვერტიკალური კვლები გამოიყენეთ.

სინათლის დეფიციტი

თუ კიტრი წარუმატებელ ადგილას დარგეთ, არ გაგიკვირდეთ, რომ ისე არ იზრდება, როგორც გსურთ. ცივი ქარი და სინათლის დეფიციტი კარგ მოსავალს შანსს არ აძლევს.

მოგვარების გზები

თუ კიტრი ჩრდილში იმყოფება, დაუყონებლივ მოიშორეთ. ქარისგან დასაცავად გარშემო სიმინდი, პარკოსნები ან მზესუმზირა დარგეთ. კიტრის კვლებიდან ჩრდილოეთ მხარეს დარგეთ.

არასწორი ფორმირება

ბევრი ფოთოლიც კიტრის ზრდას და უხვ მოსავალს ხელს უშლის. ამ შემთხვევაში აზრები იყოფა. ზოგი კიტრს ერთ ბარდზე ზრდის, ზოგი ამ ტექნიკას ეწინააღმდეგება.

მოგვარების გზები

კიტრის ბარდი „დააბრმავეთ“. 5 ფოთლის სიმაღლეზე ულვაშები, ფოთლები, ნასკვები მოაშორეთ.

დაავადებები

მცენარის ზრდის შეფერხება შეიძლება დაავადების არსებობაზე სიგნალს გაძლევდეთ. ამ შემთხვევაში მიზეზი მრავალია: წყლის დაგუბება, მიწის დაინფიცირება, ამინდის პირობები, სასუქის დეფიციტი ან სიჭარბე.

მოგვარების გზები

პროფილაქტიკა საუკეთესო მეთოდია. მცენარე ფიტოსპორინით დაამუშავეთ. პირველივე ფოთლის გაჩენისთანავე დანამვა დაიწყეთ, შემდეგ 14 დღეში და ყვავილობის წინ მესამედ პროცედურა გაიმეორეთ. ამის შემდეგ კიტრი თვეში 2–ჯერ დაამუშავეთ.

ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი რჩევები სასარგებლო იყო და კიტრის კარგი მოსავლის აღებაში დაგეხმარებათ.