თავის მოვლა
გაიღვიძეთ შეშუპების გარეშე: ხრიკები სახის ტონუსის გასაზრდელად
ზოგჯერ ისე ხდება, რომ სარკეში კაშკაშა ლამაზმანს ხედავთ, მეორე დილით კი სარკიდან არც თუ ისე ლამაზი არსება გიყურებთ. ასეთი ცვლილებები მხოლოდ განწყობაზე დამოკიდებული არაა. სახის „დაუშნოების“ მიზეზი შეიძლება შეშუპება იყოს. რა უნდა გააკეთოთ, რომ დილით დასვენებულმა გაიღვიძოთ მაშინაც კი, თუ მთელი ღამე წვეულებაზე გაატარეთ?
სახის მასაჟი
აუცილებელი არაა, რომ ფეისბილდერი გახდეთ და სახის ფიტნესი დეტალურად შეისწავლოთ. დილით რამდენიმე მარტივი მოქმედება საკმარისი იქნება, რომ შეკავებული სითხე მოიშოროთ! მასაჟის გასამარტივებლად სახეზე კრემი ან კოსმეტიკური ზეთი წაისვით. ახლა თითებით თვალის ირგვლივ „რვიანი“ ჰორიზონტალურად მოხაზეთ. ასე 10 მოძრაობა გააკეთეთ, ძლიერად არ დააწვეთ. ახლა ორივე ხელისგული გადააჯვარედინეთ და ნიკაპიდან საფეთქლისკენ კანი 10-15-ჯერ გაჭიმეთ. შუბლისკენ გადადით: ორივე საჩვენებელი თითით კანი წარბებს შუა ადგილიდან საფეთქლებისკენ გაჭიმეთ (არა თითის ბალიშებით, არამედ მთლიანად გამართული თითით დააწექით). ბოლოს სახის ირგვლვ თმის ზრდის ზონა დაიმასაჟეთ. ესეც ასე! შეგიძლიათ ცივი წყლით სახე დაიბანოთ, თუ ამას აბაზანაში აკეთებთ.
თავის და კისრის მასაჟი
აქ რთული წესი არ არსებობს: უბრალოდ კისერი დაიმასაჟეთ ისე, როგორც შეძლებთ. განსაკუთრებული ყურადღება სახის ოვალის შემაერთებელ ზონას მიაქციეთ (ეცადეთ ქვემოდან ზემოთ იმოძრაოთ). თავის კანი არ დაგავიწყდეთ – თითებით 1-2 წუთით დაიმასაჟეთ. ასე სისხლის მიმოქცევას გააქტიურებთ, რაც სახეზეც დადებით გავლენას მოახდენს.
ჩაის ცერემონია
ერთი ჭიქა ყავა ბალახების ჩაით ჩაანაცვლეთ, რომელიც ორგანიზმს ჭარბი სითხის მოშორებაში დაეხმარება. თუ ბალახების ნაკრების მოყვარული არ ხართ, შესანიშნავი სიახლე გვაქვს: ასეთი ფიტოთერაპია 3 კვირაზე მეტხანს არ უნდა გაგრძელდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ორგანიზმი წყალთან ერთად სასარგებლო ნივთიერებებს დაკარგავს. ამის შესახებ უფრო დეტალურად ექიმი ნეფროლოგი გიამბობთ. მასთან ჩაეწერეთ, თუ შეშუპება სერიოზულად გაშფოთებთ.
ძილის რეჟიმი
სახის მასაჟის და გურუ ნიღბები შეგიძლიათ უსასრულოდ გამოიყენოთ, მაგრამ თუ მკაცრი გრაფიკით ცხოვრობთ და კარგად არ გძინავთ, სარკეში კვლავ შესიებულ სახეს დაინახავთ. დღეში მინიმუმ 7-8 საათით დაიძინეთ და ეცადეთ, დასაძინებლად შუაღამემდე დაწვეთ. ეს ყველამ ვიცით, მაგრამ რატომღაც არ ვასრულებთ. რეჟიმი დაიცავით, რომ საახალწლო დღესასწაულებზე და შემდეგ თავი ახლებულად ლამაზად იგრძნოთ.