თავის მოვლა
ნიღბები ქუთუთეობის კანისთვის: არანაირი ნაოჭები, შეშუპება და შავი ტომრები. შედეგი პირველივე პროცედურის შემდეგ
ქალბატონების უმრავლესობა კანის მოსავლელად არაერთ სპეციალურ საშუალებას ვიყენებთ, რათა ახალგაზრდობა და სილამაზე ღრმა სიბერემდეც კი შევინარჩუნოთ. სამწუხაროდ, ჩვენ ხშირად ვივიწყებთ ქუთუთოების კანის შესახებ და მას სათანადო ყურადღებას არასდროს ვუთმობთ. სიბერის პირველი ნიშნები სწორედ აქ იჩენს თავს, რადგან კანი თვალების გარშემო ძალიან ნაზია და ყველაზე იოლად ზიანდება გარემოს მავნე ფაქტორების ზეგავლენისგან.
ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, მსურს, დღევანდელ სტატიაში შემოგთავაზოთ ნატურალური ინგრედიენტებისგან შემდგარი რამდენიმე საკმაოდ ეფექტური ნიღაბი. აირციეთ თქვენთვის სასურველი, გამოიყენეთ ის რეგულარულად და პირობას გაძლევთ, სასიამოვნო ცვლილებები მინიმალურ დროში თვალსაჩინო იქნება.
ნიღბები ქუთუთოების კანისთვის
სანამ უშუალოდ პროცედურების ჩატარებას დაიწყებთ, აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ კანის ეს მონაკვეთი ძალიან თხელი და ნაზია, რის გამოც უნდა გამოიჩინოთ მაქსიმალური სიფრთხილე.
ოხრახუში
ოხრახუშის სასარგებლო თვისებების შესახებ ძალიან კარგად იცოდნენ ჯერ კიდევ ჩვენმა ბებიებმა: ის აღიავებს, კვებავს, აგლუვებს და ამარაგებს საჭირო ვიტამინებითა და მინერალებით ჩვენს კანს. ყველაზე სასიამოვნო სწორედ ის ფაქტია, რომ ოხრახუში ალერგიული ადამიანებისთვისაც კი გამოსადეგარია.
1. ნიღაბი ოხრახუშითა და არაჟნით
ოხრახუშის რამდენიმე ღერო კარგად დააქუცმაცეთ, დაკეპეთ დანით და შეურიეთ ის 2 ჩაის კოვზ უცხიმო არაჟნში. მზა ნარევი თხელ ფენად წაისვით თვალების გარშემო არსებულ კანზე, ზემოდან დაიფინეთ ბამბის ტენიანი დისკები და დაიტოვეთ სამოქმედოდ 15 წუთით. ჩამოიბანეთ ნარევი თბილი წყლით.
2. ნიღაბი ოხრახუშითა და კარაქით
თუ ზედმეტად მშრალი კანი გაქვთ, ეს საშუალება აუცილებლად გამოგადგებათ. 1 მუჭა ოხრახუში კარგად დააუქცმაცეთ დანით და შემდეგ შეურიეთ 1 სუფრის კოვზ დარბილებულ კარაქში. მზა ნარევი წაისვით თვალების გარშემო არსებულ კანზე, დაიტოვეთ სამოქმედოდ 10-15 წუთით და შემდეგ მოიშორეთ ბამბის დისკის გამოყენებით.
3. ნიღაბი ოხრახუშის ფესვებით
ეს არაჩვეულებრივი საშუალებაა შეშუპების დასამარცხებლად. ოხრახუშის ფესვები კარგად გარეცხეთ და გახეხეთ წვრილ სახეხზე. მიღებული ფაფისებრი მასა წაისვით ქუთუთოების კანზე და დაიტოვეთ სამოქმედოდ 15-20 წუთით, შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
კარტოფილი
კარტოფილის ნიღბები საკმაოდ დიდი ხანია, პოპულარობით სარგებლობს, რაც გასაკვირი ნამდვილად არ არის. კარტოფილი ვიტამინებითა და მინერალებით მდიდარი ბოსტნეულია, რომლისგანაც მომზადებულ ნიღბებს ჩვენი კანი ტონუსში მოჰყავს, აგლუვებს პატარა ზომის ნაოჭებს და გვინარჩუნებს ახალგაზრდობას.
1. მოხარშული კარტოფილის ნიღაბი
მოხარშეთ კარტოფილი თავის კანთან ერთად, გაჭერით შუაზე და როდესაც ოდნავ გაგრილდება, მიიდეთ ქუთუთოების კანზე, გაიჩერეთ დაახლოებით 10 წუთით.
2. ნედლი კარტოფილის, რძისა და ფქვილის ნიღაბი
კარგად გარეცხილი კარტოფილი გახეხეთ წვრილ სახეხზე. 1 სუფრის კოვზი მიღებული ფაფისებრი მასა ჩაამატეთ ჩაის კოვზი თბილი რძისა და ჩაის კოვზი ფქვილის ნარევში. მზა ნარევი წაისვით ქუთუთოების კანზე, დაიტოვეთ სამოქმედოდ 15-20 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. თუ ალერგიული ხართ, გამოიჩინეთ სიფრთხილე, რადგან ყველა ინგრედიენტი საკმაოდ აქტიურია.
ქუთუთოების კანის გამაჯანსაღებელი ნიღბები
გთავაზობთ კიდევ რამდენიმე ეფექტურ რეცეპტს. თითოეული მათგანი არა უბრალოდ აგლუვებს ნაოჭებს, არამედ აჯანსაღებს კანს.
1. ბანანის ნიღაბი
მეოთხედი ბანანის რბილობი კარგად დასრისეთ ჩანგლით და მიღებული ფაფისებრი მასა წაისვით ქუთუთოების კანზე, ზემოდან დაიფინეთ ტენიანი ხელსახოცი. გაიჩერეთ ეს საშუალება 15 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ გრილი წყლით.
2. არაჟნისა და ხაჭოს ნიღაბი
შეურიეთ ერთმანეთში იმ რაოდენობით ხაჭო და არაჟანი, რომ მიიღოთ ბლანტი კრემის კონსისტენცია. მზა ნარევი წასვით თვალების გარშემო არსებულ კანზე სქელ ფენად, დაიტოვეთ სამოქმედოდ 15 წუთით და შემდეგ მოიშორეთ თბილი წყლით.
3. შვრიის ფაფა
1 სუფრის კოვზი შვრიის ფქვილი (შეიძლება ფანტელებიც) შეურიეთ 1 სუფრის კოვზ თბილ რძეში და დაელოდეთ, სანამ მასა გაბლანტდება. მზა ნარევი წაისვით ქუთუთოების კანზე და დაიტოვეთ სამოქმედოდ 20 წუთით.
4. კიტრის ნიღაბი
კიტრი არაჩვეულებრივად კვებავს და ატენიანებს ჩვენს კანს. უბრალოდ დაიდეთ ბოსტნეულის ნაჭერი ქუთუთოებზე და დაიტოვეთ დაახლოებით 15 წუთით.
5. ჩაის კომპრესი
ჩაის ბალიშები არაჩვეულებრივად ხსნის შეშუპებას და გვაშორებს უსიამოვნო შავ ტომრებს. უბრალოდ დაიფინეთ ისინი თვალებზე და დაიტოვეთ 15 წუთით.
როგორც უკვე გითხარით, თითოეული ეს ნიღაბი საკმაოდ შედეგიანია. ამოირჩიეთ თქვენთვის სასურველი და გამოიყენეთ ის რეგულარულად, რათა დაამარცხოთ შეშუპება, მოიშოროთ უსიამოვნო შავი ტომრები და გაიგლუვოთ ნაოჭები.
გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!