Connect with us

ყვავილები

ბრილიანტის მწვანე და ნიშადურის სპირტი: პირველი დამხმარე საშუალებები აგარაკის მცენარეებისთვის

კარგი მოსავლის ასაღებად ყველა საშუალება კარგია – მთავარია, რომ ის უსაფრთხო და, სასურველია, ეკონომიური იყოს. ასეთ დევიზს მებოსტნეების უმეტესობა იცავს. სწორედ ამიტომ, მომავალი სეზონისთვის გირჩევთ შეიძინოთ ორი თეთრებად ღირებული სააფთიაქო საშუალება – ბრილიანტის მწვანე და ნიშადურის სპირტი. ისინი კულტურების ჯანმრთელობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ და უხვი მოსავლის გარანტი გახდებიან.

ბრილიანტის მწვანე

ბრილიანტის მწვანის ხსნარი ძლიერი ანტისეპტიკური საშუალებაა, რომელიც კანის დაავადებების, ჭრილობების და ნაკაწრების სამკურნალოდ გამოიყენება. სხვადასხვა პათოგენის მოქმედების დამთრგუნველი სააფთიაქო საშუალების მოქმედებების სპექტრი მხოლოდ ადამიანის ორგანიზმით არ შემოიფარგლება. ბრილიანტის მწვანე მცენარეებისთვის სხვადასხვა სოკოვანი ინფექციების საწინააღმდეგოდ წარმატებით შეგიძლიათ გამოიყენოთ.

კიტრის ფესვების ლპობა

ეს ძლიერი საშუალება კიტრის ფესვების ლპობის გამომწვევ მავნებლებზე დამღუპველ გავლენას ახდენს. ამ სახიფათო უსიამოვნებას თბილ დღეებში „ძინავს“ და ცივ, წვიმიან ან ძალიან ცხელ ამინდში მცენარეებს ელვისებურად უტევს. ბოსტნეული ასეთი უსიამოვნებისგან რომ დაიცვათ, არახელსაყრელ პირობებში ყოველ 5-7 დღეში კიტრის მთავარ ღეროს მიწიდან დაახლოებით 10 სმ სიმაღლემდე ბრილიანტის მწვანის ხსნარი ( 1 ნაწილი წამალი 2 ნაწილ წყალზე) წაუსვით.

ალტერნატიული მეთოდი: ფოთლების დამუშავება ყოველ 7-10 დღეში. ხსნარის მოსამზადებლად 10 ლ წყალს 10 წვეთი ბრილიანტის მწვანე დაუმატეთ. თუ მცენარეს ნაყოფიერების პერიოდში რწყავთ, ეს მორიგი პარტიის აღებისთანავე უნდა გააკეთოთ.

ნაცროვანი სოკო

სააფთიაქო მწვანე საშუალება გოგრის ოჯახის კიდევ ერთი გავრცელებული დაავადების, ნაცროვანი სოკოს მოშორებაში დაგეხმარებათ. უსიამოვნების პირველივე ნიშნებზე კიტრი, ყაბაყი, ბრტყელი ყაბაყი და გოგრა სამკურნალო ხსნარით უნდა დაამუშაოთ. 8 ლ წყალში 2 ლ რძის შრატი ან უცხიმო რძე და 5 მლ ბრილიანტის მწვანე გახსენით. ამ ხსნარით მცენარეები ყოველ 5-7 დღეში დაამუშავეთ, სანამ დაავადების სიმპტომები სრულად არ გაქრება.

ეს საშუალება ნაცროვან სოკოს კენკრის ბუჩქებზეც გაუმკლავდება: მოცხარი, ხურტკმელი და ჟოლო. ორივე შემთხვევაში პროცედურა დაავადების განვითარების საწყის ეტაპზე უნდა დაიწყოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ბრილიანტის მწვანე არაეფექტური იქნება.

პერონოსპოროზი

უფრო სახიფათო დაავადებაა ცრუ ნაცროვანი სოკო, რომელიც ხშირად კიტრსა და ხახვზე ჩნდება. უმჯობესია მზაკვარი პერონოსპოროზის გაჩენა არ დაუშვათ, ვიდრე მისი განკურნება სცადოთ. სწორედ ამიტომ, პროფილაქტიკის მიზნით სეზონზე 3-ჯერ მორწყეთ: კიტრი ყვავილობამდე ცოტა ხნით ადრე და ყვავილობის შემდეგ 7 დღიანი ინტერვალით 2-ჯერ, ხახვი – მაისსა და ივნისში 2 კვირიანი ინტერვალით. ამ შემთხვევაში 8 ლ წყალი, 2 ლ შრატი და 10 მლ ბრილიანტის მწვანე აურიეთ.

ფიტოფტოროზი

ფიტოფტოროზისგან პომიდვრის დაცვას თეთრებად ღირებული ბრილიანტის მწვანით შეძლებთ. ამ შემთხვევაშიც პროფილაქტიკა პირველ ადგილზეა. 10 ლ წყლისა და 3 მლ სააფთიაქო ანტისეპტიკის ნარევით პომიდორი ნიადაგში გადარგვიდან რამდენიმე კვირის შემდეგ დაამუშავეთ და ამის გაკეთება მოსავლის აღებამდე 10-12 დღიანი ინტერვალით გააგრძელეთ.

მარწყვის ნაცროვანი ლპობა

ხსნარით, რომელიც 9 ლ წყლის, 1 ლ რძის და 10 მლ ბრილიანტის მწვანით მზადდება, მარწყვს ნაცროვანი ლპობისგან დაიცავთ. ამავე ხსნარით ბუჩქებს ყვავილობამდე ცოტა ხნით ადრე და კიდევ 2-ჯერ, 10 დღიანი ინტერვალით ამუშავებენ.

გარდა ამისა, ბრილიანტის მწვანე ხსნარი (5 მლ 10 ლ წყალზე) შეგიძლიათ ფესვების ქვეშ (1 ლ ერთ ბუჩქზე) გამოიყენოთ. ასე მარწყვის ულვაშის ზრდას შეაფერხებთ და უფრო უხვი მოსავლის აღებას ხელს შეუწყობთ. ასე 12-14 დღიანი ინტერვალით 2-ჯერ, მარწყვის ყვავილობის პერიოდში და მისი დასრულებისთანავე გამოკვებეთ.

ბაღის მურაცხის შემცვლელი

ბრილიანტის მწვანე ხის ან ბუჩქის პატარა ტოტის მოჭრის დროს დაგეხმარებათ და ახალ გადანაჭერზე ინფექციების გავრცელებას თავიდან აგაცილებთ. ამისთვის, გადანაჭერ ტოტს ბამბის ჩხირით ბრილიანტის მწვანე წაუსვით.

გოგრის მოსავლის შენახვა

მწვანე ანტისეპტიკი გოგრის, ყაბაყის და ბრტყელი ყაბაყის შენახვის ვადას გაახანგრძლივებს. თუ ამ ბოსტნეულის ქერქი მოსავლის აღების ან ტრანსპორტირების დროს დაზიანდა, ნაკაწრებს ბრილიანტის მწვანე წაუსვით – ასე ნაკაწრების ლპობას თავიდან აიცილებთ.

ბოლქვიანი მცენარეების დაცვა

ბრილიანტის მწვანე ბოლქვიანი კულტურების მოსავლელად შეუცვლელია – გეორგინა, ზამბახი, ხმალა, შროშანი, ტიტა და ა.შ. ამ ძლიერი ანტისეპტიკით შეგიძლიათ დაამუშაოთ ახალი გადანაჭერი, დასარგავი მასალა, საეჭვო ლპობის მოშორების შემდეგ მცირე ჭრილობა.

ნიშადურის სპირტი

ალბათ, ნიშადურის სპირტი საგანგებო შემთხვევებისთვის სახლის აფთიაქში ყველას აქვს – მისი მძაფრი სუნი ადამიანს სწრაფად აფხიზლებს და მოწამვლის შემთხვევაში ღებინებას იწვევს. ამ უნიკალური თვისების გამოყენება მებოსტნეებმა უკვე დიდი ხანია დაიწყეს: ნიშადურის „არომატი“ სხვადასხვა მავნებლებს არ მოწონთ.

ეს სააფთიაქო საშუალება ამიაკის წყლიანი ხსნარია, ანუ ადვილად ათვისებადი აზოტის წყარო. სწორედ ამიტომ, ნებისმიერი მცენარის გამოსაკვებად შეგიძლიათ გამოიყენოთ. ასეთი სასუქის ოპტიმალური განსაკუთრებულობა – სრული უსაფრთხოება როგორც მცენარისთვის, ასევე ადამიანისთვის.

გამოკვება

ნიშადურის სპირტი მაღაზიის სასუქების (კარბამიდი, ამონიუმის ნიტრატი და სხვა აზოტის შემცველი პრეპარატები) შეძენაზე ფულის დაზოგვაში მნიშვნელოვნად დაგეხმარებათ. მცენარეების გამოსაკვებად 1 ს/კ ნიშადურის სპირტი 10 ლ წყალში გახსენით.

ღარიბ ნიადაგზე მცენარემ შეიძლება აზოტით შიმშილობის ნიშნები გამოავლინოს: ზრდის შეფერხება, ფოთლების დასუსტება, ფოთლების ღია მწვანე შეფერილობა ან გაყვითლება. ამ პირობებში ხსნარის მოსამზადებლად 10 ლ წყალში 3 ს/კ ან უფრო მეტი ნიშადურის სპირტი გახსენით, მაგრამ მაქსიმალურ კონცენტრაციას – 1 ჩ/კ 1ლ წყალზე არ გადააჭარბოთ. აზოტით ზედმეტად რომ არ გამოკვებოთ, ამიაკის დოზა წყალში თანდათანობით გაზარდეთ და შედეგებს დააკვირდით.

მცენარის ტილების საწინააღმდეგოდ

ნიშადურის სპირტის დახმარებით მცენარეებს ტილებს მოაშორებთ. ამ მიზნით 1 ვედრო წყალში 30-40 გრ გახეხილი საპონი გახსენით, 50 მლ ნიშადურის სპირტი დაუმატეთ და იმწამსვე დაზიანებული მცენარეები დანამეთ.

ბოსტანას და ტკაცუნა ხოჭოების მოსაშორებლად

ბოსტანას და ტკაცუნა ხოჭოებისგან ნერგების ნაზი ფესვების სისტემის დასაცავად დარგვამდე რიგები ამიაკის ხსნარით (10 მლ 10 ლ წყალზე) მორწყეთ და პროცედურა 7-10 დღეში კიდევ გაიმეორეთ. გამოცდილი მებოსტნეები ირწმუნებიან, რომ ეს ტექნიკა მცენარეებს მავნებლებისგან მთელი სეზონი დაიცავს.

ხახვის და სტაფილოს ბუზის მოსაშორებლად

სტაფილოს და ხახვის ბუზებს ნიშადურის სპირტის სუნი არ მოწონთ. ბოსტნეულის დასაცავად ამ ხსნარით მორწყეთ: 5 მლ სააფთიაქო პრეპარატი 10 ლ წყალში გახსენით და ყოველ 10-12 დღეში მორწყეთ. გაითვალისწინეთ, რომ ეს საშუალება აზოტის სასუქის სახით გამოდის, ამიტომ დამცავი პროცედურების ჩატარება ძირნაყოფის გავსებამდე დაასრულეთ.

ხახვის ცხვირგრძელას მოსაშორებლად

ამ მავნებლის ზემოქმედების გარეგნული ნიშანი – თეთრი ლაქები და ზოლები მწვანე ბუმბულებზე. ამ შემთხვევაში უფრო კონცენტრირებული ხსნარი დაგჭირდებათ – 25 მლ ნიშადურის სპირტი 10 ლ წყალზე. ასეთი ელექსირით ხახვი გაზაფხულზე და ზაფხულის პირველ ნახევარში 7-10 დღიანი ინტერვალით მორწყეთ.

კოღოებისა და ქინქლებისგან დასაცავად

ნიშადურის სპირტი სუფთა ჰაერზე, საღამოს ყოფნის დროს დაგეხმარებათ. ის კოღოებს და ქინქლებს მოგაშორებთ, რომლებიც ღამის პეიზაჟით ტკბობაში ხელს გიშლით. ღია აივანი ან ქუჩის გრძელსკამი ასეთი სამკურნალო საშუალებით დაამუშავეთ. უსიამოვნო სუნი სწრაფად გაქრება, მაგრამ მწერები მას მაინც იგრძნობენ და მოახლოებას ვერ გაბედავენ.

როგორც ხედავთ, ჩვეული და იაფი საშუალება საიმედო დამხმარე გახდება როგორც ბაღში, ასევე ბოსტანში. ბრილიანტის მწვანე და ნიშადურის სპირტი მცენარეებს სხვადასხვა უსიამოვნებისგან დაიცავს, ბიუჯეტს დაზოგავს და ძვირადღირებული საშუალებების შეძენისგან დაგიცავთ. სწორედ ამიტომ, აგარაკზე გამგზავრების წინ უახლოეს აფთიაქში შეიარეთ, რომ ამ თეთრებად ღირებული საშუალებების მარაგი შეავსოთ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.