Connect with us

საკითხავი

თუ სახლში საპნის კაკლები არ მაქვს, სარეცხის მთას არც ვეკარები

საპნის კაკალი – საპნის ხის ნაყოფი, რომელიც ინდოეთსა და ჰიმალაიში იზრდება. ნეპალელები და ინდოელები საპნის კაკლებს უკვე დიდი ხანია იყენებენ სარეცხ საშუალებად, ასევე პარფიუმერიის და კოსმეტიკური საშუალებების საწარმოებლად. საპნის კაკლის ქერქი ბუნებრივ ასაქაფ ნივთიერებას შეიცავს. საპნის კაკალი ალერგიულ რეაქციას არ იწვევს და ნებისმიერ ზედაპირზე ცხიმს და ჭუჭყს ეფექტურად უმკლავდება.

საპნის კაკალი

500 გრ ნატურალური უნივერსალური საშუალება ჭურჭლის, თეთრეულის გასარეცხად და სახლის დასალაგებლად 6 თვე გეყოფათ. გარდა ამისა, შეგიძლიათ თმის და ტანის დასაბანად, ნებისმიერი ტიპის ქსოვილის გასარეცხად გამოიყენოთ. საპნის კაკალი არა მხოლოდ ჭუჭყს აშორებს, არამედ დამარბილებელ თვისებას ფლობს. მისი დახმარებით თითქმის ყველაფრის გაწმენდა შეიძლება: ჭურჭელი, იატაკი, პირსახოცი და თავად თქვენც.

რეცხვა

საპნის კაკალი რეცხვის დროს ისე გამოიყენება, როგორც სარეცხი კაფსულები. სარეცხი მანქანით რეცხვისას დოლურაში ტილოს ტომარა 6-8 საპნის კაკლის ნაჭუჭით ჩადეთ. ეს რაოდენობა 3 კგ თეთრეულს ეყოფა. დოლურა ძალიან არ გადაავსოთ, რომ ნივთები კარგად გაირეცხოს. რეცხვა ჩვეულ რეჟიმზე ჩართეთ. საპნის კაკლით შეგიძლიათ ბავშვების ტანსაცმელი და ნებისმიერი ქსოვილი გარეცხოთ. თუ ნივთები ძლიერ დაჭუჭყიანებულია, 2-ით მეტი ნაჭუჭი გამოიყენეთ.

ხელით რეცხვისას თბილი წყლით სავსე ტაშტში რამდენიმე კაკალი ჩადეთ და 15 წუთით დაელოდეთ. როცა ქაფი წარმოიქმნება, შეგიძლიათ გარეცხვას შეუდგეთ. გარეცხვის შემდეგ ნივთებს ცივი წყალი გადაავლეთ. ამასთან საპნის კაკლები ტაშტიდან სჯობს არ ამოიღოთ, არამედ თეთრეულის სავლებად დატოვეთ, რომ ქსოვილებს სირბილე მიანიჭოთ.

ჭურჭლის გარეცხვა

ხელით რეცხვისას საპნის კაკლის ექსტრაქტი გამოიყენეთ. სარეცხი საშუალების მოსამზადებლად 20 კაკლის ნაჭუჭი დააქუცმაცეთ და 1 ლ წყალი დაასხით. ნახევარი საათით თავდახურულ ქვაბში ადუღეთ. კაკალი მაცივარში შეინახეთ. მომდევნო 2 დღე დუღილის პროცედურა გაიმეორეთ. ამის შემდეგ ექსტრაქტი შეგიძლიათ სარეცხ საშუალებად გამოიყენოთ. საპნის კაკლის ექსტრაქტი მინას ცხიმს და ზოლებს აშორებს. ჩაის ნადებს კარგად უმკლავდება. ჭურჭლის სარეცხი მანქანის გამოყენების შემთხვევაში დანა–ჩანგლის განყოფილებაში 5 ნაჭუჭი ჩადეთ და რეცხვის ჩვეული რეჟიმი ჩართეთ.

ბოსტნეულის გარეცხვა

ხილის და ბოსტნეულის გაზრდისას ქიმიკატები გამოიყენება. პროდუქტების ყიდვის შემდეგ მათი მოშორება აუცილებელია. ამ მიზნით შეგიძლიათ გამოიყენოთ სოდა ან საპნის კაკალი. ასე ხილ–ბოსტნეულს ჭუჭყს, ქიმიკატებს, ფრინველების და მწერების საქმიანობის ნარჩენებს მოაშორებთ.

სახლის დალაგება

საპნის კაკლის ექსტრაქტით შეგიძლიათ სამუშაო ზედაპირი, ავეჯი და ბავშვების სათამაშოები გაწმინდოთ. თუ საშუალებას იატაკის საწმენდ წყალს დაუმატებთ, საპნის კაკალი ცხიმს და ლაქებს, ლინოლეუმის ზოლებს კარგად მოაშორებს.

თმის და ტანის დაბანა

საპნის კაკალი სკალპს ნაზად წმენდს და ქერტლს აქრობს. თმა დაბანის შემდეგ ბზინვარე და ხავერდოვანი ხდება. თუ აბრეშუმის ტომარაში რამდენიმე კაკალს ჩადებთ, შეგიძლიათ ნეჭას ნაცვლად გამოიყენოთ. ტომარაზე ხელის მოჭერისას კაკალი აქაფდება. კაკლის ექსტრაქტი მაკიაჟის მოსაშორებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ.

ცხოველებზე ზრუნვა

საპნის კაკლის ექსტრაქტით შეგიძლიათ ალერგიული ცხოველები დაბანოთ. საპნის კაკალი უსიამოვნო სუნს აქრობს და ცხოველის ბეწვს ჭუჭყს აშორებს. ასეთი დაბანის შემდეგ საყვარელ ცხოველს გაღიზიანების ნიშნები, სიწითლე ან ქერტლი აღარ ექნება, რაც სპეციალური შამპუნების გამოყენების შემდეგ ხშირად აღინიშნება.

მცენარეებისთვის

საპნის კაკლის ხსნარით შეგიძლიათ ოთახის მცენარეები მწერებისგან დაიცვათ. საშუალებით სუფთა ფოთლები დანამეთ. ასე დამცავი ფირი წარმოიქმნება, რომელიც მავნებლებს დააფრთხობს.

როგორც ხედავთ, უსასრულო ქილების და ბოთლების ნაცვლად, რომელთაც საეჭვო შემადგენლობა აქვთ, შეგიძლიათ ერთი ნატურალური საშუალება გამოიყენოთ, რომელიც თითქმის ყველაფერს წმენდს. ამასთან, საპნის კაკალი ეკოლოგიურად უსაფრთხოა. ეს კი დღეს არანაკლებ მნიშვნელოვანია. ოდესმე გამოგიყენებიათ საპნის კაკლები?