საკითხავი
მრავალშვილიანი დედის სამყარო: როგორ მოახერხა ქალმა 12 წელში 12 ბავშვის მუცლით ტარება და გაჩენა
დედობის სამყარო უსაზღვროა. ამის მაგალითია კორტნი როჯერსი, რომელიც ახლახანს მე-12 შვილის დედა გახდა. კორტნი და მისი მეუღლე ამდენი შვილის გაჩენაზე არ ოცნებობდნენ. თან თავიდან ორსულობასთან პრობლემები ჰქონდათ.
კორტნი და კრისი მცდელობას არ წყვეტდნენ. მალე გამოუვიდათ, მაგრამ ვეღარ გაჩერდნენ. Аlltime.ge–ს რედაქცია როჯერსების მრავალშვილიანი ოჯახის ყოველდღიურობას გიზიარებთ.
კორტნი როჯერსი 38 წლისაა და ბოლო 12 წელია მუდმივად ორსულადაა. საოცარია, რომ ქალის ორგანიზმმა ამხელა დატვირთვას გაუძლო. კორტნი მეუღლესთან, კრისთან ერთად 12 შვილს ზრდის: 6 ბიჭს და 6 გოგოს.
მათ ამდენი შვილის ყოლაზე არასდროს უოცნებიათ. კორტნის პირველი ორსულობა წარუმატებლად დასრულდა. ბევრი ქალისთვის ეს სტრესია და მდგომარეობიდან გამოსვლა უჭირთ. თუმცა კორტნიმ თავი ხელში აიყვანა. ძალა იპოვა და მალე ისევ დაორსულდა.
როჯერსების პირველი შვილი 2010 წლის 30 მარტს დაიბადა. მას მომდევნო 5 ბიჭი მოჰყვა. ამის შემდეგ გოგოების რიგიც მოვიდა. კორტნის ოჯახით მედია გამოცემები ხშირად ინტერესდებიან. ყოველდღე გმირ დედას ხომ ვერ შეხვდებით. თავადაც არ ესმის, რატომ იბადებოდნენ ჯერ ბიჭები, შემდეგ გოგოები. ეს ნამდვილად სასწაულია.
პირველად დედა 26 წლის ასაკში გახდა. მაშინ ერთ მემკვიდრეზეც თანახმა იყო და ფიქრობდა, რომ ბევრი ბავშვის გაჩენა დაგვიანებული იყო. მაგრამ მალე გაირკვა, რომ ისევ ფეხმძიმედ იყო. ეს ისევ და ისევ განმეორდა.
მეუღლეები მე–10 ბავშვზე გაჩერებას აპირებდნენ, მაგრამ კორტნის იმდენი ძალა და ენერგია ჰქონდა, რომ ისევ დაორსულდა. ამერიკელმა ქალმა ორჯერ ტყუპი გააჩინა.
მრავალშვილიანი ოჯახის ცხოვრება
მშობლები 12 შვილს ზრდიან და დიდ ფერმას უვლიან. მათ 200-ზე მეტი ცხოველი (ღორები, ცხვრები და ქათმები) აქვთ. ბავშვები მშობლებს მეურნეობაში ეხმარებიან. ასე დისციპლინას და პასუხისმგებლობას სწავლობენ.
მათ ოჯახში დღე დილის 8 საათზე იწყება. მთელი ოჯახი დიდ მაგიდასთან იკრიბება. შემდეგ ბავშვებს მათემატიკის და ხატვის გაკვეთილები აქვთ. მეორედ 11:30–ზე საუზმობენ. ამის შემდეგ კორტნი ყველაზე პატარებს აძინებს. უფროსები საჭმელს თავად იმზადებენ.
დღის მეორე ნახევარში ენის, ხატვის და კითხვის გაკვეთილები აქვთ. ონლაინ რეჟიმში ფორტეპიანოზეც უკრავენ. საღამოს 5 საათზე მთელი ოჯახი ნოყიერად ვახშმობს. ყველას დასანაყრებლად მინიმუმ 24 კვერცხი იხარჯება.
ბავშვები 20:30 საათზე იძინებენ. დაწოლამდე საბავშვო კუთხეებს ასუფთავებენ. ამ დროს კორტნი სხვა ოთახების დალაგებით დაკავებულია. ოჯახი ბიუჯეტს მკაცრად აკონტროლებს, რომ ყველა ბავშვის უზრუნველყოფა შეძლონ. დედას ოჯახის ბიუჯეტის დაზოგვა და სწორად განაწილება კარგად გამოსდის.
მათ ოჯახში გარკვეული აკრძალვებიც არის. მაგალითად, კინოში არ დადიან და კაფე–რესტორნებს არ სტუმრობენ. სანამ რაიმეს შეიძენენ, ყველა მომენტს დეტალურად განიხილავენ.
კორტნი არ ნანობს, რომ ამდენი ბავშვი გააჩინა. მათი ბედნიერებისთვის ყველაფერს აკეთებს. შვილებს სიკეთის და დახმარების მნიშვნელობას ასწავლის. მგონი, ეს კარგად გამოსდის.