Connect with us

ჯანმრთელობა

ადამიანთა 4 კატეგორია, რომელთათვისაც ჯანჯაფილის მოხმარება არაა რეკომენდებული

თქვენ, ალბათ, გაგიგიათ ჯანჯაფილის უამრავი სამკურნალო თვისების შესახებ. იგი შესანიშნავად გვეხმარება საჭმლისმომნელებელი სისტემის დარღვევების დროს, რამდენადაც ჯანჯაფილი მდიდარია ფერმენტებით, რომლებიც მონაწილეობს საკვების მონელებასა და ორგანიზმიდან ტოქსიკური ნივთიერებების გამოდევნაში. თუმცა, უნდა იცოდეთ, რომ ჯანჯაფილი ნებისმიერ სიტუაციაში არაა სასარგებლო. მოდით, გავიგოთ, რა შემთხვევაში უნდა თქვათ უარი ამ პროდუქტზე.

1. სისხლის შედედებასთან დაკავშირებული პრობლემები

ჯანჯაფილს შეუძლია სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება სისხლის რეოლოგიური თვისების გაუმჯობესების გზით. ეს დადებით გავლენას ახდენს დაავადების მსვლელობაზე იმ პაციენტებში, რომლებსაც აწუხებთ სიმსუქნე, შაქრიანი დიაბეტი, პერიფერიული არტერიების დაავადებები. თუმცა, ადამიანებისთვის, რომლებსაც სისხლის შედედებასთან დაკავშირებული პრობლემები(ჰემოფილია, ვილებრანდის დაავადება) აქვთ, ჯანჯაფილის მოხმარება აკრძალულია, რადგან ეს უკანასკნელი ზრდის სისხლდენის ხანგრძლივობას.

2. ფეხმძიმობა

მიუხედავად იმისა, რომ ჯანჯაფილი არეგულირებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და ძვალ-კუნთოვანი სისტემის ფუნქციონირებას, ფეხმძიმობის დროს მაინც არაა რეკომენდებული ამ პროდუქტის გამოყენება. ეს იმიტომ, რომ კოჭას საშვილოსნოს მუსკულატურის შეკუმშვა და ნაადრევი მშობიარობის გამოწვევა შეუძლია.

3. გარკვეული პრეპარატების გამოყენება

უნდა მოერიდოთ კოჭას მიღებას, თუ გადიხართ გარკვეულ მედიკამენტოზური მკურნალობის კურსს შაქრიანი დიაბეტისა და არტერიული ჰიპერტენზიის დროს, რადგან ჯანჯაფილს შეუძლია ინსულინის, ბეტა-ბლოკატორებისა და ანტიოაგულანტების ეფექტის პოტენცირება, მათი კომბინაცია კი გამოიწვევს ჰიპოგლიკემიასა და ჰიპოტენზიას.

4. გასტროეზოფაგეალური რეფლუქსური დაავადება

დიდი რაოდენობით ჯანჯაფილის მიღება ასოცირდება გულძმარვასთან – საყლაპავ მილში წვისა და დისკომფორტის შეგრძნებასთან. გულძმარვა ერთ-ერთი დამახასიათებელი სიმპტომია გასტროეზოფაგეალური რეფლუქსური დაავადებისა და რეფლუქს-ეზოფაგიტისა. თუ ერთ-ერთი ამ დაავადებათაგანი გჭირთ, კოჭას მოხმარება არაა რეკომენდებული.

იმედია, ეს ინფორმაცია გართულებებს თავიდან აგაცილებთ. თუ რაციონში გარკვეული პროდუქტის ჩართვასთან დაკავშირებით კითხვები გაქვთ, გაიარეთ კონსულტაცია დიეტოლოგთან.