საკითხავი
რატომ არის ასეთი მშვენიერი მალამუტი ან „ბავშვების მგელი“
თუ სახლში ძაღლია, იმედგაცრუებას, დარდს და ცუდ განწყობას ადგილი აღარ აქვს. ძაღლის ჯიში მალამუტი ამის დამადასტურებელია. ეს დიდი ბანჯგვლიანი ცხოველი გულგრილს არავის ტოვებს. დღეს Alltime-ს რედაქცია მალამუტის საინტერესო თვისებებზე გიამბობთ.
მალამუტი
შთამბეჭდავი ზომის ძაღლები მომხიბლავი ყავისფერი თვალებით და ღრმა მზერით წამებში თავს შეგაყვარებთ. აღსანიშნავია, რომ ამ სამარხილო ძაღლებს წარმოუდგენელი ნებისყოფა აქვთ, ამიტომ გასაწვრთნელად სწორი მიდგომა სჭირდებათ. თუ შინაურ ცხოველს რეგულარულად ყურადღებას დაუთმობთ და სწორად მიმართავთ, ერთგულ მეგობარს შეიძენთ, რომელიც ყოველდღე თავისი არსებობით გაგახარებთ.
ასეთი მშვენიერი ძაღლი სახელად ბალტო ჩემს ახლო მეგობრებთან ცხოვრობს. მათთან სტუმრობასა და ამ სასწაული არსების მოფერებაზე ვგიჟდები. გიამბობთ, თუ რა საინტერესო რამ შევამჩნიე მალამუტის ქცევებში.
მალამუტს ძალიან მოხერხებული თათები აქვს
ეს ძაღლი თათებს ისე იყენებს, თითქოს ხელები იყოს. ხშირად ვუყურებ, თუ როგორ „უჭირავს“ ბალტოს საჭმელი ან სათამაშო. თან ძალიან ჭკვიანია, ამიტომ მანქანაში ფანჯრის გაღება სწრაფად ისწავლა. ნაცნობ მანქანაში სწრაფად მოქმედებს, ახალში კი რამდენიმეჯერ ცდის, სანამ არ გამოუვა.
ჩემი მეგობრის მალამუტმა კარის გაღებაც იცის. თავიდან ყეფს და იხვეწება, შემდეგ კი თავის ჯადოსნურ თათებს–ხელებს იყენებს. აი, კარის დაკეტვაც რომ ისწავლოს, მაგარი იქნება!
მალამუტი არ ყეფს, არამედ ლაპარაკობს
არა, რა თქმა უნდა, ზოგჯერ შეიძლება მალამუტის ყეფა მოისმინოთ, როგორც ნებისმიერი პატივმოყვარე ძაღლისგან. ხშირად ისეთ ბგერებს გამოსცემს, თითქოსდა რაიმეს თქმას ცდილობს. თან ამას ხმამაღლა და დიდხანს აკეთებს. განსაკუთრებით სახალისოა, როცა მგელივით ყმუის. მეზობლებს მხოლოდ თანავუგრძნობ.
მალამუტს თხრა უყვარს
ბუნებით დიდი მთხრელია. აი, ორმოების ამოთხრაზე პირდაპირ გიჟდება! რა თქმა უნდა, ეს დიასახლისებს ყოველთვის არ მოსწონს. შემდეგ ასეთი ღია ბეწვის ცხოველის დაბანა სცადეთ. როგორც მეგობარი ამბობს, გადაჩვევა აბსოლუტურად შეუძლებელია. მიწის თხრისკენ ლტოლვა ბუნებით ჩადებულია და მორჩა!
მალამუტი საუბარს უსმენს
ბალტო პირდაპირი გაგებით საუბარს უსმენს. ყველასთან ერთად ოთახში ყოფნა უყვარს. ერთხელ, ვისხედით და სხვადასხვა თემაზე ვლაპარაკობდით. გვერდით ძაღლი იწვა თვალდახუჭული. თითქოსდა ეძინა. როგორც კი სიტყვა „ჭამა“ გაიგონა, ეშმაკი ბალტო იმწამსვე წამოხტა და სასტუმრო ოთახში კბილებში ჩადებული თეფში მოიტანა.
ეს ყველაზე მარტივი მაგალითია. სინამდვილეში, ბანჯგვლიანმა ეშმაკმა ბევრი სიტყვა იცის და მუდმივად უსმენს, ვინმეს ჭამის ან გასეირნების იდეა ხომ არ გაუჩნდა. სამწუხაროდ, ფრაზა „ყურები გაიწმინდე“ ვერ ისწავლა. როცა ეს სიტყვები ესმის, იმალება, რადგან ჰიგიენური პროცედურები არ უყვარს.
შევიძინოთ მალამუტი?
მალამუტი ძალიან ჭკვიანი, კეთილი, მოქნილი და ერთგული ძაღლია. თუმცა მის გაწვრთნას სერიოზულად უნდა მიუდგეთ. პირველ რიგში, მალამუტი დამწყებთათვის არაა. ასეთ ცხოველს დიდი ჯიშების გამოცდილი აღმზრდელი თუ გაუმკლავდება. ეს ჯიში თავნება და ჯიუტი ბუნებით გამოირჩევა, ამიტომ აუცილებლად უნდა აჩვენოთ, თუ ვინ არის სახლში უფროსი.
მეორეც, ეს სამარხილო ჯიშის ძაღლია, რომელიც სპეციალურად გუნდში მუშაობისთვის გამოიყვანეს. მათ დიდხანს სეირნობა და ბევრი მოძრაობა სჭირდება. საერთოდ, ბინაში მალამუტის ყოლა კარგი იდეა არაა. მეორე მხრივ, ასეთ ძაღლს დარაჯის როლი არ შეეფერება. ამ მიზნით ზედმეტად მოსიყვარულე და მეგობრულია. უცნობს არ დაუყეფს, არამედ მოელაქუცება და გაეთამაშება.
თქვენ მოგწონთ მალამუტი? იქნებ ასეთი შესანიშნავი ძაღლი გყავთ? მაშინ თქვენი დაკვირვებები გაგვიზიარეთ.