ყვავილები
ნემსიწვერას მეორე სიცოცხლე: არ ვყრი, არამედ დიდებულ ბუჩქად ვაქცევ
ნემსიწვერა ერთ–ერთი მცენარეა, რომელიც სინათლისკენ სწრაფვით ზემოთ ძალიან იწვერება. ასე 1–2 თვეში ლამაზი დეკორატიული აყვავებული ბუჩქის ნაცვლად შეგიძლიათ იხილოთ დაგრეხილი ჯოხები ზემოთ ფოთლების მტევნებით. Alltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როგორ გადაჭრათ ნემსიწვერა სწორად, რომ მცენარე განაახლოთ და დიდებული ყვავილობა დაუბრუნოთ.
ასე ძველ ამოწვერილ ნემსიწვერას ახალ სიცოცხლეს შთაბერავთ, ხოლო გადაჭრილი კალმის გაფესვიანებით ახალ ახალგაზრდა მცენარეს მიიღებთ. მეთოდი მარტივია, მაგრამ გარკვეული დეტალები ახლავს. ყურადღებით წაიკითხეთ, რომ არაფერი გამოგრჩეთ.
როგორ გადავჭრათ ნემსიწვერა უხვი ყვავილობისთვის
პირველ რიგში, მცენარე მოამზადეთ. პროცედურამდე ერთი დღით სუფთა, დაყენებული წყლით მორწყეთ. სამუშაოდ ნებისმიერი ბასრი დანა დაგჭირდებათ. სპირტით ან ნებისმიერი სხვა ანტისეპტიკით დაამუშავეთ.
ნემსიწვერა ძირიდან 10-15 სმ სიმაღლეზე უნდა გადაჭრათ. მნიშვნელოვანი პირობა: ღეროზე მინიმუმ 4 ცოცხალი კვირტი უნდა იყოს, რომელიც მოგვიანებით გაიზრდება.
ახალი გადანაჭერი არ დაამუშავოთ. ნემსიწვერა აუცილებლად გამოკვებეთ. გადაჭრილი მცენარის ფესვი ცოცხალი და ძლიერია, ამიტომ სასუქის დახმარებით ბევრ მწვანე მასას სწრაფად გაზრდის.
ამ ეტაპზე დეკორატიულ–ფოთლოვანი მცენარეებისთვის განკუთვნილი ნებისმიერი აზოტის შემცვლელი კომპლექსური სასუქი გამოიყენეთ. მოგვიანებით, როცა ახალ ყლორტებზე ყვავილის ყუნწები გამოჩნდება, ბორის მჟავით ან დეკორატიულ–ყვავილოვანი მცენარეებისთვის განკუთვნილი სპეციალური კომპლექსური სასუქით გამოკვებეთ.
როგორ გავაფესვიანოთ გადაჭრილი კალამი
გადაჭრილი ღერო შეგიძლიათ გააფესვიანოთ და ნემსიწვერა გაამრავლოთ. ამისთვის ღეროს უსარგებლო ფოთლები მოაშორეთ, რომ კალამს საკვები არ წაართვას. ყვავილის ყუნწები მოაშორეთ, თუ აქვს. ზემოთ მხოლოდ 2-3 ფოთოლი დატოვეთ. კალამი რამდენიმე საათით გააჩერეთ, რომ გადანაჭერი გაშრეს.
გასაფესვიანებლად ტორფის აბები ან ქოქოსის სუბსტრატი შეგიძლიათ გამოიყენოთ. პერლიტის და ნერგის მიწის ნარევიც გამოგადგებათ. კალამი 7-10 სმ–ზე ჩააღრმავეთ, მიწა დატკეპნეთ და უხვად მორწყეთ. წინასწარ იზრუნეთ, რომ ქოთანს სადრენაჟო ხვრელი ჰქონდეს.
კალამი კარგად განათებულ ადგილას გაიტანეთ, მაგრამ არა მზის პირდაპირი სხივების ქვეშ. ზომიერად მორწყეთ, მაგრამ მიწის გამოშრობა არ დაუშვათ. მალე კვირტების გაღვიძებას და ახალი ფოთლების გამოჩენას შეამჩნევთ. ეს პირველი ნიშანია, რომ წარმატებით გაფესვიანდა.
ნემსიწვერა კეთილშობილი მცენარეა. ზრუნვისა და მოვლისთვის უხვი და ხანგრძლივი ყვავილობით მადლობას გადაგიხდით. ამის გამო გვიყვარს კიდეც!