Connect with us

ყვავილები

კოჭა – ახალგაზრდობის „რქოვანი“ ფესვი. როგორ დავრგოთ და მოვუაროთ

ჯანჯაფილის სამშობლოა ინდოეთი, მაგრამ გაურკვეველია ჩვენს ქვეყანაში საიდან შემოვიდა, აღმოსავლეთიდან თუ დასავლეთიდან. მან ბევრს თავი შეაყვარა, მაგრამ ცოტას უნახავს მისი ძალიან უჩვეულო და თავისებურად ლამაზი ყვავილი. ჩვეულებრივ, კოჭას სხვადასხვა მიზნით მწნილის ან ახალი ფესვის სახით იყენებენ. მას კულინარიაში და ხალხურ მედიცინაში ხშირად იყენებენ. კოჭა ძალიან მიყვარს იაპონურ კერძებთან, წვნიანებში, ქათმის ხორცთან, ჩაისთან და საერთოდ, ყველაფრის ჩამოთვლა უბრალოდ შეუძლებელია.

კოჭა (Zingiber) მრავალწლიან ბალახოვან მცენარეს წარმოადგენს და ჯანჯაფილის ოჯახს მიეკუთვნება. ეს ოჯახი დაახლოებით 140 სახეობას მოიცავს. მას ინდოეთში, ჩინეთში, დასავლეთ აფრიკასა და ავსტრალიაში აქტიურად ზრდიან, ასევე გვხვდება ბარბადოსის, იამაიკის და ინდონეზიის კულტურაში. მე-16 საუკუნის დასაწყისში კოჭა ამერიკაში მოიყვანეს. არსებობს მოსაზრება, რომ კოჭის სახელი სანსკრიტული სიტყვიდან singabera მოდის, რაც ნიშნავს „რქოვან ფესვს“.

კოჭის როგორც ძირნაყოფი, ასევე დანარჩენი ნაწილი ბევრ ეთერზეთს შეიცავს. ამის წყალობით მას უჩვეულო ტკბილ-ცხარე გემო და არომატი აქვს.

მას მკვრივი, სქელი ძირნაყოფი აქვს, რომელიც რამდენიმე ფენა ფოთლით არის დაფარული. ყველაზე განვითარებული ძირნაყოფიდან მიწისზედა რამდენიმე ღერო იზრდება. კოჭის ღერო მოხრილი არაა, ის გრძელი, მრგვალი და გამართულია. ფოთლები მარტივი, მთელი, გრძელი, ბოლოში წაწვეტებული.

სახეობიდან გამომდინარე კოჭის ყვავილს შეიძლება სხვადასხვა შეფერილობა ჰქონდეს. ყველაზე გავრცელებულია ნარინჯისფერ-მოყვითალო და ყავისფერი ყვავილები, თუმცა წითელიც გვხვდება. ყვავილები ყლორტის წვერში, ფოთლების უბეში არის შეგროვებული. კოჭის სიმაღლე 2 მეტრს აღწევს. გარეგნულად ლელქაშს ჰგავს, მაგრამ ღეროებს ბევრი ფენა აქვს.

ყველაზე მეტად ცნობილია სამკურნალო კოჭა (Zingiber officinale). დღეს სწორედ მის შესახებ გიამბობთ. ყოველდღიურ ცხოვრებაში სანელებლად და სამკურნალო საშუალებად სწორედ მის ძირნაყოფს ვიყენებთ.

დარგვა

მხედველობაში გქონდეთ, რომ კოჭა სითბოს მოყვარული სამხრეთული მცენარეა. კოჭის ფესვი მიწაში დაახლოებით 10 თვე მწიფდება, ამიტომ არსებობს მოსაზრება, რომ შუა ბოსტანში მისი გაზრდა შეუძლებელია. მიწაში გასაზრდელად ზამთრის ბაღი ან თბილი სათბური დაგჭირდებათ. რა თქმა უნდა, კოჭის გაზრდა ქოთანში ბევრად მარტივია, მაგრამ ეს სტატია მათთვისაა, ვისაც სამხრეთული, არომატული და სურნელოვანი სტუმრის საკუთარ ბოსტანში დაპატიჟება სურს.

დარგვის დროს გაითვალისწინეთ, რომ ტროპიკულ ეგზოტიკურ მცენარეს ორპირი ქარი, ჭარბი ტენიანობა და სინესტე (ძირნაყოფი ლპობას იწყებს) არ უყვარს, ქარი და მზის პირდაპირი სხივებიც ნეგატიურ გავლენას ახდენს. ამასთან კოჭა გადანერგვას ცუდად იტანს. როგორც დარგვა, ასევე გადანერგვა სჯობს გაზაფხულზე გააკეთოთ. გადანერგვის დროს ნიადაგის ნარევი უნდა განაახლოთ, ხოლო ფესვები გაყოთ.

ნაკვეთზე უკვე გავარკვიეთ: ნათელი მაგრამ მზის პირდაპირი სხივებისგან მოშორებით, თბილი, ქარისა და წვიმისგან დაცული ადგილი. ნიადაგი მსუბუქი, მაგრამ ნოყიერი უნდა იყოს. ნიადაგის მჟავიანობა შეიძლება ოდნავ მომატებული ან ნორმალური იყოს. ბალახოვანი მიწა, ნეშომპალა და ქვიშა 1:1:0,5 პროპორციით აიღეთ. შეგიძლიათ ნიადაგი კარგად მოთოხნოთ და ორგანული და მინერალური სასუქებით გაამდიდროთ, ქვიშა მოაყარეთ, თუ ნიადაგი მძიმეა. ორგანული სასუქიდან ყველაზე მეტად დამპალი ნაკელი გამოგადგებათ, ახლის დამატება არ შეიძლება.

კოჭა მხოლოდ ვეგეტატიურად მრავლდება – ძირნაყოფის დაყოფით გაზაფხულზე დარგვის წინ. დასარგავად ფესვს უნდა ჰქონდეს თვალები, საიდანაც შემდეგ კვირტები აღმოცენდება. ის ისე ამოიჭრება, რომ თითოეულს ზრდის რამდენიმე წერტილი ჰქონდეს. გადანაჭერს ფოთლოვანი ხის დაქუცმაცებული ნახშირი უნდა მოაყაროთ.

გაითვალისწინეთ, რომ ასეთი გაღვივებული ფესვის იმწამსვე ღია ნიადაგში დარგვას ვერ შეზლებთ, მარტის ბოლოს – აპრილის დასაწყისში თბილ სათბურში უნდა დარგოთ. ნორმალური ვეგეტაციისთვის +25 გრადუსის პირობები შეუქმენით და ნიადაგი წყლით დანამეთ. ტემპერატურის +18 გრადუსზე დაბლა დაწევა არ დაუშვათ, წინააღმდეგ შემთხვევაში კოჭა „დაიძინებს“ და ზრდის აღდგენა რთული იქნება.

მკაცრ კლიმატურ პირობებში კოჭას აგვისტოს ბოლოში თხრიან. ამ ეტაპზე მოსავალმა შეიძლება არ გაგახაროთ, ამიტომ ბევრი კოჭას ქვაბებში ან დიდ ქოთნებში რგავენ და გაზაფხულამდე სახლში, სითბოში ზრდიან. სადღაც თებერვალში ასეთი გადარგული კოჭა ფოთლებს გამოიღებს და სიმშვიდის ფაზაში გადავა. ამასთან, +16 გრადუსი ტემპერატურა უნდა შეინარჩუნოთ.

მოვლა

მცენარე მორწყეთ და ნიადაგი ფრთხილად გააფხვიერეთ. ზამთარში შეგიძლიათ ძირნაყოფი ამოთხაროთ და გაახმოთ, ან ქოთანში გადარგოთ და მისი გაზრდა უკვე სახლში +18-20 გრადუსზე გააგრძელოთ.

გაზაფხულზე, როგორც კი შეამჩნევთ, რომ კოჭა ზრდას იწყებს, თვეში ერთხელ შარდოვანით ან ხმელი ქერიფქალით გამოკვებეთ. აგვისტოს ბოლოს გამოკვება შეწყვიტეთ.

კოჭას ზედმეტი ტენი არ უყვარს, მაგრამ ნიადაგის გამოშრობაც არ შეიძლება. ის ყოველთვის სველი, ფხვიერი უნდა იყოს.

მოსავლის აღება

სამხრეთ ქვეყნებში, სადაც მთელი წელი სითბოა, სრულად მომწიფებული კოჭას მაშინ თხრიან, როცა ფოთლები ყვითლდება, ცვივა და ხმება. ამ დროს კოჭა ბევრი ენერგია აქვს დაგროვებული. კოჭის გემო მწკლარტე და გაჯერებულია. შეგიძლიათ ახალგაზრდა ძირნაყოფი ამოთხაროთ, რომელსაც უფრო ნაზი გემო აქვს. მაგალითად, ტაილანდში კოჭას ნოემბრიდან მარტამდე იღებენ. ჩვენთან კი მაშინ, როცა ამინდის პირობების გამო კოჭას ზრდის შესაძლებლობა აღარ აქვს.

საკვებად ფანქრის მსგავსი, ახალგაზრდა აღმონაცენებიც გამოიყენება. გემოთი მომწარო მანდარინს ჰგავს.

სახეობა

მე-15 საუკუნიდან კოჭა ველურ ბუნებაში არ გროვდება, არამედ კულტურად აშენებენ. სელექციონერები ცდილობენ, რომ ძირნაყოფი უფრო დიდი, წვნიანი და გემრიელი გახადონ. კოჭის უამრავი სახეობა არსებობს, რომლებიც რბილობის ფერით განსხვავდებიან: მას შეიძლება ჰქონდეს ღია, მომწვანო, ნარინჯისფერი, ყავისფერი ან მოყვითალო შეფერილობა. სუნიც განსხვავდება – ციტრუსის ან ბალახის ნოტები, ზოგჯერ ნავთის სუნი აქვს. თითქმის ყველა სახეობას ერთნაირად მწარე გემო აქვთ.

დამუშავების მიხედვით ყველა ჯანჯაფილი ორ სავაჭრო სახეობად იყოფა, რომლებიც გემოს ხარისხით განსხვავდებიან.

შავი კოჭა (ბარბადოსული) – ნედლი მასალის მისაღებად საკმარისია ძირნაყოფს მდუღარე წყალი გადაავლოთ, ქერქი არ მოაშოროთ. ამ კოჭას ძლიერ გამოხატული მკვეთრი, ცხარე გემო აქვს.

თეთრი კოჭა (ბენგალური) – მის მისაღებად კოჭის ფესვი ჯაგრისით გაწმინდეთ და 2%-იან გოგირდმჟავაში გააჩერეთ. ამ ფორმის ძირნაყოფს მწკლარტე გემო და არომატი აქვს.

ეს წარმოუდგენლად სასარგებლო მცენარე შეიყვარეთ და შეჭამეთ: კოჭა ნივთიერებათა ცვლას არეგულირებს, საჭმლის მონელებას აუმჯობესებს, წონაში დაკლებას ხელს უწყობს, ორგანიზმს ჟანგბადით ამდიდრებს და უბრალოდ გემრიელია.