Connect with us

ყვავილები

ბაღში შემოდგომაზე ვშრომობ, რომ გაზაფხულზე შროშანი, ზაფრანა და ტიტა უხვად აყვავილდეს

დღეს Alltime.ge-ს გიზიარებთ აგრონომების რჩევებს, როგორ მოამზადოთ ბაღი დაზამთრებამდე. მათი თქმით, ბაღში ბოლქვიანი ყვავილები შემოდგომაზე უნდა დარგოთ და არა გაზაფხულზე. ერთ–ერთი მიზეზი ისაა, რომ შემოდგომაზე მეტი დრო გვაქვს, ხოლო გაზაფხულზე დრო არ გვყოფნის, რადგან ხეს, სხვა მცენარეებს და ბოსტნეულს უნდა მივხედოთ.

მეორე მიზეზი ისაა, რომ შემოდგომაზე მავნებლების და ბაქტერიების რაოდენობა მცირდება. მათ კი ყვავილების დაზიანება შეეძლოთ. ბოლქვები მანამ დარგეთ, სანამ ჯერ კიდევ თბილა. დასარგავად შეგიძლიათ შროშანი, ზაფრანა და ტიტა გამოიყენოთ. შემოდგომის დასაწყისში მიწა საკმარისად ტენიანია, ამიტომ ფესვების სისტემა კარგად განვითარდება.

კიდევ ერთი უპირატესობა: მცენარის ამტანობის გაზრდა, ტემპერატურის ცვლილებების გამძლეობა. შემოდგომაზე დარგული ყვავილი სიცივეს უკეთ იტანს, ამიტომ გაზაფხულზე თოვლის დნობა და ყინვა ვერ შეაშინებს. შემოდგომაზე დარგული მცენარე თავისი ყვავილებით ძალიან მალე გაგახარებთ.

როგორც უკვე ვთქვით, შემოდგომაზე მიწა საკმაოდ ტენიანია, ამიტომ ხშირად მორწყვა არ დაგჭირდებათ. მთელი ზამთარი დასარგავი მასალის შენახვაც არ მოგიწევთ.

მცენარეების დარგვამდე მიწაზე სათანადოდ უნდა იზრუნოთ, რომ ყვავილები კარგად გაფესვიანდეს. მიწა გააფხვიერეთ და სასარგებლო სასუქით გაამდიდრეთ. ნაკვეთზე მზიანი მხარე შეარჩიეთ, რადგან ჩრდილში ბოლქვიანი ყვავილები კარგად ვერ აყვავილდება. იმის მიუხედავად, რომ ტიტას, ზაფრანას ან შროშანს ყოველწლიურად გადარგვა არ სჭირდება, ეს შესაძლებლობა მაინც გაითვალისწინეთ.

მიწა სარეველებისგან გაწმინდეთ და გააფხვიერეთ. დაუმატეთ ნატურალური სასუქი (კომპოსტი, ნეშომპალა) ან მინერალური სასუქი. არჩევანის გაკეთებისას ყვავილის სახეობის და მიწის მდგომარეობით იხელმძღვანელეთ. მჟავე მიწას სჯობს კირი, ხის ნაცარი ან დოლომიტის ფქვილი დაუმატოთ.

სასარგებლო რჩევა: დარგვამდე მიწას მდინარის გარეცხილი ქვიშა დაუმატეთ. ასე ყვავილს სიცივისგან დაიცავთ და მცენარე ფესვებს უკეთ გაიდგამს. თითოეულ ორმოს 3 სმ სიმაღლის ქვიშა დაუმატეთ.

დარგვამდე ბოლქვები კარგად დაათვალიერეთ. დაზიანებული და დამპალი ნიმუშები მოიშორეთ. ფუნგიციდებით დაამუშავეთ, ასე მიკრო მავნებლებისგან დაიცავთ.

ორმოს სიღრმეც ყურადღებით შეარჩიეთ. თუ ორმოს სიღრმე ძალიან დაბალია, მცენარე გაიყინება, ძალიან ღრმა ორმოში – დიდხანს განვითარდება და ცუდად იყვავილებს. ოპტიმალური სიღრმე, მცენარის მეზობლობა და სასუქის რაოდენობა და ტენიანობის დონე თითოეული მცენარის შემთხვევაში ინდივიდუალურია და დააზუსტეთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, თუ ყვავილები ნამდვილად გიყვართ.

შემოდგომაზე ყვავილების დარგვა მარტივი საქმე არაა. დაფიქრდით, თუ რომელი წესით სჯობს კლუმბის შექმნა. მაგალითად, სჯობს მაღალი მცენარეები ადრე დარგოთ, შემდეგ დაბალი. თან გაითვალისწინეთ, რომ დაბალ მცენარეებს მზის სინათლესთან წვდომა არ უნდა შეეზღუდოთ.

სექტემბერი–ოქტომბრის პერიოდში შეგიძლიათ დარგოთ შემდეგი ბოლქვიანი ყვავილები: პუშკინია, ნარგიზი, შროშანი, ზაფრანა, მუსკარი, ღვინა, ცისთვალა და ქიონოდოქსი. სუმბული ნამდვილი რეკორდსმენია, რომელიც შეგიძლიათ ნოემბრის დასაწყისამდე დარგოთ.

ამ სასარგებლო რჩევების გათვალისწინებით ბაღს ზამთრისთვის სწორად მოამზადებთ და ნაადრევ გაზაფხულზე უხვი ყვავილებით და სასიამოვნო არომატით ისიამოვნებთ.