საკითხავი
ამ მეთოდით თუჯის გისოსებს ჟანგს და ნადებს მარტივად ვაშორებ
ქურის გაჭუჭყიანება, მისი გისოსების გარეგნობის შელახვა – ეს პრობლემები ნაცნობია დიასახლისებისთვის, რომლებიც კერძებს ხშირად ამზადებენ.
ყოველთვის ვერ აკონტროლებთ მომზადების პროცესს, ამიტომ ხან რძე გადმოვა, ხან ცხიმის ნაჭრები ტაფიდან გადმოვარდება და ზედაპირს გააცხიმიანებს, ხან მაკარონის წყალი ადუღდება და შხეფებს ისვრის. ხშირად დროის უქონლობის გამო ზედაპირს უბრალოდ სველ ჩვარს ვუსვამთ და ამით ვამთავრებთ. არაფერს ვამბობთ ქურის გისოსებზე, რომელზეც დროთა განმავლობაში ცხიმი, მტვრის ფენა და ნამწვი გროვდება. როგორ გავუმკლავდეთ?
Аlltime.ge–ს რედაქცია გასწავლით წმენდის ეფექტურ მეთოდს, რომლის დახმარებით თუჯის გისოსებს იდეალურ გარეგნობას და სისუფთავეს დაუბრუნებთ.
თუჯის გისოსები
თუ ქურის განახლება გსურთ, მაღაზიაში ახალი გისოსების შესაძენად არ გაიქცეთ. თავდაპირველად, ძველი გისოსების განახლება სცადეთ. თუ ქურა პატარაა, გისოსები ჭურჭლის სარეცხ მანქანაში მაღალ ტემპერატურაზე შეგიძლიათ დაორთქლოთ.
ამის შემდეგ ნადებს აბრაზიული ღრუბლით მარტივად მოაშორებთ. თუმცა ამ შემთხვევაში ჭურჭლის სარეცხი მანქანის გაწმენდაც შეიძლება მოგიწიოთ.
თუ ქურა დიდია და ჭურჭლის სარეცხი მანქანა არ გაქვთ, ჩვენი ხრიკი სცადეთ. უნივერსალური მეთოდი ნებისმიერი ზომის გისოსის გასაწმენდად გამოგადგებათ.
დაგჭირდებათ
1. საკვები სოდა. დაახლოებით 2–3 შეფუთვა. რაოდენობა დამოკიდებულია იმაზე, რა ხარისხის ჭუჭყთან და რა ზომის გისოსთან გვაქვს საქმე.
2. ბევრი მდუღარე წყალი. ამის გარეშე გისოსების გარეცხვა გაგიჭირდებათ.
3. რეზინის ხელთათმანი. თქვენს მშვენიერ ხელებზე კანს გაუფრთხილდით, მათ დაცვაზე აუცილებლად იზრუნეთ.
4. ალუმინის ფოლგა. ბევრი დაგჭირდებათ, ამიტომ ამ უნივერსალური საშუალების მომარაგებაზე იზრუნეთ.
5. სარეცხი ნეჭა. (რკინის ღრუბელი). მისი დახმარებით ჭუჭყის მოშორებას შეძლებთ.
6. შპატელი. ამ ხელსაწყოთი გისოსებს ჭუჭყს მარტივად მოაშორებთ.
7. ქაღალდის სტეპლერი. სკრეპიც გამოგადგებათ ან უბრალოდ გვერდები გადაკეცეთ.
როგორ გავწმინდოთ თუჯის გისოსები სახლის პირობებში
პირველ რიგში, ფოლგის აბაზანა გააკეთეთ. გისოსი გაშლილ ფოლგაზე ცენტრში დადეთ. თითოეული მხრიდან მინიმუმ 10 სმ თავისუფალი ადგილი დატოვეთ. ეს გვერდების გასაკეთებლად საჭიროა.
კუთხეები ასწიეთ. მიღებული გვერდები სტეპლერით დაამაგრეთ ან სკრეპი გამოიყენეთ. ახლა გისოსი ამოიღეთ და მიღებულ აბაზანაში კიდევ რამდენიმე ფენა ფოლგა ჩააფინეთ, რომ წყალმა არ გამოჟონოს.
გისოსი ფოლგის აბაზანაში ჩადეთ. ბევრი სოდა მოაყარეთ და ცხელი წყალი დაასხით. გისოსი წყალში უნდა ჩაიძიროს. გისოსი აბაზანაში აქეთ–იქით ატრიალეთ, რომ სოდის ხსნარი კარგად აირიოს. ამ ხსნარში გისოსი 3 საათი გააჩერეთ.
ვადის გასვლის შემდეგ გისოსს ცხელი წყალი გადაავლეთ და შპატელით ჭუჭყი მოაშორეთ. შემდეგ სუფთა რკინის ღრუბლით გახეხეთ და დარჩენილი ჭუჭყი მოაშორეთ. ისევ წყალი გადაავლეთ. გისოსები იდეალურად სუფთაა. ამ მეთოდით ნებისმიერი ხარისხის ჭუჭყს ეფექტურად გაუმკლავდებით.