Connect with us

ყვავილები

პიონების გადარგვა გაზაფხულზე

პიონების გადარგვა და გაცალკევება შემოდგომაზეა რეკომენდებული. გაზაფხულზე აჯობებს საერთოდ არ შეეხოთ მათ. როგორც წესი პიონებს დარგვიდან 3-4 წელიწადი შეწუხება არ უყვართ და მათი ამ პერიოდში გადარგვა რეკომენდებული არ არის! თუმცა ზოგჯერ ხდება შემთხვევები როდესაც სხვა გამოსავალი არ გვაქვს და მათ გადარგვას შექმნილი ვითარება მოითხოვს!

ჩემს შემთხვევაშიც სწორედ ასე გამოვიდა. ბაღში შარშან დარგული პიონების სამი ბუჩქი ვიპოვე, აქედან ორი თითქმის სულ დაფარული იყო სარეველა ბალახით, მესამე კი შედარებით დაბალ ადგილას იყო დარგული და გამდნარი თოვლის დამდგარ წყალში ძლივს მოჩანდა, გაზაფხულზე წყალში ყოფნა კი პიონებს ნამდვილად არ უყვართ.

გადაწყვეტილი მქონდა საცხოვრებელი ადგილის გამოცვლაც, ამიტომ იძულებული გავხდი წესი დამერღვია და პიონები დარგვიდან მეორე წელს ამომეთხარ გადასარგავად, ადგილი სადაც საცხოვრებლად გადავდიოდი ჯერ კიდევ არ იყო მზად ამიტომ ისინი სათლში ჩავრგე და სარდაფში დავდგი.

მიუხედავად სიბნელისა და სიცივისა – მას შემდეგ რაც დათბა და ნიადაგიც შეთბა – პიონებმა ზრდა დაიწყეს. შესაბამისად იძულებული გავხდი ისინი გაზაფხულზევე გადამერგო ბაღში. გაითვალისწინეთ: თუ პიონების გადარგვა გაზაფხულზე გიწევთ, აჯობებს ეს რაც შეიძლება ადრე გააკეთოთ, რაც უფრო თბება და ზაფხული ახლოვდება – მით უფრო მეტ სტრესს იწვევს გადარგვა პიონებში. გადარგვისას აჯობებს სულ მცირე 2-3 ბოლქვი ჩარგოთ ერთად. თითო ბოლქვიც იზრდება მაგრამ, ნელა.

დარგვისას იზრუნეთ მის გამოკვებაზე. გამოიყენეთ კომპოსტი ან საგაზაფხულო (გაზაფხულზე დარგვისას) ორგანულ-მინერალური სასუქი. ორმოში ჩაყრილ სასუქს ზემოდან მიწა მოაყარეთ რათა ყვავილს ფესვები არ დაუწვას, ჩადევით ორმოში პიონი და ფრთხილად მიაყარეთ მიწა. მოუტკეპნეთ მიწა – მაგრამ, ფეხით არა, რადგან ეს მათ დააზიანებს.

დაიმახსოვრეთ: მძიმე ნიადაგში პიონი 5 სანტიმეტრ სიღრმზეზე უნდა დარგოთ, მსუბუქში კი 7 სანტიმეტრზე. დარგვის შემდეგ ფრთხილად მოაყარეთ მიწა მცენარეს, ოდნავ დატკეპნეთ, კარგად მორწყეთ და თუ ნიადაგი დაჯდება კიდევ დაუმატეთ მიწა და ისევ ფრთხილად მაგრამ, კარგად დატკეპნეთ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.