ჯანმრთელობა
ალოეს 10 სასარგებლო თვისება: აფთიაქი თქვენს ფანჯრის რაფაზე
ალოე ვერა ბევრ სახლში ფანჯრის რაფებს ტყუილად არ ამშვენებს. ბევრმა დიასახლისმა იცის, რომ ეს ცნობილი მცენარე ნამდვილი მკურნალია. მასში ხომ 200-ზე მეტი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერება შედის, რომელთაგან თითოეული თავისებურად სასარგებლოა. ალოეში შედის ბევრი მიკროელემენტი და ვიტამინი, მათ შორის A, E, C და B ჯგუფის ვიტამინები, ანტიოქსიდანტები და ამინომჟავები. გაითვალისწინეთ, რომ მცენარის მინიმუმ 3 წლის, ქვედა, მსხვილი ფოთლები უნდა გამოიყენოთ.
Alltime.ge–ს რედაქცია გთავაზობთ ამ სასწაული მცენარის გამოყენების 10 პოპულარულ მეთოდს. მას სამართლიანად შეგიძლიათ უწოდოთ მინი აფთიაქი ფანჯრის რაფაზე.
1. ჯანმრთელი და ძლიერი თმისთვის
ალოე ვერას ნიღბები და მასაჟი თმის ზრდას და ძირების გაძლიერებას ხელს უწყობს. ქერტლის და კანის ქავილის მოსაშორებლად დაგეხმარებათ შემდეგი ნარევი: 2 ს/კ ალოეს წვენი, 2 ჩ/კ თაფლი, 2-3 წვეთი ლიმონის წვენი და 1 ჩ/კ აბუსალათინის ზეთი. ნარევი ორთქლზე შეათბეთ და აურიეთ, შემდეგ თმაზე და სკალპში შეიზილეთ. 30 წუთში თბილი წყლით და შამპუნით ჩამოიბანეთ.
2. სუფთა და მკვრივი კანისთვის
შინაურულ ნიღბებს ალოეს შემადგენლობით ინტენსიური დამატენიანებელი მოქმედება აქვს. ასეთი ნიღბის შემდეგ კანი უფრო სუფთა, დასვენებული და ბზინვარეა. ეს ძვირადღირებული კრემების და ლოსიონების შესანიშნავი ალტერნატივაა, რომელთა შემადგენლობაში ალოე ხშირად შედის. ნაოჭების შესამცირებლად ალოეს წვენი და ნებისმიერი მცენარეული ზეთი აურიეთ და პრობლემურ ზონაზე თითების ტყაპუნით წაისვით.
3. მზის და მცირე საყოფაცხოვრებო დამწვრობის, დაჟეჟილობის დროს
ალოე ვერას წვენი მზისგან დამწვარი კანის სწრაფად აღდგენაში დაგეხმარებათ. ამ სამკურნალო მცენარეს ტკივილგამაყუჩებელი და გამაგრილებელი ეფექტი აქვს, ქსოვილების ერთგვაროვნად, დამწვრობის კვალის გარეშე, შეხორცებას ხელს უწყობს.
მცირე ჩალურჯება სწრაფად გაქრება, თუ დაჟეჟილ და შეშუპებულ ადგილას გაჭრილ ალოეს ფოთოლს დაიფენთ.
4. ფეხის ნაზი კანისა და კოჟრებისთვის
აბაზანის შემდეგ ფეხი კრემის და ალოეს წვენის ნარევით დაიმასაჟეთ. ასეთი დანამატი ფეხის კანს ჩვილი კანივით ნაზს გახდის. კოჟრების მოსაშორებლად ალოეს ფოთოლი (ქერქი მოაშორეთ) კოჟრზე დაიდეთ და მთელი ღამე გაიჩერეთ. კოჟრი დარბილდება და მის მოშორებას მარტივად შეძლებთ.
5. დამხმარე საშუალება აკნეს და კანის დაავადებების დროს
გამონაყარი უკვალოდ რომ მოიშოროთ, სახე დილა–საღამოს ალოეს წვენით გაიწმინდეთ. ჰერპესის საწყის სტადიაზე დაზიანებულ ადგილას გაჭრილი ალოეს ფოთოლი 15 წუთით დაიფინეთ. წინასწარ ალოეს ფოთოლი 1 საათით საყინულეში შეინახეთ. თუ ჰერპესს სამკურნალო მალამოთი მკურნალობთ, ვირუსზე გამარჯვების შემდეგ ალოე ნაწიბურების მოშორებაში დაგეხმარებათ. ფსორიაზის დროს დამამშვიდებელ საშუალებად გამოიყენეთ.
6. ალოეს წვენი ორგანიზმის გასაძლიერებლად და მხედველობის გასაუმჯობესებლად
მარტივი შემადგენლობა, რომელმაც თავი კარგად დაამტკიცა. თუ რაიმე სერიოზული ქრონიკული დაავადება ან სხვა სამედიცინო უკუჩვენება არ გაქვთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ.
აკადემიკოს ფილატოვის რეცეპტი: 100 გრ ალოეს წვენი, 500 გრ გასუფთავებული ნიგოზი, 300 გრ თაფლი, 250 გრ ლიმონის წვენი. ალოეს ფოთლები 10 დღე მაცივარში შეინახეთ, შემდეგ წვენი გაწურეთ. ყველა ინგრედიენტი აურიეთ და 1 ჩ/კ ნარევი დღეში 3–ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე დალიეთ.
რეკომენდებულია, ალოეს შემცველი სამკურნალო საშუალებები 1–2 კვირა მიიღოთ, შემდეგ მინიმუმ 1 თვე შეისვენოთ.
7. ხველის დროს
გაციების დროს ხველის საწინააღმდეგოდ სხვა პრეპარატებთან ერთად ალოეს ხშირად იყენებენ. მას შესამჩნევი ამოსახველებელი ეფექტი აქვს.
8. უბრალო სურდოს დროს
ალოეს წვენი წვეთებით მიიღეთ. წვენი გაწურეთ და თითოეულ ნესტოში 2 წვეთი ალოეს წვენი დღეში 4-ჯერ ჩაიწვეთეთ. როგორც წესი, პროცედურა, ცემინებას იწვევს. წვენი ცხვირის სინუსებს წმენდს, სუნთქვას აადვილებს და ანთებას აქრობს.
9. პირის ღრუს და ღრძილების ჯანმრთელობისთვის
პირის ღრუს და ღრძილების დაავადებების დროს ალოეს წვენი და წყალი 1:1 პროპორციით აურიეთ და პირის ღრუში გამოივლეთ.
10. მწერების ნაკბენზე
ალოეს ფოთოლი გადაჭერით და მიღებული წვენი კოღოს ნაკბენზე წაისვით. მცენარის წვენი ქავილს ამცირებს და სწრაფად შეხორცებას ხელს უწყობს.