Connect with us

ყვავილები

კრასულა ოვალური ან ოვატა – კლასიკის სიმარტივე და სრულყოფილება

ყველაზე პოპულარული, გავრცელებული და მარტივად გასაზრდელი ოთახის კრასულა (კრასულა ოვალური ან ოვატა) უფრო ცნობილია, როგორც ფულის ხე. მცენარეს იმდენ ჯადოსნურ თვისებას აწერენ, რომ მისი დეკორატიული და უნივერსალური მხარე თითქმის დაავიწყდათ. ფულის ხის შესახებ მითების შეიძლება გჯეროდეთ ან არა, მაგრამ ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ კრასულა ოვალურის გაზრდა ნებისმიერს შეუძლია. მთავარია, მორწყვა ზედმეტი არ მოგივიდეთ და განათებული, თბილი ადგილი შეურჩიოთ. სხვა ყველაფერი მარტივია. Alltime.ge–ს რედაქცია გასწავლით, როგორ უნდა იზრუნოთ ფულის ხეზე.

ფულის ხე მთელი თავისი სიმარტივით

კრასულა ოვალური, კრასულა ოვატა, მაიმუნის ხე ან ფულის ხე (Crassula ovata) ოთახის სუკულენტის ყველაზე გავრცელებული სახეობაა. ბევრი მოყვარული ფულის ხეს ფინანსური კეთილდღეობის მოსაზიდად იძენს, მაგრამ მცენარის ენერგეტიკული და ჯადოსნური ნიჭი მხოლოდ ჭორები და ვარაუდებია. კრასულა ოვალური ვერასდროს გახდებოდა პოპულარული კულტურა, კონკურენტებთან შედარებით ასეთი პრაქტიკული და დეკორატიული უპირატესობები რომ არ ჰქონდეს.

კრასულა ოვალური – მარადმწვანე, მრავალწლიანი სუკულენტი ბუჩქია თანდათან გახევებული ყლორტებით. მისი სიმაღლე ფორმირების მეთოდზეა დამოკიდებული და შეიძლება 20 სმ–თი შეიზღუდოს ან 70 სმ–ზე მაღალი გაიზარდოს. უჩვეულოდ ღია, მონაცრისფო–ყავისფერი ქერქის მქონე ღერო თანდათან ხევდება. ახალგაზრდა ყლორტები სქელი, ხორციანი, მრგვალია და ფოთლების მსგავსი შეფერილობა აქვს. მარტივი ფორმირება საშუალებას გაძლევთ ერთღეროიანი ან რამდენიმე ღეროიანი ხე, ბუჩქი ან ბონსაის მსგავსი მცენარე გაზარდოთ. ამის გამო კრასულა თანამედროვე და მოდური მცენარეების ჩამონათვალში შედის.

კრასულას ფოთლებს მისი ხორციანობით, სქელი ფოთლებით, განსაკუთრებული ტექსტურით და გაჯერებული ღია შეფერილობით ადვილად გამოიცნობთ. თუ დააკვირდებით, შეამჩნევთ, რომ ფოთლების თითოეული წყვილი წინასთან მიმართებაში 90 გრადუსით შებრუნებულია. ცვილოვან–ბზინვარე და ძალიან დეკორატიული, მოწითალო ნადებით კუთხებში, რომელიც წარმოშობაც განათებაზეა დამოკიდებული – კრასულას ფოთლები თითქმის უნაკლოდ გამოიყურება. ფოთლების ქვეშ მოკლე საჰაერო ფესვების არსებობა განსაკუთრებულ ხიბლს მატებს.

კრასულას ფოთლების და ყლორტების სისუსტე ხშირად უსიამოვნო სიურპრიზი ხდება. გაუფრთხილებელი მოპყრობით, მუდმივი დაზიანებით, იმ ადგილას განთავსებით, სადაც მუდმივად ეხებიან, ფოთლების და ყლორტების მტვრევადობას იწვევს. კრასულა „მშვიდ“ დისტანციურ ადგილს მოითხოვს, სადაც დაზიანების რისკი მინიმალურია.

ოთახის პირობებში კრასულა იშვიათად ყვავის, მხოლოდ ხანდაზმულ ასაკში და მხოლოდ გრილი ზამთრის პირობებში. შემოდგომა–გაზაფხულში პატარა, ვარსკვლავის ფორმის, ღია ვარდისფერი ყვავილები საოცრად ლამაზად გამოიყურება.

კრასულა ოვატას სახეობები

დღეს ფულის ხის უამრავი უჩვეულო სახეობა არსებობს:

  • ორიგინალური სქელღეროვანი ბუჩქი წვეტიანი ზოლებიანი ფოთლებით სერიიდან „ობლიკვა“;
  • დაბალი ჯიშის ბუჩქი სერიიდან „კომპაქტი“;
  • მინიატურული მოწითალო ბუჩქი სერიიდან „მინორი“;
  • ფუძესთან შეერთებული უცნაური ფოთლები სერიიდან „ჰობიტი“;
  • ჭრელი სახეობა (მაგალითად, „ტრიკაროლ“, „სანსეტი“);

განსაკუთრებული სახეობები უფრო და უფრო პოპულარული ხდება. კრასულას სახეობა თქვენი გემოვნების მიხედვით უნდა შეარჩიოთ, რადგან ხასიათის მიხედვით მთავარ მცენარეს ჰგავს.

ოთახის კრასულას გაზრდის პირობები

კრასულა ოვალური სინათლის მოყვარე მცენარეა. ნაზი, მაგრამ კაშკაშა რეჟიმი აღმოსავლეთ და დასავლეთ ფანჯრის რაფებზე იდეალურად ითვლება. ინტერიერში სინათლის დეფიციტით იტანჯება. მზის პირდაპირ სხივებზე, განსაკუთრებით სამხრეთ ფანჯრებთან, შეიძლება ფოთლები ყვითლად შეიღებოს ან უცნაური მოწითალო ფოთლებით გაგაოცოთ, მოკლედ მცენარე საკმაოდ გამძლეა. რაც უფრო ლამაზია ჯიში, მით უფრო დამოკიდებულია სინათლეზე და მზის ეშინია.

ზამთარში ფოთლების შესანარჩუნებლად სჯობს სინათლე დაარეგულიროთ და მცენარე უფრო კარგად განათებულ ადგილას გადაიტანოთ.

გამოაზამთრეთ გრილ შენობაში, ოდნავ შემცირებულ ტემპერატურაზე (12-18 გრადუსი), მაგრამ ჩვეულებრივ ოთახის ტემპერატურაზეც არ დაიტანჯება, მით უმეტეს, თუ განათებას დაარეგულირებთ. ფოთლების ცვენა ან ჭკნობა მხოლოდ სიცხეში, ბატარეასთან ახლოს ყოფნისას, ჩრდილში ემუქრება, მაგრამ გაზაფხულზე ძალებს სწრაფად იკრეფს.

ზაფხულში შეგიძლიათ აივანზე, ბაღში გაიტანოთ ან ოთახში დატოვოთ. ორპირი ქარის მიმართ ძალიან მგრძნობიარე არაა, მაგრამ ცივი განიავებისგან სჯობს დაიცვათ. აი, კონდიციონერი და გათბობის ბატარეა არ უყვარს.

კრასულას მოვლა სახლის პირობებში

მინიმალური მორწყვა და მწირი კვება სირთულეებს არ გამოიწვევს. კრასულა თავის დეკორატიულ მხარეს მორწყვის გამოტოვების შემთხვევაშიც შეინარჩუნებს, თუ მივლინებაში ხშირად მიდიხართ. სწორედ ამის წყალობით ფულის ხე ბუჩქნარებსა და ხის მაგვარ სუკულენტებში ფავორიტებს შორისაა.

მორწყვა და ჰაერის დატენიანება

კრასულა ოვალურისთვის საკმარისია ერთი წესი დაიმახსოვროთ: იმდენად არ უყვარს ზედმეტი წყალი, რომ სჯობს მორწყვა გამოტოვოთ, ვიდრე ზედმეტი მიაწოდოთ. ეს ტიპიური სუკულენტია და ნებისმიერი გვალვის გაძლება შეუძლია. მორწყვებს შორის სუბსტრატი აუცილებლად კარგად გააშრეთ (კერძოდ, ზედა და ნაწილობრივ შუა ფენა). სადგამზე დაგროვებული წყალი იმწამსვე გადაასხით. ზამთარში მინიმალურად მორწყეთ, მისი სიხშირე გაანახევრეთ.

კრასულა რბილი წყლით უნდა მორწყათ. ხისტი ან ცუდად დაყენებული წყლის გამო ფოთლებზე მარილის თეთრი ლაქები ჩნდება, რომელიც რეგულარულად უნდა მოაშოროთ.

კრასულა მშრალ ჰაერზე თავს კარგად გრძნობს, ნესტიან გარემოს ვერ იტანს. მცენარის ფოთლები რეგულარულად გადაწმინდეთ, რომ მტვერი მოაშოროთ (ნაზად, ხელით, ეცადეთ არ დააზიანოთ).

გამოკვება და სასუქის შემადგენლობა

კრასულა ოვალურისთვის სუკულენტების და კაკტუსებისთვის განკუთვნილი სპეციალური სასუქი გამოიყენება. უკიდურეს შემთხვევაში, უნივერსალური სასუქი, მაგრამ 2–3–ჯერ ნაკლები კონცენტრაციით. ჩვეულებრივ, მხოლოდ აქტიური ზრდის პერიოდში კვებავენ, შუა გაზაფხულიდან შემოდგომამდე, ყოველ 3-4 კვირაში ერთხელ ან უფრო ხშირად, მაგრამ პროპორციულად სასუქის დოზას ამცირებენ. მცენარემ ფოთლები რომ არ დაკარგოს, გამოკვება შემოდგომასა და ზამთარშიც გააგრძელეთ, სიხშირე – 1,5 თვეში ერთხელ.

გადაჭრა და ფორმირება

კრასულას ეს სახეობა თქვენი შეხედულებისამებრ გადაჭერით. გრძელი ყლორტების გადაჭრა გვირგვინის გასქელების საშუალებას იძლევა. ბონსაის გასაზრდელად ფესვების ზრდას ზღუდავენ, ზედმეტ ყლორტებს ჭრიან და ქოთნის მოცულობას ამცირებენ. კრასულა ოვალური შეცდომებს ადვილად გაპატიებთ და სწრაფად გაიზრდება. ეს ერთ–ერთი საუკეთესო სახეობაა, რომ ბონსაის ხელოვნებას დაეუფლოთ.

გადარგვა, ჭურჭელი და სუბსტრატი

სუკულენტების სპეციალური სუბსტრატი კრასულას იდეალურად უხდება, მაგრამ შეგიძლიათ ნებისმიერ სხვა ხარისხიან, ფხვიერ მიწაში ჩარგოთ, თუ დამატებით გამაფხვიერებელ კომპონენტებს (პერლიტი, ვერმიკულიტი და ა.შ.) დაუმატებთ.

ქოთანი ძალიან მაღალი არა, მაგრამ საკმარისად ფართო უნდა იყოს. დიდი სადრენაჟო ხვრელი აუცილებელია. ყურადღება მასალას მიაქციეთ: ღეროების და ფოთლების დიდი მასა, მცენარის მტვრევადობა მძიმეწონიანი ქოთნის, კერამიკის შეძენას ან მძიმე დრენაჟის გამოყენებას მოითხოვს.

გადარგვისას ფრთხილად მოეპყარით. მსხვილი კრასულა ოვალური სჯობს დამხმარის დახმარებით გადარგოთ. რაც უფრო ნაკლებად ზიანდება ფესვები, მით უკეთესი. ქოთნის ძირში დრენაჟის მაღალი ფენა მოათავსეთ.

დაავადებები, მავნებლები და პრობლემები ზრდის დროს

დაავადებების მიმართ ამტანი მცენარე ხშირად ლპობის გამო ნადგურდება, რომელიც ფესვებს და ყლორტებს აზიანებენ. მცენარე, რომელიც ელემენტარულ მოვლას მოკლებულია, ნაცროვან ჭიებს და თრიპსებს იზიდავს, მაგრამ მცენარე მავნებლებით იშვიათად ზიანდება.

გაჭიმვა, ფერის შეცვლა, სისუსტე, დეფორმაცია ყოველთვის სინათლის დეფიციტზე საუბრობს.

კრასულა ოვალურის გამრავლება

კრასულას ამ სახეობის გამრავლება ძალიან მარტივია. შემთხვევით დაცვენილი ფოთოლიც კი პირდაპირ ქოთანში იზრდება, რა უნდა ვთქვათ საჰაერო ფესვებზე, ღეროს კალმებზე. ყლორტების ან ფოთლების გაფესვიანება შეგიძლიათ წყლით, ჩვეულებრივი სუბსტრატით. მთავარია, გადანაჭერი ადგილი გააშროთ და დეზინფიცირებული ნიადაგი გამოიყენოთ.

კალმებზე თავსახურის დახურვა აუცილებელი არაა, საკმარისია ნიადაგის მსუბუქი ტენიანობა ან წყლის რეგულარული შეცვლა. კალმები სწრაფად ფესვიანდება, 2-4 კვირაში. ფულის ხის გამრავლება წლის ნებისმიერ დროს შეიძლება.

კრასულა ოვალური შეგიძლიათ თესლიდან გაზარდოთ, მაგრამ ვეგეტატიური გამრავლება უფრო მარტივია, თან შედეგსაც წლები არ დაელოდებით.