Connect with us

ყვავილები

ზამთრის მცენარეები ფანჯრის რაფაზე: რა შეგიძლიათ დარგოთ ახლა

მიწათმოქმედების ნამდვილი მოყვარულთათვის ზამთარი ხელის ჩაქნევის მიზეზი არაა. სახლში ხომ ბევრი ფანჯრის რაფაა! რა თქმა უნდა, შეგიძლიათ მხოლოდ დეკემბერით ან ქრიზანთემით გამოძვრეთ, მაგრამ მათ სალათში ვერ გამოიყენებთ. Alltime.ge-ს რედაქცია გთავაზობთ ზამთრის მცენარეებს, რომლებიც ფანჯრის რაფაზე თავს შესანიშნავად გრძნობენ, თუნდაც გარეთ ყინავდეს.

თუ ფიქრობთ, რომ მხოლოდ ხახვით შემოვიფარგლებით, სასიამოვნოდ გაოცება გელით. ზოგიერთი სახის მწვანილი და ბოსტნეული მთელი წელი შეგიძლიათ გაზარდოთ. განსაკუთრებით, ცივ სეზონზე, როცა ვიტამინები საკმარისი არაა.

რომელი მცენარეები შეგიძლიათ გაზარდოთ ზამთარში ფანჯრის რაფაზე

მიკრომწვანილი

ყველაზე მარტივი და სწრაფი გადაწყვეტილებაა. იმდენად უპრეტენზიოა და ისე სწრაფად იზრდება (3 დღიდან 1 კვირამდე), მავნებლები თავდასხმას ვერ ასწრებენ. სასუქი არ სჭირდება. საკმარისია, თესლის ფენა მიწაში ან სპეციალურ გამაღვივებელში მოათავსოთ. მიკრომწვანილი 2 ნამდვილი ფოთლის შემდეგ მოკრიფეთ.

გასაღვივებლად გამოგადგებათ: მაშა–ლობიო, ხორბალი, ქინძი, მდოგვი, ქერი, წიწმატი, ბოლოკი, ოსპი. თითქმის ყველაფერი, ლობიოს გარდა (ამ ფორმით შხამიანია).

სანელებელი მწვანილი

მწვანე ფანჯრის რაფა სალათისთვის ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული მეთოდია და არა სულ ტყუილად. გარნირის მოსამზადებლად ძალიან მოსახერხებელია, რადგან ყველა ინგრედიენტი ყოველთვის ხელთ გაქვთ. მომწიფების დრო გახსოვდეთ:

  • პრასი – 15 დღე
  • პიტნა – 20 დღე
  • რუკოლა, ქინძი – 30 დღე
  • ოხრახუში (ღრმა ქოთანში ჩარგეთ) – 35 დღე
  • რეჰანი – 50 დღე
  • ლემონგრასი – 150 დღე

ლიმონი (პავლოვსკი)

თუ თქვენს მეგობარს პავლოვსკის ლიმონი აქვს, ერთი კალამი რამდენიმე ფოთოლით ან კვირტით თხოვეთ. ნაყოფიერ მცენარეს მხოლოდ კალმით მიიღებთ. გადანაჭერის ფესვის ზრდის სტიმულატორით დამუშავება არ დაგავიწყდეთ, შემდეგ მიწაში ჩარგეთ და პარკი დააფარეთ. როცა გაფესვიანდება, ლიმონი უფრო დიდ ქოთანში გადარგეთ.

პომიდორი ჩერი

სააგარაკო პომიდორს ფანჯრის რაფაზე ვერ გაზრდით, მაგრამ ჩერი პომიდორი სახლში თავს კარგად გრძნობს. ზამთარშიც კი, როცა განათება ბევრი არაა. თესლის ნაცვლად გირჩევთ ნერგი ან ნამხარი გამოიყენოთ. ყურადღება მიაქციეთ, რომ მიწა ყოველთვის სველი იყოს და რამდენიმე თვეში წითელი ნაყოფით გაგახარებთ. დიახ, დარგვისას სასუქით გამოკვება ზედმეტი არაა.

კარტოფილი

და ბოლოს, მისი დიდებულება კარტოფილი. ცოტამ თუ იცის, რომ მისი გაზრდა ბინაში შეიძლება. ამისთვის დაგჭირდებათ გახვრეტილი ლითონის ან პლასტმასის ვედრო (ვენტილაციისთვის აუცილებლად გახვრიტეთ). გაღვივებული კარტოფილი, 8 სმ დრენაჟი ვედროს ძირში, მიწის ფენა თითქმის პირამდე და შეგიძლიათ დარგოთ. 10 ლიტრიან ვედროზე 1 ბოლქვი კარტოფილი გამოიყენეთ.

კვირაში ერთხელ მიწა გააფხვიერეთ და წყლით მორწყეთ. კვირტობის დროს კარტოფილი ამონიუმის ნიტრატის და კალიუმის სულფატის ნარევით (20-20 გრ თითო კვადრატულ მეტრზე) გამოკვებეთ.

ყველაზე სასიამოვნოა, რომ სახლის პირობებში მცენარეებს მავნებლებები არ ემუქრებათ. დაავადებებისგან თქვენი ყურადღებით დაცულნი არიან. საკუთარი ხელით მოყვანილ ცოცხალ მწვანილსა და ახალ ბოსტნეულზე უკეთესი არაფერია. მზად ხართ, ამ სიიდან რომელიმე გამოსცადოთ?