ყვავილები
ბაღი ქილაში ან ფლორარიუმი: ეტაპობრივი ინსტრუქცია
ყვავილები სახლში ატმოსფეროს მყისიერად აცოცხლებს! თუ ბებია–ბაბუები კლასიკური მებაღეობით იყვნენ დაკავებულნი, ჩვენს დროში ბევრი უპირატესობას ფლორარიუმს ანიჭებს. ასე ეწოდება ბაღს ქილაში, რომელმაც წამყვანი დიზაინერების გული მოიგო. ასეთი სიამოვნება იაფი არ ღირს: ფასები პატარა ქილაზე 30 დოლარიდან იწყება. ფლორარიუმის საკუთარი ხელით გაკეთება უფრო მომგებიანია და Alltime.ge-ს რედაქცია გასწავლით, როგორ გააკეთოთ.
მინის გუმბათში დაცული ცოცხალი მცენარეები ხელოვნების ნიმუშს ჰგავს. რაც ყველაზე გასაკვირია, მოსავლელად უპრეტენზიოა. მთავარია, ლამაზი ჭურჭელი შეარჩიოთ და ფლორისტის 5 მცნება დაიცვათ.
ბაღი ქილაში
იცოდეთ, რომ ფლორარიუმი სამუდამო არაა, თუნდაც მრავალწლიანი მცენარე შეარჩიოთ! ჩვეულებრივ, ასეთი დახურული ეკოსისტემა 1–2 წელი არსებობს. თუ ყველა წესს იცავთ და მცენარეები მრავალწლიანია, შემდეგ დიდ ჭურჭელში უნდა გადარგოთ.
რომელი მცენარეები შევარჩიოთ
- უმარტივესით დავიწყოთ, ხავსი. ხავსი პარკშიც შეგიძლიათ იპოვოთ. ნიმუში მიწიანად აიღეთ. ამისთვის დანით ან ნიჩბით პატარაზე ძირი ამოთხარეთ.
- სუკულენტი და კაქტუსი. შეიძლება ითქვას, ფლორარიუმის ადგილობრივი მოსახლეა. ნელა იზრდება და უხვად მორწყვა არ სჭირდება.
- ფიკუსი (დიდი ფლორარიუმისთვის).
- ქლოროფიტუმი. ადვილად შეგიძლიათ გადარგოთ.
- ტრადექსანცია. გადარგვამდე მისი კალამი წყალში გააჩერეთ, რომ აღმოცენდეს.
- პატარა ფოთლოვანი მცენარეები: ასპლენიუმი, ასპარაგუსი, პილეა მიკროფილა, პეპერომია, ქამედორეა.
რისგან გავაკეთოთ ფლორარიუმი
ნებისმიერი ჰერმენტული ჭურჭელი გამოგადგებათ. მნიშვნელოვანია, რომ თავზე ეხურებოდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში დახურული ეკოსისტემის შექმნა არ გამოგივათ.
ნებისმიერი ზომის მინის და გამჭვირვალე პლასტმასის ჭურჭელი გამოგადგებათ. ლამაზი ქილებით დაწყებული და ლაბორატიული კოლბებით და დახურული ტერარიუმით დამთავრებული.
ბაღის დეკორი
დეკორის რაოდენობა ფლორარიუმის ზომაზეა დამოკიდებული. მნიშვნელოვანია, არ გადააჭარბოთ. მთლიანობაში, ნებისმიერი რამ შეგიძლიათ შეარჩიოთ: მინის ბურთი, სტატუეტი, ფერადი კენჭები, კერამიკა და ნიჟარები. გამოყენების წინ დეზინფექცია აუცილებლად სჭირდება, რომ პათოგენები და სპორები ფლორარიუმის სხვა მცენარეებს არ მოხვდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მცენარე დაიღუპება.
როგორ შევარჩიოთ მიწა
ამ ეტაპზე განსაკუთრებული პასუხისმგებლობა მოგეთხოვებათ! მიწის ბაზად ჩვეულებრივ იყენებენ ტორფის სუბსტრატს (70% ტორფი და 30% მინერალური სასუქი – ფოსფორი, აზოტი, კალციუმი).
დროთა განმავლობაში ტორფის გუნდა მცირდება და კედლებს შორდება. წყალს რთულად ატარებს და ფესვები იხრჩობა. სწორედ ამიტომ, ტორფის მასა მდინარის ქვიშით ან პერლიტით (ვულაკანური მინა)/ვერმიკულიტით (მინერალი) გააზავეთ.
დრენაჟი არ დაგავიწყდეთ. თუ ქილა დიდია და მცენარე ბევრი ან მსხვილი (მაგალითად, ფიკუსი), კერამზიტის სქელი ფენა დაგჭირდებათ. თუ ხავსი და კაქტუსია – თხელი. ხავსისთვის 2 სმ ფენა დრენაჟი საკმარისია, ხოლო ფიკუსისთვის – დაახლოებით 4 სმ.
როგორ მოვრწყათ ბაღი ქილაში
ზემოთ ჩამოთვლილი მცენარეები კვირაში 1–2–ჯერ მორწყეთ. ფლორარიუმი სჯობს ორ ეტაპად მორწყათ. წყლის ნაწილი დაასხით და მეორე დღეს დაელოდეთ.
თუ ქილა დაიორთქლა, ფოთლებზე სითხეა, სახურავი ახადეთ და ფლორარიუმს გაშრობის დრო მიეცით. თუ მეორე დღეს სითხე უკვალოდ შეიწოვა, კიდევ ერთხელ ცოტათი მორწყეთ. ზედმეტი არ დაასხათ, რომ ფესვები არ დაზიანდეს.
ყველა ეს დეტალი მნიშვნელოვანია, რომ ჰაერი და სითხე ჭურჭელში თანაბრად ტრიალებდეს. ამაზე მისი ბინადრების ჯანმრთელობაა დამოკიდებული. თუ ბალანსი დარღვეულია და მცენარე ავადდება, უბრალოდ მიწაში გადარგეთ. ასე გადაარჩენთ. ამის თავიდან ასაცილებლად ფლორარიუმი მზისგან მოშორებით შეინახეთ და ზედმეტი წყალი არ დაასხათ. ქილაში პირადი ბაღის შექმნაში წარმატებას გისურვებთ!