Connect with us

ყვავილები

ამპარტავან მეზობელს დავუმტკიცე, რომ „ზარმაცი“ ყვავილების ბაღი არსებობს

ფერადი და უპრეტენზიო ხავერდების მძაფრი სუნი ივნისიდან და ყინვების დაწყებამდე სიამოვნებას გვანიჭებს. როგორ მოვიქცეთ, თუ ისინი უკვე მოგვბეზრდა? რომელი დაბალი და ლამაზი ყვავილები ავარჩიოთ ბაღისთვის, რომ გარემო განვაახლოთ? ამას Alltime-ს სტატიიდან გაიგებთ.

ბაღის ლამაზი ყვავილები

კვირისტავა

ნარინჯისფერი, თეთრი, ყვითელი და ვარდისფერი კვირისტავა თავშეკავებული სილამაზის ნამდვილი განსახიერება და ბაღის მშვენიერი დეკორაციაა. მთელი რიგი მიზეზები არსებობს, თუ რატომ უნდა შეიყვარონ ეს ყვავილი მეყვავილეებმა.

ფერების მრავალფეროვნება უკვე აღვნიშნეთ. აქვე დავამატებთ ჯიშების მიხედვით სხვადასხვა სიმაღლეს (რაც კომპოზიციების შესაქმნელად მოსახერხებელია), უპრეტენზიობას, დამტვერავი მწერებისთვის მიმზიდველობას და დიდხანს ყვავილობას.

აღსანიშნავია, რომ გადაჭრილი კვირისტავა წყალში კარგად ძლებს და თავის სიკაშკაშეს დიდხანს ინარჩუნებს.

რუდბეკია

რუდბეკია – რთულყვავილოვანი, ორბლებნიანი მცენარეთა ოჯახის კიდევ ერთი მშვენიერი წარმომადგენელი. საკმარისია დასათესად მზიანი ადგილი შეარჩიოთ, მოვლა არ სჭირდება.

დარგვისას ბუჩქებს შორის 30-40 სმ დისტანცია დაიცავით. ფესვების გადგმის შემდეგ „შავთვალა გვირილას“ ყინვა არ აშინებს და თავისი ფერადი ყვავილებით 3-5 წელი გაგახარებთ.

პეტუნია

მებაღეების ერთ–ერთი საყვარელი ყვავილი, რომელიც ჩვენთან სამხრეთ ამერიკის ტროპიკული ტყეებიდან შემოვიდა. დღესდღეობით 40–ზე მეტი პეტუნიას სახეობა არსებობს, რომელთაც სხვადასხვა ფორმა და ყვავილი აქვთ.

ტროპიკულ ყვავილს ღია მიწაში მაისის მეორე ნახევარში რგავენ, როცა ყინვების საფრთხე აღარაა. პეტუნია შუა ივნისიდან ოქტომბრამდე ყვავილობს.

ეშოლცია ან კალიფორნიული ყაყაჩო

მრავალწლიანი მცენარე ყაყაჩოს ოჯახიდან ნებისმიერ ბაღს დაამშვენებს. მცენარე უპრეტენზიოა. შეგიძლიათ პირდაპირ ღია მიწაში დათესოთ, ყოველგვარი გაღვივების გარეშე.

ყვითელი, წითელი ან კრემისფერი ყვავილების დიამეტრი 5-9 სმ–ს აღწევს. ზაფხულის დასაწყისიდან შემოდგომამდე ყვავილობს.

ეშოლცია კარგად იტანს გვალვას, აი, ზედმეტი მორწყვა ან ძლიერი ქარი ცემინებას აწყებინებს. აუცილებლობის შემთხვევაში, სჯობს საღამოს მორწყათ, როცა ყვავილები დახურულია.

დელფინიუმი

დელფინიუმს ან დეზურას 40 გრადუსამდე ყინვის გაძლება შეუძლია. მისი მდიდრული ყვავილები ნათელ, ფერად აქცენტს აკეთებს და ბაღს ნამდვილად არისტოკრატულს ხდის. „ცისფერი ყვავილების მეფე“ თავდაჭერილ ინგლისელებს ტყუილად არ უყვართ.

დევისპირა

ენით აღუწერელი სილამაზის ყვავილი ბევრი მეყვავილის ფავორიტია. დევისპირას ჯიშები სიმაღლით და ყველა შესაძლო ფერებით განსხვავდებიან. ამავდროულად, მცენარეს რთული მოვლა არ სჭირდება. მისი სურნელოვანი ყვავილები ივნისიდან ყინვების დაწყებამდე გაგახარებთ.

თხელფოთლოვანი ხავერდა

თუ ხავერდა გიყვართ და სასარგებლო თვისებების გამო აფასებთ, გირჩევთ ბაღის განახლებისას მასზე უარი არ თქვათ.

ყვავილების მაღაზიაში შეგიძლიათ თხელფოთლოვანი ხავერდას თესლი შეიძინოთ. ეს მცენარე მისი უფრო გავრცელებული სახეობის ზოგიერთ თვისებას ინარჩუნებს, მაგრამ სრულიად ახლებურად გამოიყურება.

მსხვილი ბუჩქები პატარა ყვითელი ყვავილებისგან შემდგარ დიდ ქუდს ჰგავს და ლიმონის ნაზი არომატით გვიზიდავს. ხავერდა შუა ივნისიდან ყინვების დაწყებამდე ყვავილობს.

როგორც ხედავთ, ლამაზი ყვავილების ბაღის შესაქმნელად მთელი დღე კლუმბებში გატარება აუცილებელი არაა. ამაში კი ლამაზი და უპრეტენზიო ყვავილები დაგეხმარებათ. მთავარია, კარგად მოიფიქროთ, თუ სად მოაწყობთ კლუმბს და რომელ მცენარეს დათესავთ. ყველაფერი თქვენს ხელშია!