Connect with us

ყვავილები

ოთახის არომატული მცენარეები

თითქმის ყველა ჩვენგანს აქვს სახლში ოთახის მცენარეები. ბევრი დიასახლისი თვლის, რომ ისინი სასარგებლო ზეგავლენას ახდენენ სახლში არსებულ ატმოსფეროზე და რაც მთვარია ჰაერს წმენდენ.

როგორც წესი მცენარეებს ვირჩევთ ფოთლების, ყლორტებისა და ყვავილების სილამაზის მიხედვით, უპირატესობას ვანიჭებთ მაღალი გამძლეობის მქონე და ნაკლებ პრეტენზიულებს, შემდეგ კი ვამოწმებთ რამდენად შეეგუებიან ისინი ჩვენი სახლის პირობებს. ხშირად გვავიწყდება რომ ესთეტიკის გარდა ოთახის მცენარეებმა შეიძლება თავისი საოცარი სურნელითაც მოგვანიჭონ დიდი სიამოვნება ან პირიქით გაგვაღიზიანონ მძიმე და არასასიამოვნო სუნით. მოკლედ რომ ვთქვათ ოთახის მცენარის არომატს შეუძლია რადიკალურად შეცვალოს ატმოსფერო ჩვენს სახლში!

დღეს ამ სტატიაში მოგითხრობთ თუ რომელი ოთახის მცენარე აავსებს თქვენს სახლს სასიამოვნო არომატით და გაახალისებს თქვენს თვალს ლამაზი ყვავილებით.
თითოეულ ამ მცენარეს ინდივიდუალური და განუმეორებელი არომატი აქვს!

მაშ ასე:

1. ყავა – დიახ, დიახ, არ მოგესმათ. ოთახის მცენარე ყავის უამრავი კომპაქტური ჯიშია გამოყვანილი, ის თავისი ხშირი ყვავილობიდან გამომდინარე ყოველთვის დიდი პოპულარობით სარგებლობს, ყავის მცენარის არომატი ხსნის უძილობას და დაღლილობას, აგიმაღლებთ შრომისუნარიანობას და გაგიუმჯობესებთ მეხსიერებას, ასევე აზროვნების და კონცენტრაციის უნარს.
ეს არის ერთ ერთი საუკეთესო ”დილის” სურნელი.
არაა სასურველი მისი საძინებელში ან მისაღებ ოთახში დადგმა, თუმცა სამზარეულოში ან სამუშაო ოთახის რაფაზე მოთავსებულ ამ პატარა ბუჩქს სასწაულების მოხდენა შეუძლია. მას შეუძლია დაგმუხტოთ ენერგიით ისევე როგორც თქვენს საყვარელ ფინჯან ყავას.

2. გერანი –  მრავალი სახეობა (პელარგონია მეორე სახელი) გამოირჩევა დელიკატური და მსუბუქი არომატით, რომელიც სიახლისა და სისუფთავის სურნელს შესძენს ნებისმიერ ოთახს. მისი სურნელი უფრო მკვეთრი იქნება, თუ ყვავილს ოთახის სამხრეთით გაზრდით ან მიუჩენთ ადგილს ოთახის ყველაზე მზიან კუთხეში. ყველაზე არომატულად ითვლება ის გერანი რომელსაც მუქი ფერის ყვავილი აქვს, მაგალითად შინდისფერი ან მუქი წითელი.

3. ციტრუსები – ლიმონს, ფორთოხალს, პომელოს, მანდარინს ხშირად ზრდიან სახლში. ისინი სასიამოვნო არომატს აფრქვევენ: ფოთოლი, ყვავილი და ღეროებიც კი. მათ შორის ზღაპრული არომატით მანდარინი გამოირჩევა, თუმცა ციტრუსების ოჯახის ნებისმიერ წარმომადგენელს შესწევს ძალა გაგახალისოთ და დადებით განწყობაზე დაგაყენოთ.
ერთადერთი რაც მათთან მიმართებაში უნდა გავითვალისწინოთ ისაა რომ ნებისმიერ სუბტროპიკულ მცენარეს მზე და სითბო უყვარს და ჩვენს კლიმატურ პირობებში ძალიან რთულია მათი ყვავილობის მიღწევა.

4. მირტი – ეთერზეთებს ჰაერში აფრქვევს, რომელსაც ძლიერი ბაქტერიციდული და დამამშვიდებელი ეფექტი აქვს. ოლეანდრის მსგავსად, მირტიც ერთ-ერთი საუკეთესო დამამშვიდებელი არომატის მფლობელია, მაგრამ აგრესიული კოლეგისგან განსხვავებით თითქმის ყველა ადამიანზე დადებითად მოქმედებს.
ეს მცენარე საუკეთესოა გაციების პროფილაქტიკისთვის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობის ნორმალიზებისათვის, ხელს უწყობს რელაქსაციასა და შინაგანი ჰარმონიის მიღწევას, იგი აგარიდებთ დაღლილობის შეგრძნებას და სტრესს.

5. ვარდები – ოთახისთვის სპეციალურად გამოყვანილი ვარდები თუ არ აღემატება არაფრით არ ჩამოუვარდება თავისი სურნელით ვარდის სხვა ჯიშებს. მცირე ზომის ბუჩქი, ხშირი ყვავილები და ჰაერის შეზღუდული რაოდენობა ოთახში საშუალებას იძლევა, რომ უფრო ინტენსიურად ვიგრძნოთ ეთერზეთები.
ვარდის ყვავილის სურნელი მოგვიხსნის დაღლილობას და დაძაბულობას, ნერვულ გაღიზიანებას, შეგვმატებს თავდაჯერებულობას და სიმხნევეს. ვარდის ეთერზეთების მუდმივი ზემოქმედება აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას, ამცირებს მადას, ასევე უმკლავდება სასუნთქი სისტემის სხვადასხვა დაავადებებს.

6. ჟასმინი – მომხიბვლელი ჟასმინის გაზრდა შესაძლებელია როგორც ბაღში ასევე ოთახის პირობებში. სხვადასხვა ჯიშის ჟასმინი გამოირჩევა სხვადასხვა არომატით. არის ჯიშები რომელიც იმდენად მძაფრი სუნით ხასიათდება რომ უმჯობესია ისინი ბაღში, სუფთა ჰაერზე გავამრავლოთ.
სახლისთვის კი ყველაზე შესაფერისი მსხვილი ყვავილების მქონე ჟასმინია. ზრდასრული ჟასმინი იწყებს ყვავილობას გაზაფხულიდან და შემოდგომამდე გვახალისებს თავისი დიდი, თეთრი ლამაზი ყვავილებით და სასიამოვნო სურნელით. სწორედ ამ ჯიშის ჟასმინის ყვავილებს ამატებენ მწვანე ჩაიში.

7. მურაია – ჯერ ისევ იშვიათია სახლებში. ეს პატარა ბუჩქი მარტივად შეიძლება დაემსგავსოს ჯუჯა ხეს. მას თეთრი, ძალიან არომატული ყვავილები აქვს. ისინი თითქოს ცვილით არის დაფარული და მათი ყვავილობა მთელი წლის განმავლობაში გრძელდება.
მურაიას შესწევს ძალა შეამციროს ჟასმინის მძაფრი სურნელი. თვითონ გამოირჩევა ძალიან მდგრადი და ძლიერ არომატით. მისი დადგმა სასურველია ისეთ ოთახში სადაც არავის სძინავს და სადაც ძალიან დიდ დროს არ ატარებთ.

ბინაში სურნელოვანი ყვავილების განაწილებისას, თქვენ ნამდვილად უნდა იფიქროთ იმაზე, თუ რომელი ყვავილი რომელ ოთახში მოათავსოთ. უმჯობესია ძლიერი არომატის მქონე ყვავილები მოარიდოთ საძინებელს, სხვა ოთახებისთვის კი მნიშვნელოვანია აირჩიოთ თქვენთვის დადებითი ზემოქმედების მქონე სურნელოვანი მცენარეები.

სუნი ძალიან დიდ გავლენას ახდენს ჩვენს კეთილდღეობაზე და გვიქმნის განწყობას. ზოგი გვამშვიდებს, გვმატებს ძალას და ენერგიას ზოგი კი პირიქით. დააკვირდით საკუთარ შეგრძნებებს იმის გასარკვევად, თუ რომელ ოთახში და რომელი მცენარე გამოიყენოთ.