ჯანმრთელობა
დაოსური დიეტა ორი ერთში: წონაში ვიკლებთ და უფრო ახალგაზრდა ვხდებით
ზამთარში წონის დაკლება განსაკუთრებით რთულია, რადგან ორგანიზმი დასუსტებულია და ჯანმრთელობის შენარჩუნება უფრო მნიშვნელოვანია. Alltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როგორ დაიკლოთ წონაში და თან ახალგაზრდობა დაიბრუნოთ.
ჩინური მედიცინა „ცი“–ს ენერგიის კონცეფციაზეა აგებული – ამბობს ანა, ექიმი და გამაჯანსაღებელი პრაქტიკის სკოლის Wu Ming Dao დამფუძნებელი, დაოსური პრაქტიკის მასწავლებელი.
ადამიანის გარეგნობა და ჯანმრთელობა სხეულში ენერგიის მოძრაობაზეა დამოკიდებული. „ცი“–ს ტერმინში რაიმე კოსმიური ენერგია არ იგულისხმება – ეს მარტივი და გასაგები მოვლენაა: ძალის რაოდენობა, რომელიც დღეს გვაქვს. ჩინელი ექიმები გირჩევენ, რომ გასახდომად შიმშილით არ დაიტანჯოთ, არამედ ამა თუ იმ ორგანოს ცი დააგროვოთ და აღადგინოთ, რაც სხეულის ფორმებსა და მოცულობაზე პირდაპირ გავლენას ახდენს.
თირკმლის ცის აღდგენა
თუ ეს ორგანო დასუსტებულია, ადამიანი ძალების ტოტალურ კლებას გრძნობს. დილით საწოლიდან ადგომა შეუძლებელი გმირობაა, სამსახურში წასვლაზე არაფერს ვამბობთ. რატომ იმატებენ ასეთი ადამიანები? სხეული მთელი ძალით ენერგიის ბალანსის აღდგენას ცდილობს, ამიტომ დაუძლურებული ადამიანი საუზმეზე, სადილსა და ვახშამზე სწრაფი ნახშირწყლების მიღებას ჩქარობს: ფუნთუშები, მაკარონები, რაღაც ტკბილეული სწრაფი ეფექტისთვის – ძალის ილუზია, რომელზეც ცოტა ხნით გაძლება შეიძლება.
თუ ამის ნაცვლად დილით სალათის მიღებას ეცდება, სამსახურში უბრალოდ ვერ წავა ან რამდენიმე დღიან მტანჯველ დიეტას დაარღვევს. ყურადღება მიაქციეთ: მაშინაც კი, როცა ძალა გაქვთ, საკმარისია ვერ გამოიძინოთ და მთელი დიეტა წყალში ჩაიყრება. ენერგიის დონე იკლებს და სხეული სწრაფად გამოკვებას ითხოვს, რომელიც აუცილებლად ზედმეტ წონას ქმნის.
რა გავაკეთოთ?
1. დაიძინეთ. დამატებითი ენერგიის მისაღებად ბევრი მეთოდი არ გვაქვს. ძილი ერთ–ერთი საუკეთესო წყაროა. ხარისხიანი ძილის დროს ჰორმონალური ბალანსი რეგულირდება, შიმშილის ჰორმონის წარმოება მცირდება და ჭარბი წონა ფიზიკური ძალისხმევის გარეშე იკლებს. რას ნიშნავს „გამოძინება“? დღეში მინიმუმ 8 საათი ძილი. გამოძინების კარგი მაჩვენებელი – ფაქტი, რომ მაღვიძარას გარეშე იღვიძებთ და დილით თავს მხნედ გრძნობთ.
2. არ ივარჯიშოთ. როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, გახდომის მსურველისთვის თირკმლის ცის დასუსტების დროს ვარჯიში უკუჩვენებულია. დატვირთვა დაღლილობას მხოლოდ ზრდის, ადამიანს ჩაკეტილ წრეში აგდებს. თავდაპირველად, ძილი დაარეგულირეთ და ძალები აღიდგინეთ (სწორი კვებით), ცხოვრების ნორმალური რიტმის დაბრუნების შემდეგ, როცა დილით თავს მხნედ გრძნობთ, შეგიძლიათ ვარჯიშზე დაფიქრდეთ.
საჭმლის მონელებაზე იზრუნეთ
კუჭის ცის დაუძლურება იწვევს ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა მუცლის ტკივილი, ნაწლავების არარეგურალური დაცლა, მუცლის შებერილობა. ჩინური მედიცინის თანახმად, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დარღვევისას ორგანიზმში სიცივე გროვდება: ამ პრობლემის დასავლური გაგება – საჭმლის მონელების და ნივთიერებათა ცვლის შენელება, დაგუბებული მდგომარეობა. სიცივის დაგროვებისას ორგანიზმი სითბოს ითხოვს, რაც შიდა პროცესებს გააღვიძებს.
ენერგეტიკულ ცვლას არაფერი არ ააქტიურებს ისე, როგორც შაქარი: ტკბილეული, გლუკოზა – სისხლში, უჯრედები – აღფრთოვანებული (დამატებით, ბუნებრივია, ზედმეტი კილოგრამები). სხეული გახურების და სიჩქარის ილუზიას ქმნის. ტკბილეულის რეგულარული მოხმარების ხარჯზე სისხლში შაქარი მკვეთრად მერყეობს, რის გამოც კუჭის ცის დასუსტებისას ადამიანი ისეთ შიმშილობას გრძნობს, თითქოსდა ახლა ხარს შეჭამს.
რა გავაკეთოთ?
1. უმი ხილი და ბოსტნეული არ მიირთვათ. დასუსტებული კუჭი ვერ იღებს პროდუქტებს, რომლებიც გასახდომად რეკომენდებულია. გარდა ამისა, ზამთარში, წლის ყველაზე ცივ სეზონზე, უმი პროდუქტები შინაგანი სიცივის დამატებითი წყაროა. ზოგიერთი ადამიანი პარადოქსულ სიტუაციაში ხვდება: ჯანსაღ საკვებს მიირთმევს, მაგრამ თავს უფრო სუსტად გრძნობს და წონაშიც მილიგრამობით იკლებს. ჩინელი ექიმები გირჩევენ, რომ ზამთარში უმი საკვების რაოდენობა შეამციროთ. საზაფხულო სალათები ზაფხულში უნდა მიირთვათ, ხოლო ზამთარში – მოხარშული, ორთქლზე მომზადებული ბოსტნეული, ჩირი, კომპოტი, ფაფა, წვნიანი, ლაბა, მოხარშული სალათები (საახალწლო მენიუ).
საჭმლის მონელების დარეგულირების პარალელურად ცხიმის წვა რომ გააქტიუროთ, საშუალოდ ყოველ 2,5-3 საათში იკვებეთ. პატარა ულუფები მიირთვით, მაგრამ ჭამის შემდეგ მწვავე შიმშილი არ უნდა დაგრჩეთ. მსუბუქი შეგრძნება, რომ კიდევ რაღაცას შეჭამდით – სადილობის შემდგომი სწორი სიგნალია. აი, ერთი კვების სამაგალითო მენიუ ოფისის თანამშრომელი გოგოსთვის (აქტიური ფიზიკური ვარჯიშის გარეშე):
- 150 გრ ბოსტნეული (მოხარშული, ორთქლზე მომზადებული, გამომცხვარი)
- 80 გრ ცილა (სამარხვო ხორცი, ქათმის ხორცი, თევზი)
- 80 გრ ნახშირწყლები (ნებისმიერი – მაკარონი, ბრინჯი, წიწიბურა, ფეტვი)
2. სნექებზე უარი თქვით. (სასარგებლო პროდუქტებზეც, როგორიცაა კაკალი და შავქლიავი). მუდმივად რაღაცის ღეჭვა, მით უფრო გაჯეტების ყურების ფონზე, შიმშილის/დანაყრების გრძნობას მთლიანად ანადგურებს. მხიარული რეკომენდაცია: ბანკეტზე ბევრი რომ ჭამოთ, შეუჩერებლივ უნდა იკვებოთ. როგორც კი, შეჩერდებით, საშუალოდ 20 წუთში ტვინი დანაყრების სიგნალს მიიღებს. სნექების მუდმივი ჭამისას ტვინი დანაყრების სიგნალს ვერ იღებს და წახემსება გადადის სადილში, შემდეგ ჩაის სმასა და სამხარში.
3. ყავაზე უარი თქვით. პროდუქტი, რომელიც არა მხოლოდ ნერვულ სისტემას ამხნევებს, არამედ კუჭს პირდაპირი გაგებით „წვავს“. ყავის დალევის თანამედროვე მოდა ნერვულ სისტემაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს, მაგრამ საჭმლის მომნელებელ ტრაქტზე კიდევ უფრო საშინელ გავლენას ახდენს.
გულის ცის აღდგენა
ჩინურ მედიცინაში ლამაზ ნათქვამში „გულის ამოწურვა“ მარტივი და ჩვეული სტრესი იგულისხმება. რეგულარული ნერვიულობის ფონზე წონაში ხან შეიძლება მოიმატოთ, ხან დაიკლოთ. ის, ვინც ვთქვათ უბედური სიყვარულის ფონზე გახდომას ცდილობთ, აკეთებს იმავეს, რასაც აკეთებდნენ მე-19 საუკუნის ექიმები, რომლებმაც რადიაციის შესახებ არ იცოდნენ: ისინი ხველის საწინააღმდეგო აბებს რადიუმით ნიშნავდნენ. რეგულარული სტრესის ფონზე ჯანმრთელობის და წონის შესანარჩუნებლად რეჟიმის დამყარება და ემოციებთან „დამეგობრება“ აუცილებელია.
რა გავაკეთოთ?
1. დაიძინეთ. დიახ, ვიმეორებ. არა მხოლოდ ფიზიკური ჯანმრთელობა, არამედ სულიერი მდგომარეობა პირდაპირ ძილს უკავშირდება. ადამიანი ბოლომდე ვერ ხვდება, ვინ არის, რა სურს, რას და რატომ აკეთებს, თუ რეგულარულად ძილი აკლია. დარწმუნებული ვარ, განქორწინების უმეტესობის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა, ორივე მეუღლსე ღამით კარგად რომ გამოეძინა. სწორედ ამიტომ, პირველ რიგში – საწოლში.
2. დამაბალანსებელი პრაქტიკა აითვისეთ. რა თქმა უნდა, როგორც ვარჯიში სინშენის მასწავლებელი, ციგუნის ამ მიმართულებას გირჩევთ. ბევრი ადამიანი მინახავს, რომლებმაც კლინიკური მდგომარეობის შემთხვევაშიც (დეპრესია, უძილობა) სიმშვიდე და პოზიტიური განწყობა დაიბრუნეს – ვარჯიშებით ხერხემლის მდგომარეობა უმჯობესდება და ნერვული სისტემების მუშაობა ფიზიოლოგიურ დონეზე წესრიგდება. ვარჯიშების შესრულება შეიძლება ე.წ. „პირადი შაბატი“ გახდეს: დღეში ერთხელ ყველა საქმეს გამოეთიშეთ, ტელეფონი 15 წუთით გათიშეთ და ივარჯიშეთ, დაძაბულობა მოიშორეთ.
თუ ყველა რეკომენდაციას დაიცავთ, 1 თვეში ახალი ადამიანი გახდებით როგორც გარეგნულად, ასევე ფსიქოლოგიურ დონეზე.
პატარა დეტალები
- მომავალში გახდით. ჩინურ მედიცინაში დროის ხაზის ცნება არსებობს. ჩვენ ამ უსასრულო ხაზზე ვიმყოფებით: უკან ჩვენი წარსულია, თითქმის პირველ წინაპრამდე, წინ – მომავალი, თითქმის ჩვენი დროის დასასრულამდე. მხოლოდ წინ, მომავალში სვლა შეგვიძლია. „ერთ წყალში ორჯერ ვერ შეხვალ“ – გსმენიათ? დრო, რომელიც წავიდა, ვეღარ დაიბრუნებთ. რა შუაშია გახდომა? შეუძლებელია დაიკლოთ და ისეთი გახდეთ, როგორიც, მაგალითად, გამოსაშვებ საღამოს იყავით. საჭირო კილოგრამდე ჩამოსვლისას თქვენი სხეული ისეთი აღარ იქნება, როგორც ადრე – ის ახალი, უფრო მშვენიერი ხდება. სწორედ ამიტომ, მეგობრებს ვურჩევ: ძველი კაბის ჩასაცმელად გახდომა აუცილებელი არაა. თუ კაბებით წარმატების გაზომვა გსურთ – ერთი ზომით პატარა კაბა იყიდეთ. დაე, ძვირადღირებული და ლამაზი იყოს, რომ უცხო თვალისგან მისი დამალვა დაგენანოთ. ასე სხეულზე პროცესი სწრაფად და უკეთ წარიმართება.
- სხეულის ლიმფოდრენაჟის მასაჟი – აქტუალური პროცედურა მათთვის, ვისაც გახდომა მიზნად აქვს. კილოგრამების დაკლებისას კანის ტონუსის მხარდაჭერა, მისი „დაჭიმვა“, მოქნილობის გაზრდა, თან „ფორთოხლის ქერქის“ მოშორება აუცილებელია. დაგჭირდებათ ჩვეულებრივი ჯაგრისი – ზედმეტად უხეში არა, მაგრამ განსაკუთრებით ნაზიც არ უნდა იყოს. მასაჟი შხაპის დროს გაიკეთეთ: ჯაგრისით მთელი სხეული ქვემოდან ზემოთ დაიმასაჟეთ, თითის წვერებიდან დაიწყეთ. წვივებზე, მუხლებზე, ბარძაყებზე გადადით – ჯერ ერთ ფეხზე, შემდეგ მეორეზე. კანი შეიძლება გაწითლდეს, მაგრამ სასიამოვნო და გამამხნევებელი შეგრძნება უნდა იგრძნოთ. შემდეგ ზემოთ: მუცელი, მკერდი (ფრთხილად), ლავიწიდან ყელამდე. ზურგიდან – ქვემოდან ზემოთ – სადამდეც მიწვდებით – დუნდულები, წელი, ზურგი, კისერი. ხელები: თითის წვერებიდან მხრებამდე. მთელი მასაჟი 5 წუთს წაგართმევთ. 1 თვიანი ასეთი პროცედურით გამაახალგაზრდავებელ ეფექტს დაინახავთ.