საკითხავი
არომატული ჩაი ჟოლოს ფოთლებით: მომზადების ინსტრუქცია
ჟოლოს ფოთლების ჩაი ძალიან სასარგებლოა, ამიტომ მისი მომზადება უნდა იცოდეთ, თუ მცენარეული ჩაი გიყვართ. Alltime.ge–ს რედაქცია ჟოლოს ფოთლების სწორად გახმობას გასწავლით. წაიკითხეთ, ჩაი მოამზადეთ და შესანიშნავი გემოთი დატკბით!
მცენარეული ჩაის საუკეთესო ვარიანტი შეგიძლიათ პიტნის, ბარამბოს, ცაცხვის და ჟოლოს ფოთლების ნაკრებისგან მოამზადოთ. პიტნის, ბარამბოს და ცაცხვის მომზადება ადვილია, მაგრამ ჟოლოს ფოთლების დამუშავებას დრო სჭირდება. პირველ რიგში, მზა ფოთლების პოვნა გაგიჭირდებათ. თუ აგარაკი გაქვთ, ან ნათესავი სოფელში ცხოვრობს, რამდენიმე ჟოლოს ფოთოლი სთხოვეთ, როცა კენკროვან ბუჩქს გასხლავს.
ჟოლოს ფოთლებიც ისეთივე სასარგებლოა, როგორც მისი ნაყოფი. გირჩევთ, არ გადაყაროთ და მხოლოდ მცენარეების სასუქად არ გამოიყენოთ. გაახმეთ და სასარგებლო ჩაი მოამზადეთ! მის არომატზე ნებისმიერი სურდო გარბის.
ჟოლოს ფოთლები შეიცავს А, В, С, Н, РР ვიტამინებს, კალიუმს, გოგირდს, ნატრიუმს, ქლორს, სპილენძს, მაგნიუმს, ნიაცინს, კალციუმს და სალიცილატს. სალიცილატი სასუნთქი გზების პრობლემებთან საბრძოლველად ეფექტურია. მოწამვლის დროს ჟოლოს ფოთლების ნახარში დაგეხმარებათ.
ჟოლოს ფოთლები კოსმეტოლოგიაში, მაგალითად, სახის ნიღბად გამოიყენება. კანის ფერს აუმჯობესებს, ტონუსს მატებს და სასარგებლო ნივთიერებებით ამდიდრებს. ნაოჭებიც გასწორდება. თმის ზრდას ააქტიურებს და მის სტრუქტურას აძლიერებს.
ჟოლოს ფოთლების გახმობა
პიტნა, ბარამბო და ცაცხვი შეგიძლიათ მზეზე გაახმოთ და შემდეგ ქილებში შეინახოთ. დაგჭირდებათ ჟოლოს ზედა ფოთლები, ანუ ყველაზე მზიანი და მწვანე. ფოთლები ქილებში მჭიდროდ ჩააწყვეთ.
მაქსიმალურად ჩატკეპნეთ. ქილა მზიან მხარეს ეზოში გაიტანეთ და 1 დღე გააჩერეთ. ამის შემდეგ საყინულეში 1 დღით შეინახეთ. ბოლოს საყინულიდან გამოიღეთ, საცხობ ფორმაზე თანაბრად გაანაწილეთ და ღუმელში გამოაშრეთ. სხვა მეთოდი: ფოთლები ლანგარზე გაშალეთ, პირსახოცი დააფარეთ და მზეზე გააშრეთ, შემდეგ დააქუცმაცეთ და კონტეინერში შეინახეთ. 2 დღეში ფოთლები გახმება და ჩაის მომზადებას შეძლებთ!
კიდევ ერთი ვარიანტი: გაყინული ჩაი ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ, თუ გრანულებიანი ჩაის მომზადება გსურთ. შემდეგ ქილაში შეინახეთ. ფინჯანშიც დიდებულად გამოიყურება! მცენარეული ჩაის მოსამზადებლად ჟოლოს შეგიძლიათ დაუმატოთ პიტნა, ბარამბო, ცაცხვი, ლავანდის ფოთლები, ვარდის ფურცლები, ჰიბისკუსის ყვავილები. მთავარი აქცენტი ჟოლოზე უნდა გაკეთდეს, რადგან საოცარი არომატი და ლამაზი ფერი აქვს.
საყვარელი ბალახების ჩაის რეცეპტები გაგვიზიარეთ. დროა არომატული ჩაი მოამზადოთ! შესაძლოა, სწორედ ჟოლოს ფოთლების ჩაი თქვენი ფავორიტია? გვიამბეთ, როგორ აკეთებთ!