Connect with us

კულინარია

ნუშის, კედრის თუ მზესუმზირას: რომელი მცენარეული ზეთია უფრო სასარგებლო?

ჩვენ მიჩვეული ვართ სამზარეულოში ორი ზეთის გამოყენებას, ესაა მზესუმზირას და ზეითუნის ზეთები. თუმცა სხვა მცენარეული ზეთებიც არსებობს, რომლებიც კერძების მოსამზადებლად გამოგადგებათ და ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა.

მცენარეული ზეთები შეიცავს ბევრ ვიტამინს, მიკროელემენტს, მჟავას და ამინომჟავას, რომლებიც ჩვენი ჯანმრთელობისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია. დღეს Alltime.ge-ს რედაქცია გიამბობთ, როგორ იწარმოება სხვადასხვა ზეთი, რა თვისებებს ფლობს და როგორ იპოვოთ კონკრეტულად თქვენთვის შესაფერისი ზეთი.

ნიგვზის ზეთი

დამახასიათებელი თხილის გემო აქვს და შთაბეჭდილებას ახდენს მათზე, ვისაც ნაცნობ კერძებში ახალი არომატის დამატება სურთ. ასეთი ზეთის დასამზადებლად კაკალს სპეციალურ პირობებში აჩერებენ, შემდეგ ცივი დაწურვის მეთოდს იყენებენ. ნიგვზის ზეთი რეკორდული რაოდენობის E ვიტამინს, მინერალებს და მიკროელემენტებს შეიცავს, რომლებიც ტვინის მოქმედებას ააქტიურებენ, ორგანიზმს შხამებისგან (მათ შორის კანცეროგენისა და რადიონუკლიდებისგან) წმენდენ, ჭრილობის და დამწვრობის შეხორცებას აჩქარებენ.

კულინარიაში ნიგვზის ზეთს იყენებენ ბოსტნეულის სალათების საკაზმად, ცხელ წასახემსებელთან სოუსების მოსამზადებლად და დამარინადებამდე უმ ხორცზე წასასმელად. ერთადერთი მინუსი – სწრაფად ფუჭდება და მწარდება. მინიმალური ფასი: 500 მლ – დაახლოებით 33 ლარი.

ნუშის ზეთი

ერთ–ერთი ყველაზე დახვეწილი ზეთი, რაც მის ფასზეც აისახება: მწარმოებლის მიხედვით 500 მლ ნუშის ზეთი ფასი 35 ლარიდან რამდენიმე ასეულ ლარამდე მერყეობს.

ზეთს შემწვარი ნუშის გამოხატული არომატი აქვს და მაღალი ცხიმიანობით (დაახლოებით 40-50%) გამოირჩევა. თავისი სუნის და ჯადოსნური დამატენიანებელი თვისებების გამო კოსმეტოლოგიაში, პარფიუმერიასა და ფარმაცევტულ ინდუსტრიაში აქტიურად გამოიყენება. ნუშის ზეთი მდიდარია ლინოლეურის, ოლეინის და სტეარინის მჟავებით, ასევე 20-ზე მაკრო და მიკროელემენტს შეიცავს, რომლებიც კანის, თმის და კუჭ–ნაწლავის ტრაქტისთვის სასარგებლოა. ზეთს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება აქვს და დამწვრობის სამკურნალოდ, გაუხეშებული კანის დასარბილებლად გამოგადგებათ.

კულინარიაში ნუშის ზეთს თევზის (მაგალითად, კალმახის) შესაწვავად და საკაზმად იყენებენ. მაღალ ტემპერატურაზე არომატი ქრება, ამიტომ სჯობს სალათების, მზა კერძების და პასტების, ასევე ბრინჯის და ფრინველის მოსართავად გამოიყენოთ. თუ რთული, დახვეწილი კერძის მომზადების დრო არ გაქვთ, საკმარისია შემწვარ პურს ნუშის ზეთი წაუსვათ და უჩვეულო წასახემსებელი მზადაა.

კედრის ზეთი

კედრის ზეთს აფასებენ არა მხოლოდ გამოხატული არომატის და განუმეორებელი გემოს, არამედ ბევრი სასარგებლო თვისების გამო. ხალხური მკურნალები მას 100 დაავადების სამკურნალო საშუალებად ტყუილად არ მოიხსენიებენ.

მასში შედის ნახშირწყლები, ცილები, ფოსფატიდები, ცხიმოვანი მჟავები, A,B1, B2, B3, D ვიტამინები და ეთერზეთები. 3-ჯერ უფრო მეტ F ვიტამინს შეიცავს, ვიდრე ცხიმიანი თევზი, ხოლო 5-ჯერ უფრო მეტ E ვიტამინს, ვიდრე ზეთისხილი. კედრის ზეთი ვარიკოზული გაფართოებული ვენების, ჰიპერტონიის, კუჭის ტკივილის დროს გვეხმარება, ათეროსკლეროზის და ნაადრევი ინფექციისგან გვიცავს, დამწვრობის და ნახეთქების სამკურნალოდ გამოიყენება, განწყობას და ტონუსს ზრდის.

კულინარიაში გამოიყენება სალათების მოსართავად, სოკოს, მოხარშული კარტოფილის, თევზის და ბლინების დროს. დაკონსერვებისას ზეთის დამატებით პროდუქტების შენახვის ვადა იზრდება და კონსერვებს პიკანტურ გემოს მატებს. კალორიების მიხედვით ცხოველურ ცხიმებს ადარებენ, ამიტომ ვეგეტარიანულ სამზარეულოში სრულფასოვან პროდუქტად გამოიყენება.

კედრის ზეთი დაწურვის მეთოდით მიიღება, თან მოსამზადებლად მხოლოდ ახალი კაკალი გამოგადგებათ – მოსავლის აღებიდან დამუშავებამდე მაქსიმუმ 3 თვე უნდა იყოს გასული. მზა ზეთი კარგად შეფუთულ ჭურჭელში ბნელ ოთახში ინახება. საშუალო ფასი: 500 მლ – დაახლოებით 115 ლარი.

ცივი დაწურვის მზესუმზირას ზეთი

მზესუმზირას ზეთი ქართულ სამზარეულოს შეეფერება, ტრადიციულ სალათებს და წასახემსებლებს იდეალურად უხდება. ყოველდღე რაფინირებული მზესუმზირას ზეთის გამოყენებას მიჩვეული ვართ, თუმცა ის პრაქტიკულად უგემური და უსარგებლოა. სჯობს ცივი დაწურვის მზესუმზირას ზეთი გამოიყენეთ – ჯერჯერობით მაღაზიებში იშვიათად გვხდება და სულ ტყუილად.

ზეთის წარმოების სამი მეთოდი არსებობს: ცივი დაწურვა – თესლის დაპრესვა მინიმალური გახურებით (მაქსიმუმ 60C-მდე), ცხელი დაწურვა – დაპრესვა 120 გრადუსამდე და ექსტრაცია, ზეთის მიღება გამხსნელის გამოყენებით (მაგალითად, ბენზინი ან ნავთობი, რომელსაც შემდეგ აშორებენ). მეორე მეთოდის შემთხვევაში თითქმის ყველა სასარგებლო თვისება იკარგება. მესამე მეთოდის დროს შეიძლება დამატებული არანატურალური ნივთიერების ნაწილაკები დარჩეს. ხარისხის გასაუმჯობესებლად ზეთს თერმულად ამუშავებენ (რაფინირება), რამდენიმე ეტაპად ქიმიურად წმენდენ და ხელოვნურად ვიტამინებით ამდიდრებენ. ასევე ზეთს შეიძლება სუნი და გემო სრულად მოაშორონ, რომ კერძის გემო და არომატი არ ჩაახშოს.

ვიტამინების მათ შორის მთელი ორგანიზმისთვის სასარგებლო ოლეინის მჟავის, სრულად შენარჩუნება მხოლოდ ცივი დაწურვის მეთოდით ხდება. ის ყველაზე ნაზია და ნატურალურია. ამ მეთოდით მიღებული მზესუმზირას ზეთი A ვიტამინით, მიკროელემენტებით და ლინოლეურის მჟავით მდიდარი რჩება. შედეგად, მხედველობას და კონცენტრაციას აუმჯობესებს. E ვიტამინს, რომელიც ნაადრევ სიბერეს აფერხებს, 4-ჯერ უფრო მეტი რაოდენობით შეიცავს, ვიდრე ზეითუნის ზეთი. კარგი მზესუმზირას ზეთის საშუალო ფასი: 500 მლ – დაახლოებით 12 ლარი.

სხვადასხვა სახის ზეთებით ექსპერიმენტები ჩაატარეთ, ახალი კულინარიული შედევრები შექმენით და ვიტამინები მოიმარაგეთ. მთავარი წესი: შეძენამდე შემადგენლობა კარგად წაიკითხეთ და მხოლოდ ხარისხიანი პროდუქტი აირჩიეთ. ცივი დაწურვის ზეთს უპირატესობა მიანიჭეთ!