ყვავილები
იაფი სააფთიაქო საშუალება, რომელიც ნერგებს საფუარივით ზრდას აიძულებს
გაზაფხულზე ყველა მცენარეს პირდაპირ ღია გრუნტში ვერ დარგავთ. „ნაზი არსებები“, როგორიცაა წიწაკა და პომიდორი, ჯერ ნერგების სახით უნდა გაზარდოთ, შემდეგ ბოსტანში გადარგოთ. ამ შემთხვევაში ნერგის გამოკვებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ასე ნერგებს სწრაფად ზრდაში, დაავადებების და ყინვის ატანაში დაეხმარებით. აღმოჩნდა, რომ ნერგები ასპირინით შეგიძლიათ გამოკვებოთ. Аlltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, რატომ უნდა გააკეთოთ ეს და როგორ გამოიყენოთ ასპირინი სასუქად.
რატომ უნდა მორწყათ ნერგი ასპირინით
არ ვიცოდი, რომ ნერგების სასუქად ასპირინის გამოყენება შეიძლებოდა. აგრონომები ირწმუნებიან, რომ ეს შესანიშნავი საშუალებაა, რომელიც თესლს და ყლორტს ობისა და ლპობისგან იცავს. ცნობილია, რომ ასპირინი ძლიერ ანთების საწინააღმდეგო თვისებას ფლობს, ამიტომ თესლის გასაღვივებლად და ნერგისა და მცენარის შემდგომი დამუშავებისთვის გამოიყენება.
100%–ით ნატურალური პრეპარატი არაა, მაგრამ მცენარეს არ აზიანებს. მასში გაცილებით ნაკლები სინთეტიკური ქიმია შედის, ვიდრე ნაყიდ სასუქში. ასპირინი მცენარის ზრდის ბიოსტიმულატორიც არის და იმუნიტეტის გაძლიერებაში ეხმარება. მისი გამოყენებით ნერგი ძლიერდება და დაავადებები, ლპობა და ობი არ აწუხებს.
როგორ მოვრწყათ ნერგი ასპირინით
გიამბობთ, როგორ გააკეთოთ ეს და რომელი ბოსტნეულისთვის გამოიყენოთ. თავიდან ასპირინი მხოლოდ რამდენიმე ქოთანზე სცადეთ, რადგან ყველა მცენარე ასპირინზე ნორმალურად არ რეაგირებს. ეს სახეობასა და სხვადასხვა ფაქტორზე დამოკიდებულია. ამ მეთოდით შეგიძლიათ გამოკვებოთ კიტრის, პომიდვრის და წიწაკის (ბულგარული, ჩილი) ნერგები. ისინი ამ სასუქს „აღმერთებენ“.
თესლის გაღვივება
ყველაფერი მაქსიმალურად მარტივია. 1 აბი ასპირინი (500 მგ) 3 ლიტრ წყალში გახსენით. ამ ხსნარში პომიდვრის ან წიწაკის თესლი ჩაალბეთ. ცოტა წყალი ბრტყელ თეფშზე დაასხით, რომ თესლი მხოლოდ 1 სმ–ით დაიფაროს. თესლი მარლაში ან ბამბის დისკზე შეგიძლიათ გააღვივოთ. ამ შემთხვევაში ასპირინის ხსნარით მუდმივად დანამეთ. პომიდვრისთვის კარგი ვარიანტია. პირველი ყლორტის გამოჩენის შემდეგ თესლი ნერგის კონტეინერში გადარგეთ.
ნერგის გამოკვება
ამოსული ყლორტების საკვებად უფრო სუსტი ხსნარი გამოიყენეთ. 1 აბი ასპირინი 4–5 ლიტრ წყალში გახსენით. არა მხოლოდ ჩვეულებრივი აცეტილსალიცილის მჟავა, არამედ შუშხუნა სწრაფად ხსნადი ასპირინი შეგიძლიათ გამოიყენოთ. ოდნავ ძვირია, მაგრამ ღირს. ნერგები ასპირინით ყლორტის გამოჩენიდან მე-5-6 დღეს მორწყეთ. შემდეგ, როცა ყლორტი გაიზრდება, დიდ ჭურჭელში გადარგეთ და გადარგვიდან მე-3 დღეს ისევ მორწყეთ. ბოლოს, მესამედ ღია გრუნტში გადარგვამდე 1 კვირით ადრე მორწყეთ.
მცენარის დანამვა
ასპირინი ღია გრუნტში გადარგული ბოსტნეულის დასანამად თამამად შეგიძლიათ გამოიყენოთ. ასე მავნებლებთან და დაავადებებთან, იგივე ობთან და ლპობასთან, ბრძოლაში დაეხმარებით. უფრო ძლიერი ხსნარი დაგჭირდებათ, 1 აბი 2 ლიტრ წყალში გახსენით. რამდენიმე წვეთი თხევადი საპონი დაუმატეთ. 3–4 დღეში ერთხელ დანამეთ, როცა ნაყოფი უკვე გამოჩნდება. დილით ადრე ან საღამოს დანამეთ, როცა მცენარეს მზის მცხუნვარე სხივები არ ანათებს.