Connect with us

ყვავილები

ელემენტარული მეთოდი, რომელიც ყველაზე „მავნე“ ორქიდეასაც ყვავილობას აიძულებს

ზღაპრული ორქიდეა მრავალწლოვან ბალახოვან მცენარეს წარმოადგენს. ბუნებაში ორქიდეას 30 ათასზე მეტი სახეობა არსებობს. ბუნებრივ პირობებში ნიადაგში არ იზრდება, არამედ ხეებს ეკვრის.

18 საუკუნის შუა პერიოდში ორქიდეებით სათბურებსა და ბოტანიკურ ბაღებს ავსებდნენ. ამ მცენარის ყვავილები თავისი სილამაზით და მრავალფეროვნებით უბრალოდ გაგაოგნებთ. სახლის პირობებში ორქიდეას გაზრდის მცდელობა ხშირად სრულ მარცხს განიცდის, რადგან ინტენსიურად მხოლოდ მცენარის ფესვები და ფოთლები ვითარდება. ყვავილობის არ არსებობის მიზეზის გასარკვევად, პირველ რიგში მისი მოშენების პირობების შესახებ უნდა გაიგოთ.

რატომ არ იზრდება ორქიდეა სახლის პირობებში

ორქიდეასთვის ყველაზე ხელსაყრელ ბუნებრივ პირობას ტროპიკული კლიმატი წარმოადგენს. შესაბამისად, თუ მცენარის პირობები ბუნებრივისგან დიდად განსხვავდება, უხვ ყვავილობას არ ელოდოთ.

ყვავილობის არ არსებობის ყველაზე ხშირი მიზეზები:

მინერალური ნივთიერებების დეფიციტი

ორქიდეას, როგორც წესი, პატარა ქოთნებში რგავენ, სადაც ნიადაგი იფიტება. მცენარეს პერიოდულად გამოკვება სჭირდება. მინერალური სასუქი ნაკლებ აზოტს უნდა შეიცავდეს. აზოტი მწვანე მასის ზრდას ხელს უწყობს, ხოლო ყვავილობისთვის კალიუმი, მაგნიუმი და ფოსფორია საჭირო. სასუქის მიწოდებამდე ნიადაგი კარგად უნდა მორწყათ, რომ ფესვები სასუქით შემთხვევით არ დაწვათ. მშრალი პროდუქტებიდან სუსტი კონსისტენციის წყლის ხსნარი მოამზადეთ. ჭარბი რაოდენობით მკვებავი ნივთიერებების მიწოდება ასევე საზიანო იქნება.

არასწორი მორწყვა

ორქიდეას საკმაოდ ფართო ფოთლები აქვს, საიდანაც ტენის აორთქლება ხდება. აქტიური ზრდის პერიოდში მცენარე საკმაოდ ხშირად, კვირაში 2-3-ჯერ უნდა მორწყათ. ზამთარში პირიქით – ნიადაგი უხვად არ უნდა მორწყათ. წყალი რბილი უნდა იყოს. სასურველია ანადუღარი ან გაფილტრული, ოთახის ტემპერატურის წყალი გამოიყენოთ. სველი ფესვები, რომლებზეც კონდენსატის წვეთები ჩანს, მორწყვას არ საჭიროებს. ჭარბი ტენიანობა ფესვების ლპობას გამოიწვევს.

ტემპერატურის რეჟიმის და განათების დარღვევა

ორქიდეა ტემპერატურის ცვლილების მიმართ მგრძნობიარეა. დღის და ღამის პერიდოში ტემპერატურის ცვლილება 4 გრადუსს არ უნდა აჭარბებდეს. ზაფხულში ოპტიმალური ტემპერატურა 18-25 გრადუსი უნდა იყოს, ზამთარში 15- გრადუსზე დაბალი არა. განათება ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა მზის პირდაპირი სხივები არასასურველია. მათ ფოთლების დაწვა შეუძლიათ.

შეუსაბამო სუბსტრატი

სუბსტრატმა ფესვების მინიმალური ტენიანობა და ჰაერის თავისუფალი მიმოქცევა უნდა უზრუნველყოს. ამ მიზეზით ორქიდეა ჩვეულებრივ შავ მიწაში ან ბაღის ნიადაგში არ უნდა დარგოთ. ქოთანი ხავსის, ტორფის და მსხვილი ქვიშის ნარევით აავსეთ. სჯობს ყვავილების მაღაზიაში სპეციალურად ორქიდეასთვის მზა ნიადაგი იყიდოთ.

ფესვები ძალიან მნიშვნელოვანია! ფესვების სისტემა ქოთანში

ორქიდეას საკმაოდ ძლიერი ფესვები აქვს, რომელიც ფოროვანი ქსოვილით არის დაფარული. ბუნებრივ პირობებში ფესვები ხის ტოტებს ეკვრის. ვერტიკალურ მდგომარეობაში მცენარის გაჩერებაში ქოთანი დაგეხმარებათ. მზის სხივების წვდომისთვის გამჭვირვალე ქოთანი გამოიყენეთ. ქოთნის ძირში წყლის სადინარი ხვრელის გაკეთება აუცილებელა. სასურველია, რომ ქოთნის გვერდებზეც ხვრელები გააკეთოთ, ასე ჰაერის ვენტილაციას ხელს შეუწყობთ. ფესვები ქოთანში თავისუფლად უნდა იყოს, შეიძლება ქოთნის გარეთ გამოშვერილი იყოს. ორქიდეასთვის ყველაზე უკეთ გამჭვირვალე პლასტმასის ქოთანი გამოდგება. მასალა ფესვების განვითარების დანახვის საშუალებას გაძლევთ. თუ მცენარის გადარგვას გადაწყვეტთ, პლასტმასის ქოთნის გაჭრას მარტივად შეძლებთ. ასე ფესვებს დაზიანებისგან დაიცავთ.

როგორ მოვახდინოთ ყვავილობის სტიმულირება – ყველაზე ეფექტური მეთოდები

ტროპიკულ გარემოში ორქიდეები მკვრივი ფოთლების ქვეშ ცხოვრობენ და მათთვის სეზონის ცვლილება არ არსებობს. ორქიდეას ყველაზე უპრეტენზიო სახეობაა ფალენოპსისი, რომელსაც 11 თვის განმავლობაში ყვავილობა შეუძლია. თუმცა, ამ შედეგის მიღწევა სახლის პირობებში რთულია.

ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება

დღის მანძილზე ორქიდეა თბილ ოთახში უნდა იყოს, ღამით ტემპერატურის 16-18 გრადუსამდე შესამცირებლად შეგიძლიათ ფანჯარა გააღოთ. ზაფხულში ორქიდეა ბაღში გაიტანეთ. ქუჩაში ყოფნა ფოტოსინთეზს დააჩქარებს და ნახშირორჟანგით გაამდიდრებს, რაც ყვავილობას სტიმულირებს.

მშრალი უდაბნოს გარემოს შექმნა

ასეთი მშრალი კლიმატის შესაქმნელად მორწყვის ინტერვალი გაზარდეთ. ზაფხულში ორქიდეა 4 დღეში ერთხელ, ზამთარში კვირაში ერთხელ მორწყეთ. ორქიდეას ფესვები მშრალი უნდა იყოს. თუ სწორად მორწყავთ მცენარის ქვედა ფოთლები უფრო რბილი იქნება.

ცხელი შხაპი

ამ პროცედურის ჩასატარებლად აბაზანა ცხელი წყლით და ორთქლით აავსეთ. ორქიდეას ქოთნები 15 წუთით დაახლოებით 35 გრადუსის, თბილი წყლით მორწყეთ. ამ დროში მცენარე ფესვებიდან ტენს შეიწოვს და ფოთლებიდან ტენის ინტენსიურ გამოდევნას დაიწყებს. ერთ კვირაში ორქიდეა ყვავილის ღეროებს გამოიღებს.

განათების გაუმჯობესება

ორქიდეას სხვადასხვა სახეობა განსხვავებული ინტენსივობის განათებას საჭიროებს. როცა მცენარე დიდი ხანია არ ყვავილობს, ის საკმარის სინათლეს ვერ იღებს. ქოთანი უფრო განათებულ ადგილას გადადეთ ან სპეციალური სანათი იყიდეთ.

ყვავილის ყუნწის გადაჭრა

თითოეულ ყვავილის ყუნწზე რამდენიმე კვირტია მოთავსებული, რომლებიც მძინარე მდგომარეობაში იმყოფებიან. ყვავილობის სტიმულირებისთვის ყუნწზე 3 კვირტი მოაჭერით.

გადარგვა

ყვავილობის არ არსებობა ზოგჯერ ნიადაგის გამოფიტვასთან არის დაკავშირებული. ეს მცენარის ფოთლებზე ჩანს. როცა ახალი ფოთლები ძველთან შედარებით მცირე ზომისაა, ან სხვა ფორმა აქვს, ორქიდეას ახალი სუბსტრატი სჭირდება.

ზოგიერთი ორქიდეა ყვავილობას მხოლოდ 3 წლიდან იწყებს. როცა მცენარე საკმაოდ ზრდასრულია, მასზე 5-8 კვირტი ჩნდება. ყვავილობის სტიმულირება მხოლოდ ჯანსაღი ორქიდეას შემთხვევაში შეიძლება. ყვავილობისთვის დაავადებულ ორქიდეას ძალების მოკრეფა სჭირდება.

ორქიდეას ყვავილის ყუნწები გამოიღო: შემდეგ როგორ მოვიქცეთ?

როგორც წესი, ყუნწების გამოღებიდან 2 თვეში პირველი ყვავილები თავს იჩენს. ამ პერიოდში თქვენ კომფორტული პირობა უნდა შექმნათ, რომ ყველა კვირტი გაიშალოს.

ქოთნის გვერდით წყლის სავსე ჭურჭელი დადგით. ასე ჰაერის დატენიანებას შეძლებთ. თუ სახლში ძალიან ცხელა, ორქიდეა თბილი წყლით დანამეთ. მცენარე ჩვეულებრივი მეთოდით, სუბსტრატის გაშრობის მიხედვით მორწყეთ.

ზამთარში ორქიდეას დამატებითი განათება სჭირდება

სინათლის დეფიციტის ასანაზღაურებლად მას ფიტო ნათურა სჭირდება. ასეთი ნათურა ჰაერს არ აშრობს და მცენარეს საკმარისი სინათლით უზრუნველყოფს. ზამთარში დღის შუქი 12 საათზე ნაკლები არ უნდა იყოს.

ორქიდეას ადგილის ხშირი შეცვლა არ უყვარს და ამ გადაადგილებას ნელი ზრდით პასუხობს. თუ ადგილის შეცვლა მაინც გსურთ, სინათლის იმ მიმართულებით დადგით, როგორც ადრე იყო.

მცენარე ფოსფორის და კალიუმის სასუქით პირველ ყვავილობამდე გამოკვებეთ. მათი დახმარებით ყვავილის კვირტების ზრდას ხელს შეუწყობთ. როცა ორქიდეა აყვავილდება, დამატებითი სასუქი აღარ სჭირდება.

ორქიდეას სწორი მოვლა ყვავილობის შემდეგ

ყვავილობის პერიოდი 5-დან 12 თვემდე გრძელდება. ყვავილების დაჭკნობის შემდეგ ყუნწების მოჭრა არ იჩქაროთ. დარწმუნდით, რომ დასაწყისისთვის ორქიდეა მეტად აღარ ყვავილობს. ღერო კარგად დაათვალიერეთ, რომ გაიგოთ, თუ მომავალში როგორ იმოქმედოთ. თუ ყვავილის ყუნწს მწვანე ბოლო აქვს, მასზე შეიძლება დამატებითი კვირტები გაჩნდეს.

როცა ყვავილის ყუნწები გაყვითლდება და გაშრობას დაიწყებს, ყვავილობა უკვე დასრულდა. თუმცა ორქიდეა ყვავილის ღეროდან გამოკვებას კიდევ აგრძელებს. სწორედ ამიტომ, ღერო მხოლოდ სრული გამოშრობის შემდეგ უნდა გადაჭრათ.

ჩვეულებრივ გადაჭრის დროს 3 ქვედა კვირტს ტოვებენ. ზოგჯერ ზაფხულში ყვავილის ღეროზე ახალი წამონაზარდი ჩნდება. მისი დახმარებით ორქიდეა მრავლდება. ღეროზე 6 თვე დატოვეთ, სანამ მასზე 2 ფოთოლი არ გაიზრდება.

ყვავილობის შემდეგ ორქიდეას მოვალ დანარჩენი პერიოდისგან დიდად არ განსხვავდება. დასვენების პერიოდში სასუქის მიწოდება შეამცირეთ და თვეში მხოლოდ ერთხელ მიეცით. როცა სუბსტრატი მორწყვის შემდეგ სწრაფად შრება, ხოლო ხვრელებიდან ფესვები ჩანს, დროა ორქიდეა გადარგოთ. ყველაზე კარგი პერიოდია – ყვავილობის შემდეგ.

გადარგვამდე ორქიდეას უხვად რწყავენ და ქოთნიდან ფრთხილად ამოაქვთ. დამპალი და გამხმარი ფესვები მოაშორეთ. სუბსტრატი წინასწარ ცეცხლზე უნდა გადაატაროთ, რომ ყველა მავნებელი მოკლათ. სადრენაჟოდ ქოთნის ძირში გრანიტის ნანგრევები მოათავსეთ. გადარგვის შემდეგ მორწყვა არ სჭირდება, შეგიძლიათ უბრალოდ დანამოთ.

დასვენების პერიოდი დაახლოებით 3-6 თვე გრძელდება, ამის შემდეგ ახალი კვირტები ჩნდება და ორქიდეა კვლავ ყვავილობას იწყებს.

არ შეგეშინდეთ! ორქიდეასთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა რთული არაა. მთავარია მასზე იზრუნოთ და გიყვარდეთ, ასე ლამაზი ეგზოტიკური ყვავილებით დატკბობას შეძლებთ.