თავის მოვლა
თქვენ არასწორად იბანთ! 8 ყველაზე გავრცელებული შეცდომა მაკიაჟის მოშორების დროს
სამმა ნიუ–იორკელმა დერმატოლოგმა შეადგინა 8 ყველაზე გავრცელებული შეცდომის სია, რომელსაც თვალის მაკიაჟის მოშორების დროს უშვებენ და რომლის შედეგებსაც დერმატოლოგთან კაბინეტში ებრძვიან. ჯული კარენი, ფრანჩესკა ფუსკო და დებრა ლუფმანი გთხოვენ: მოგვისმინეთ!
შეცდომა №1: მაკიაჟს ბამბის დისკით იშორებთ
„მესმის, რომ ეს მრავალწლიანი ჩვევაა, მაგრამ პაციენტებისთვის ამის გამეორებით არ ვიღლები: თვალის ირგვლივ წვრილი ნაოჭები და ჩამოწელილი ქუთუთოები დისკებით კანის გაწელვის შედეგია. როგორ გავაკეთოთ სწორად: დისკები ორფაზიანი საშუალებით გაჟღინთეთ, დახუჭულ თვალებზე 5-7 წამით გაიჩერეთ. შემდეგ მსუბუქი შეხებით ტონალური კრემი ან პუდრა მოიშორეთ. შემდეგ დაიბანეთ. გახსნილი ტუში და ჩრდილები ადვილად მოგშორდებათ, ქუთუთოების კანი არ დაზიანდება“ – ამბობს ექიმი კარენი.
შეცდომა №2: ქუთუთოების გასაწმენდად ცალკე საშუალება არ გაქვთ
„მაშინაც კი, თუ შეძენილი აქვთ, ბევრ გოგოს ქუთუთოების დემაკიაჟისთვის ცალკე საშუალების გამოყენება ეზარებათ. არადა ქუთუთოს კანი ბევრად უფრო თხელი და მგრძნობიარეა, მას განსაკუთრებული მოვლა სჭირდება! ჩრდილები, თუნდაც ყველაზე ხარისხიანი, კანს აშრობს, ხოლო გამწმენდი საშუალება შეიძლება შეიცავდეს ინგრედიენტებს, რომლებიც ქუთუთოს კანს დამატებით აუწყლოებს. გოგოებს ვთხოვ: თუ ორი საშუალების გამოყენება გეზარებათ, სჯობს მთელი კანი ქუთუთოების გამწმენდი საშუალებით გაიწმინდოთ, ვიდრე პირიქით!“ – გირჩევთ ექიმი ფუსკო.
შეცდომა №3: ტუშის მოშორებისას დისკს მარჯვნივ–მარცხნივ და უკუ მიმართულებით ამოძრავებთ
„გოგოების უმეტესობა ტუჩს სწორედ ასეთი მოძრაობით იშორებს. ეს კი წამწამების დაკარგვის და ცვენის მიზეზია. სწორი მეთოდი: მხოლოდ ძირებიდან წვერამდე!“ – ამბობს ექიმი ლუფმანი.
შეცდომა №4: მაკიაჟის მოშორების შემდეგ სახეს არ იბანთ
„ყველაზე დელიკატური და ხარისხიანი თვალის მაკიაჟის მოსაშორებელი საშუალებაც კი კანზე ზეთოვან ფირს ტოვებს. ის აუცილებლად უნდა ჩამოიბანოთ, რადგან კრემს კანში შეღწევის საშუალებას და მისი ფუნქციის შესრულების უფლებას არ აძლევს. ამ ფირს უბრალო წყლით ვერ ჩამოიბანთ. მაკიაჟის მოშორების შემდეგ სპეციალური კანის გამწმენდი საშუალებით უნდა დაიბანოთ“ – გვირჩევს ექიმი ლუფმანი.
შეცდომა №5: თქვენ ერთი და იგივე ბამბის დისკს იყენებთ
„ხშირად გოგოები ეკონომიის ან სიზარმაცის გამო 2 ბამბის დისკს იყენებენ – თითო დისკს თითო თვალზე და უკვე დასვრილ დისკს განმეორებით იყენებენ. ამის გამო კანი მხოლოდ იტანჯება, გაწმენდის პროცესი კი ნაკლებად ეფექტური ხდება. უფრო მარტივია საშუალებით გაჟღენთილი დისკი ოთხად გაყოთ და ყოველ ჯერზე სუფთა ნაწილი გამოიყენოთ“ – ამბობს ექიმი ფუსკო.
შეცდომა №6: მაკიაჟს ბოლომდე არ იშორებთ
„პირველი პუნქტის მეორე მხარე: კანის დაზიანების შიშის გამო ბევრი გოგო ქუთუთოზე დისკს მხოლოდ 1–2–ჯერ იტარებს და თვლის, რომ ეს საკმარისია. სინამდვილეში, ყოველთვის ასე არაა. გირჩევთ, დემაკიაჟის პროცესი დასრულებულად ჩათვალოთ, თუ დისკზე ტუჩის ან ჩრდილის პატარა კვალიც არ დარჩება“ – განმარტავს ექიმი კარენი.
შეცდომა №7: წარბებს არ იწმენდთ
„წარბების ბევრი საშუალება ცვილის საფუძველს შეიცავს, – განმარტავს ფუსკო – თუ მას სრულად არ მოიშორებთ, თმის ძირები „დაიხრჩობა“, თავად წარბები გაიშვიათდება და დაცვივდება. თვალების გაწმენდისას, წარბების გაწმენდაც არ დაგავიწყდეთ“.
შეცდომა №8: ნაზ ქუთუთოს კანზე პილინგს ან სკრაბს ისვამთ
„ხშირად გოგოები თვლიან, რომ ასე კანს აახლებენ და ნაოჭების გაჩენას თავიდან იცილებენ, მაგრამ ყველაფერი პირიქითაა, – ირწმუნება ექიმი კარენი, – ქუთუთოს კანი იმდენად ნაზია, რომ ნებისმიერი მექანიკური ან ქიმიური ზემოქმედება დიდ ზიანს აყენებს. გთხოვთ, დაიმახსოვრეთ მარტივი ფორმულა: ქუთუთოს კანი შეიძლება ა) დაატენიანოთ, ბ) გაწმინდოთ. მეტი არაფერი!“