Connect with us

საკითხავი

ეფექტური ხრიკები, როგორ მოაშოროთ სკოჩი მინას

ახალ ჭურჭელსა და ავეჯს წებოვანი სტიკერი აკრავს. ხშირად სტიკერის აძრობისას წებოს კვალი რჩება, რომელზეც მტვერი და ჭუჭყი დაგროვდება, თუ დროულად არ მოაშორებთ.

პრობლემა ნაცნობია დიასახლისებისთვის, რომელთა შვილები წვეულებებზე ფანჯრებს აფორმებენ და ამისთვის სკოჩს ხშირად იყენებენ. მინის ზედაპირიდან სკოჩის მოშორება რთულია, მაგრამ Alltime.ge–ს რედაქციის ხრიკებით პრობლემას ეფექტურად და მარტივად გაუმკლავდებით.

ხრიკები მინიდან სკოჩის მოსაშორებლად

სპეციალური საშუალება

თუ წყალი და ჩვარი სკოჩის კვალს ვერ აშორებს, მინის საწმენდი სითხე ან სკოჩის მოსაშორებელი სპეციალური საშუალება გამოიყენეთ. მათ შეძენას საყოფაცხოვრებო ქიმიის მაღაზიაში შეძლებთ. ასე წებოვან კვალს სწრაფად მოიშორებთ.

სოდა

სოდის და წყლის ნარევი (ფაფა) მინაზე წებოვან კვალს წაუსვით, გახეხეთ და რამდენიმე წუთით გააჩერეთ. ბოლოს ნარჩენები სველი ღრუბლით მოაშორეთ და გაამშრალეთ.

ნიშადურის სპირტი

ნიშადურის სპირტი წებოვან კვალს ეფექტურად გაუმკლავდება, როგორც მინაზე, ასევე პლასტმასზე. სპირტის გამოყენებისას ხელთათმანი აუცილებლად გამოიყენეთ და ფანჯრები გააღეთ, რომ ოთახი განიავდეს.

ფენი

ფენის ცხელი ჰაერით სკოჩს მარტივად მოაშორებთ. ამისთვის ცხელი ჰაერი სკოჩისკენ მიმართეთ. გაცხელებული სკოჩის კიდე დანით აწიეთ და მინას მოაშორეთ. ამის შემდეგ ნარჩენებს სველი ღრუბლით მარტივად მოაშორებთ.

მზესუმზირის ზეთი

ეფექტური, მაგრამ რთული მეთოდია. ზეთში გაჟღენთილი ქაღალდი სკოჩს დააფარეთ. ღამით გააჩერეთ. დილით ცხელი წყლით და საპნით ნარჩენები მოაშორეთ.

არაყი

სპირტის შემცველი საშუალება წებოვან სტიკერს შესანიშნავად უმკლავდება. არყის გამოყენებისას სიფრთხილე გამოიჩინეთ.

აცეტონი

აცეტონს მძაფრი სუნი აქვს, ამიტომ ფანჯარა აუცილებლად გააღეთ და ოთახი გაანიავეთ. აცეტონის ნარჩენები აუცილებლად მოაშორეთ. ფრთხილად იმოქმედეთ, რომ აცეტონი პლასტმასის ჩარჩოს არ მოხვდეს.

კბილის პასტა

ჩვეულებრივი კბილის პასტა გამოგადგებათ. სკოჩს წაუსვით, 15 წუთით გააჩერეთ, შემდეგ თბილი წყლით და საპნით ჩამორეცხეთ. ასე მინის დაზიანების რისკი მინიმალურია.

კიდევ ერთი ხრიკი: ძველ სკოჩს ზემოდან ახალი სკოჩი დააკარით და სწრაფად ააძვრეთ. ასე ძველი სკოჩი მინას თითქმის უკვალოდ მოშორდება.

Advertisement