Connect with us

ყვავილები

მცენარე კომპანიონები ერთ ნაკვეთზე და ბოსტნეულის თავსებადობის ცხრილი

გამოცდილმა მებაღეებმა იციან, რომ ბოსტნეულების მეზობლობა მათ მოსავლიანობაზე გავლენას ახდენს. ერთი მხრივ, ბოსტნეულის კულტურების სწორი დარგვა ნაყოფის რაოდენობას ზრდის. მეორე მხრივ, ერთი შეხედვით უვნებელი მეზობელი არა მხოლოდ მოსავლიანობას ამცირებს, არამედ მის კვდომას იწვევს.

ამის თავიდან ასაცილებლად ბოსტნეულის სწორად დარგვის წესები უნდა იცოდეთ. სააგარაკო სეზონი ახლოვდება, ამიტომ Alltime.ge-ს რედაქცია ბოსტნეულების თავსებადობის შესახებ სტატიას გთავაზობთ. დღეს მებოსტნეობის მნიშვნელოვან დეტალებზე გიამბობთ.

ბოსტნეულების მეზობლობა

ბოსტნეულის კულტურები, რომლებიც ერთ ნაკვეთზე ერთმანეთს ეგუებიან, ბოსტნეულ–კომპანიონებს უწოდებენ. ისინი ერთმანეთს ნიადაგიდან მაქსიმუმი მკვებავი ნივთიერებების მიღებაში ეხმარებიან. ასევე მავნებლებთან ბრძოლაში და სასარგებლო მწერების მოზიდვაში ერთმანეთს ეხმარებიან.

სხვათა შორის, ბოსტნეულების ერთად დარგვის შემთხვევაში მინერალური სასუქის ნაკლებად გამოყენება მოგიწევთ. ამასთან ნიადაგის გამოფიტვა მცირდება, ნაყოფის გემო კი უმჯობესდება! აუცილებელი არაა ყველა მეზობელი ბოსტნეულის სახეობა დაიმახსოვროთ. უბრალოდ პრინციპები უნდა გესმოდეთ.

პირველ რიგში, ერთი და იმავე ოჯახის კულტურები ერთად არ დარგოთ. მათზე ერთი და იგივე დაავადებები მოქმედებს, რაც მცენარის მოვლას ართულებს. მეორეც, გვერდიგვერდ ვერ გაზრდით კულტურებს, რომელთაც ტენიანობის და ტემპერატურის სხვადასხვა მოთხოვნილება აქვთ. გარდა ამისა, მეზობელი მცენარეები ერთმანეთს არ უნდა ჩაგრავდნენ და მზის სხივებს არ უჩრდილავდნენ.

პომიდვრის დარგვა

პომიდვრის მოსავლიანობის გასაზრდელად სტაფილოს, პეკინის კომბოსტოს, მარწყვის, პარკოსანი კულტურების, ნივრის და სალათის გვერდით დარგეთ. მეზობელი რეჰანი პომიდორს მავნებლებისგან დაიცავს, ასევე მის გემოს გააუმჯობესებს. უკანასკნელ ამოცანას შესანიშნავად უმკლავდება ბარამბო, პიტნა, ქონდარი და სალბი.

სხვათა შორის, სტაფილო, ოხრახუში და ძირთეთრა – კარგი სატყუარაა ობობებისა და ჭიამაიებისთვის. მტაცებელ მწერებს ბაღლინჯოებით გამოკვება უყვართ, რომლებიც პომიდვრებს ხშირად აფუჭებენ. ასევე გვერდით შეგიძლიათ დარგოთ კამა, მაგრამ სჯობს მოაშოროთ, როცა პომიდორი შესაკრავი გახდება.

წიწაკა და პომიდორი ერთად კარგად იზრდება. პომიდორი წიწაკას ბუგრებისგან იცავს. ორივეს ერთნაირი ტენიანობა და ტემპერატურა სჭირდება. გარდა ამისა, ორივეს დამაგრება სჭირდება. ამიტომ შეგიძლიათ ერთი გისოსი გამოიყენოთ.

ანტიმეზობლებს შორის ლიდერია კიტრი. პირველ რიგში, ამ კულტურას ტენიანობის და ტემპერატურის მიმართ სულ სხვა მოთხოვნები აქვს. მეორეც, კიტრსა და პომიდორს განსხვავებული ნიადაგი სჭირდებათ. პირველს აზოტი სჭირდება, მეორეს – კალციუმი და ფოსფორი. მათი მეზობლობა მოსავლიანობას შეამცირებს.

პომიდორი და კარტოფილი ერთად არავითარ შემთხვევაში არ დარგოთ. ორივე კულტურა ძაღლყურძენთა ოჯახს მიეკუთვნება, ამიტომ ერთი და იგივე დაავადებები და მავნებლები აწუხებთ. მაგალითად, ერთ ნაკვეთზე მეზობლობისას დიდი ალბათობით ფიტოფთოროზით დაავადდებიან.

ასევე პომიდვრის გვერდით ბადრიჯანი არ დარგოთ. ცუდი მეზობლები არიან სიმინდი, თეთრი კომბოსტო, ცერეცო, ყაბაყი, თალგამი. პომიდორი ხილის ხეების (ვაშლი, გარგარი) გვერდით არ დარგოთ.

მცენარე–კომპანიონები

თუ კიტრის დარგვა გსურთ, ყურადღება მიაქციეთ ბოლოკს, ბარდას, ნიახურს, სალათს, კომბოსტოს, მზესუმზირას და სიმინდს. ისინი შესანიშნავი მეზობლები იქნებიან. აი, სალბს, კამას, პიტნას და ცერეცოს გვერდი აუარეთ. სხვათა შორის, ეს კულტურები შეგიძლიათ წყალში ჩარგოთ.

ბულგარული წიწაკა ხახვს და ნიორს ემეგობრება. ისინი სხვადასხვა ინფექციების თავიდან აცილებაში ეხმარება. როგორც ღია ნიადაგში, ასევე სათბურში წიწაკის გვერდით შეგიძლიათ დარგოთ რეჰანი, ქინძი, მაიორანი, ოხრახუში და ბეგქონდარა. აი, ცერეცო, კოლრაბი, ლობიო და ბარდა სჯობს წიწაკიდან მოშორებით დარგოთ. სხვათა შორის, ჭინჭარი და ბაბუაწვერა, როგორც სარეველები, წიწაკას სწრაფად მომწიფებაში დაეხმარებიან.

ბადრიჯნის იდეალური მეზობლები: რეჰანი, ლობიო, სალათი, ბარდა, კარტოფილი და ისპანახი. მაგალითად, ლობიო კოლორადოს ხაჭოს აფრთხობს, რომელსაც ბადრიჯანი ისევე უყვარს, როგორც კარტოფილი. ამ მიზეზით ლობიო შეგიძლიათ კარტოფილის გვერდით დარგოთ. ასევე კარტოფილს უხდება კომბოსტო, სიმინდი, სალათი, ხახვი, ბოლოკი, ქინძი და სელი. აი, პომიდვრის, კიტრის, მზესუმზირას და გოგრის მეზობლობაზე სჯობს უარი თქვათ.

ჭარხალი შეგიძლიათ დარგოთ კომბოსტოს, კოლრაბის, ხახვის და პიტნის გვერდით. გოგრა – სიმინდის, ლობიოს, მზესუმზირას, ბარდას, პომიდვრის, ბოლოკის და პიტნის გვერდით. ხახვი, პრასა, ნიორი, პომიდორი, ლობიო, ბოლოკი, ბარდა, ფამფარა, სალბი – სტაფილოს შესანიშნავი მეზობლები არიან. აი, კიტრი, ლობიო, ბარდა, კომბოსტო, ყვავილოვანი კომბოსტო, სალათი, გოგრა, პომიდორი, სტაფილო, ძირთეთრა და ხახვი – ბოლოკისთვის კარგი მეზობლები არიან.

ყვავილები–მაშველები

ნებისმიერი გამოცდილი მებოსტნე გეტყვით, რომ ბოსტნეულის რიგებს შორის ყვავილების დარგვა ღირს. ხავერდა, გულყვითელა და დედოფლის ყვავილი დამტვერავ მწერებს იზიდავენ. ამის წყალობით ყაბაყის, ბარდის, კიტრის და პომიდვრის მოსავლიანობას გაზრდით. გარდა ამისა, ბულგარული წიწაკის და ჭარხლის გვერდით შეგიძლიათ იისფერი კატაპიტნა და ყვითელი ასფურცელა დარგოთ.